თამარ ჩუგოშვილი – ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ იყო განსაკუთრებული მხარდაჭერა და აღიარება

„ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ იყო განსაკუთრებული მხარდაჭერა და აღიარება“, - ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომელმაც ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების ფაქტი შეაფასა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ჩუგოშვილის თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, პირველად ხდება, როდესაც ევროპარლამენტმა შეაფასა საქართველო, თუ როგორ ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამასთან, ევროპარლამენტმა შეაფასა არა მარტო საქართველო, არამედ მოლდოვა და უკრაინა.

„დებატებიდან და თვითონ ანგარიშიდან გამომდინარე, ძალიან დიდი განსხვავებაა, თუ როგორ საუბრობს ევროპარლამენტი ჩვენზე და როგორ საუბრობს სხვა ქვეყნებზე. ჩვენს მიმართ ცალსახად ძალიან დიდი მხარდაჭერაა, ძალიან პოზიტიურია შეფასებები. ეს ბუნებრივია არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ყველაფერი იდეალურადაა. გუშინაც იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ რეფორმები იმისათვის, რომ კიდევ უფრო წარმატებულად და ეფექტურად მივდიოდეთ ევროინტეგრაციისკენ. მე ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმით, რომ ქვეყანა იყო წარმოჩენილი ძალიან კარგად დებატებზე, საქართველოს მიმართ იყო განსაკუთრებული მხარდაჭერა, განსაკუთრებული აღიარება ჩვენს მიერ გავლილი გზის და ვფიქრობ, ყველას გვაქვს საფუძველი ამით ვიამაყოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ამით არ უნდა დაკმაყოფილდეს და დაუღალავი მუშაობა უნდა გააგრძელოს. კერძოდ, იქ, სადაც არ გვაქვს ასეთი შედეგები, სადაც ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.„გუშინ დებატებს ესწრებოდა ევროკომისარი ბატონი ჰანი, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა და ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა თუ რა მიმართულებით აქვს საქართველოს დამატებითი ენერგია ჩასადები. ერთ-ერთი ასეთი იყო პარლამენტის გაძლიერება და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება და მე ნამდვილად ვიზიარებ ამას. ჩვენ ნელ-ნელა საპარლამენტო სისტემაზე გადავდივართ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად იმისთვის, რომ ჩვენ შევდგეთ როგორც გამართული საპარლამენტო ქვეყანა, მნიშვნელოვანია, საპარლამენტო კონტროლი იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ის დღესაა“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, იმ საკითხებზე, რაც მოქალაქეებს აწუხებთ, ყველაფერს პასუხი პარლამენტში უნდა გაეცეს. „ჩვენ ვმუშაობთ ამ რეფორმებზე. ვმუშაობთ მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელებაზე, ვმუშაობთ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე, ვმუშაობთ სხვა და სხვა საკითხზე, რომელიც ჩამოთვლილია ამ რეზოლუციაშია. მაგალითად, სექსუალური შევიწროების თემა, დისკრიმინაციის კანონმდებლობის კიდევ უფრო გამართვა და ა.შ. ეს ჩვენი სამუშაო პროცესია, ყოველდღიური საქმეა და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით იმაზე უფრო სწრაფად ვაჩვენებთ შედეგებს, ვიდრე ჩვენი ევროპელი კოლეგები ელოდებიან და წარმოიდგენენ, რომ შევძლებთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა