დავით ზალკალიანი - ევროინტეგრაციის პროცესი წარმოადგენს ნდობის აღდგენის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს

ევროინტეგრაციის პროცესს მთლიანობაში ჩვენ განვიხილავთ, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დანიის სამხედრო სწავლების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გამართა საქართველოსთან და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საჯარო ლექცია.

„სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც მიმზიდველი იქნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფი მოსახლეობისთვის, მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებისთვის, რადგან ჩვენ ტერიტორიების გარდა ამ ხალხის ნდობაც უნდა დავიბრუნოთ“, - განაცხადა ზალკალიანმა

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან და სამხედრო სწავლების ცენტრის მსმენელებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე აღნიშნა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია. „საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს აფასებენ ძალიან პოზიტიურ კონტექსტში. გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა რეზოლუციის განხილვა, რომლითაც შეფასდა ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი და მივიღეთ უმაღლესი შეფასება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები არ იყო მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტი, ეს გახლდათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მეზობლებისთვის.

„ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმებასთან ერთად, რომელსაც 2014 წელს მოეწერა ხელი წარმოადგენდა მნიშვნელოვან პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტი, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯი, როგორც საქართველოსთვის ისე ჩვენი მეზობლებისთვის. აღნიშნული პროცესი გააღრმავებს ხალხთა შორის ურთიერთობას, პირდაპირ კომუნიკაციას ახალგაზრდა თაობას შორის, როგორც სხვადასხვა საუნივერსიტეტო და სასწავლო გაცვლითი პროგრამით ისე სამეცნიერო თანამშრომლობის თვალსაზრისით. ურთიერთობები გაუმჯობესდება ბიზნეს წრეებს შორისაც. მეწარმეებს ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გამოყენებით უფრო ეფექტური განვითარების საშუალება ექნებათ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის განმარტებით, ევროპასთან დაახლოების პროცესი ქვეყანას ეხმარება სტაბილურობის გამყარებაში, სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების გაძლიერებაში, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის უფლებებია დაცული.

„ჩვენ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ წარმოადგენს წევრობის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტს, ეს არის საქართველოს ევროკავშირში ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირების დოკუმენტი. ევროპასთან დაახლოების პროცესი ქვეყანას ეხმარება სტაბილურობის გამყარებაში, გვეხმარება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების გაძლიერებაში, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სადაც ადამიანის უფლებებია დაცული, სადაც უმცირესობათა უფლებებია დაცული. ქვეყანა აყალიბებს ლიბერალურ ვაჭრობაზე დაფუძნებულ ეკონომიკას და ებრძვის კორუფციას. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესს აფასებენ ძალიან პოზიტიურ კონტექსტში"-განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი კოპენჰაგენს სკანდინავიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა, რა დროსაც საჯარო ლექცია წაიკითხა დანიის სამხედრო სწვალების ცენტრში.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა