ბიზნესომბუდსმენი „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის განვრცობას საქალაქო სასამართლოშიც ითხოვს და კანონში ცვლილებებს არ გამორიცხავს

ბიზნესომბუდსმენი „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის განვრცობას საქალაქო სასამართლოშიც ითხოვს და კანონში ცვლილებებს არ გამორიცხავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუსმენის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, ბიზნესისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა სასამართლო სისტემაში დავების განხილვის ვადებია.

„ყველაზე მთავარი გამოწვევა არის სასამართლო სისტემა, სადაც სახელდება ბიზნეს დავების განხილვის ვადები და ასევე რიგი საკითხების გარკვევაში მოსამართლეების სპეციალიზაცია. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია მოხდეს კომერციული პალატების ფორმირება, სახელმწიფო უწყებებში მედიაციის რგოლების გაძლიერება, საერთაშორისო არბიტრაჟების შემოყვანა ქვეყანაში, მოსამართლეებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერება ბიზნესის სფეროში, რადგან უფრო მოქნილი გახდეს სისტემა ბიზნესთან მიმართებაში. ასევე ჩვენ ვაპირებთ ცვლილებას ჩვენს კანონში რომელიც გულისხმობს ,,სასამართლოს მეგობრის’’ ფუნქციის განვრცობას საქალაქო სასამართლოებში, დღეს ამ ფუნქციის გამოყენების უფლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს. ვფიქრობთ რომ ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენი რეკომენდაციის ან იურისტის დახმარებით გაძლიერდეს ბიზნესის პოზიციები სახელმწიფო უწყებებთან დავაში“, - აღნიშნავენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში.

გარდა ამისა, აპარატის ცნობით, მეორე მთავარი საკითხი არის ახალი რეგულაციები, მათ განხილვებში აქტიური ჩართულობა, რეგულაციების პროპორციულობა და მისი იმპლემენტაციის ვადები.

„ამ კუთხით უფრო მეტი მუშაობაა საჭირო და ჩვენც ხელს ვუწყობთ ასეთი შეხვედრების ორგანიზებას, სადაც მაქსიმალურად ხდება ყველა სადაო საკითხების ბოლომდე გავლა ან ამოწურვა, თუმცა ვფიქრობთ საჭიროა მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან სხვადასხვა უწყებების მხრიდან. მესამე მნიშვნელოვანი საკითხია ბიუროკრატია საშუალო რგოლში, ძალიან ბევრი საკითხია, განსაკუთრებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში როდესაც დროში გაწელილია გადაწყვეტილებები, ან არსებობს ბევრი შუალედური და ბუნდოვანი პასუხები, ან პასუხის მიღებაც კი ზოგჯერ პრობლემაა. ამიტომ ვფიქრობთ, აქ მნიშვნელოვანია ვერტიკალების გაძლიერება, სისტემების დახვეწა, პროფესიული განვითარება, რომ ეს პრობლემა არ იყოს მწვავე. ყველა სახელმწიფო უწყება მაღალ დონეზე გახსნილია და აქტიურ კომუნიკაციაშია. ქვეყანა პოზიციონირდება, როგორც ინვესტორებისთვის ძალიან საინტერესო თავისი კომერციული უპირატესობებით, თუმცა სახელმწიფო უწყებების შუა რგოლში აღნიშნული პრობლემები აფერხებს სწრაფ განვითარებას და ამ ნაწილის მოგვარება ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში.

გარდა ამისა, აპარატის ინფორმაციით, კიდევ ერთი საკითხი, რასაც ბიზნესი აქტიურად სვამს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სამუშაო ძალის კვალიფიკაცია.

„მთავრობის ინიცირებით საკმაოდ ბევრი ინიციატივაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე აუცილებელია პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ ბიზნესს არ გაუჭირდეს შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანების მოძებნა.

აქვე გეტყვით, რომ მომართვების უმრავლესობა არის თბილისში რეგისტრირებული კომპანიები, რადგან დიდი წილი სწორედ თბილისშია თავმოყრილი, ძალიან აქტიურია აჭარაში რეგისტრირებული ბიზნესი და ამის საპასუხოთ ჩვენ სექტემბრიდან აჭარაში ჩვენი წარმომადგენელიც გვყავს, რომელიც ადგილზე ეცნობა ბიზნესის პრობლემატიკას და აქტიურად მუშაობს ადგილობრივ მთავრობასთან“, - აღნიშნავენ ბიზნესომბუდსმენის აპარატში.

„ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2018 წლის იანვრიდან დღემდე, ბიზნესომბუდსმენის აპარატს გამართული აქვს 1000-ზე მეტი შეხვედრა, მათ შორის ბიზნეს ასოციაციების ფორმატში 30-ზე მეტი, დანარჩენი მოიცავს ინდივიდუალურ შეხვედრებს სხვადასხვა კომპანიებთან. ამ შეხვედრებიდან საქმედ ფორმირებულია 250 მეტი ქეისი, რომელზედაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გაგზავნილია 150-მდე რეკომენდაცია/დასკვნა/შუამდგომლობა. მათივე ცნობით, გაგზავნილი რეკომენდაციების სრულად ან ნაწილობრივ გათვალისწინების მაჩვენებელი დაახლოებით 65-70%-ის ფარგლებშია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა