დავით ზალკალიანი - საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე გააჩნია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უპრეცედენტო უწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის არსებულ დინამიკას და დონეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგრეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის საკითხებზე დავით ზალკალიანმა კოპენჰაგენში დანიის სამხედრო სწავლების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ასევე დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი აშშ-სთან თანამშრომლობას სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში და ამ მხრივ განსაკუთრებული შეფასება მისცა სტრატეგიული ქარტიის ბოლო პლენარულ შეხვედრას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ხელმძღვანელობდნენ. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა აშშ-ის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას აღვნიშნავდი, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხში აშშ გახლავთ ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერი. ამას ხაზი გაესვა მიმდინარე წელს პრემიერ მინისტრის ვიზიტისას ვაშინგტონში. ასევე, უმნიშვნელოვანესი იყო ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტი საქართველოში, რომელიც შედგა ნატო-ს სამიტამდე და წარმოადგენდა ნამდვილად მნიშვნელოვან გზავნილს და მხარდაჭერას საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის საკითხში, რა დროსაც მივიღეთ უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან დროისა და შინაარსის გათვალისწინებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-საქართველოს ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყნის ურთიერთობა უნდა გაუთანაბრდეს არსებული პოლიტიკური თანამშრომლობის მაღალ დონეს. მისი განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობის შესწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დავით ზალკალიანის განმარტებით, საქართველოს სახით რეგიონში სტრატეგიული პარტნიორის არსებობა აშშ-სთვის ქმნის დამატებით განზომილებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის.

მინისტრი საქართველოში ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ ბოლტონის ვიზიტსაც შეეხო და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას. "სულ ახლახან აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მყისიერად ეწვია საქართველოს. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, სადაც განხილული იყო მრავალი თემა, მათ შორის საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობები, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური და რეგიონული თემები", - განაცხადა ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს