ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები მცირერიცხოვან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით.
მათი შეფასებით, საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს. პროტესტის მონაწილეთა განცხადებით, ამას ადასტურებს ის განცხადებებიც, რომლებიც დილიდან „ქართულ ოცნებაში“ კეთდებოდა არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით.
ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთათვის ხელოვნური ბარიერის შექმნას ისახავს მიზნად, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მარტივად მოახერხოს არჩევნების გაყალბება და ელექტორატის დიდმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოახერხოს.