პროკურატურა - დადასტურდა, რომ ლადო გრიგალაშვილმა განსაკუთრებული სისასტიკით, თავის და კისრის არეში, დანით და სხვა საგნით 33 ჭრილობა მიაყენა ანა ნაცვლიშვილს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

პროკურატურა თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ლადო გრიგალაშვილისთვის უვადო პატიმრობის მისჯაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, გამოძალვისა და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვასა და გავრცელებაში ბრალდებული ლ.გ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 თებერვალს, თბილისში, დაახლოებით 05:30 საათზე, პირადი მოტივით განაწყენებულმა ლ.გ.-მ სახლიდან გამოიხმო ა.ნ. და შატილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხებთან მიიყვანა, სადაც შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, ძლიერი ტკივილისა და ტანჯვის მიყენების განზრახვით, თავისა და კისრის არეში, დანით და სხვა საგნით 33 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ა.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად ასევე დადასტურდა, რომ 2018 წლის 8-9 თებერვალს, ლ.გ.-მ შემდგომში ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით, მეგობარს ა.ც.-ს, სასურველ პოზაში შიშველი სურათებისა და ვიდეოჩანაწერის გადაღება და მისთვის სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით გადაგზავნა მოსთხოვა. შემდეგ კი ა.ც.-ს ნების საწინააღმდეგოდ, დაზარალებულის პირადი ცხოვრების ამსახველი სურათები და ვიდეომასალა, სახელის გატეხვის მიზნით, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ მეშვეობით თავის მეგობრებს - დ.ა.-ს და გ.მ.-ს გადაუგზავნა, რითაც ა.ც.-ს რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახა და მის კანონიერ ინტერესებს მნიშვნელოვანი მორალური ზიანი მიაყენა. ასევე, ლ.გ.-მ 2018 წლის 10 თებერვალს ა.ც.-ს შანტაჟის გზით შეზღუდულ ვადებში მნიშვნელოვანი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების საჯაროდ გავრცელებით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ლ.გ. 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. მას საბოლოო ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა), 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვა, გავრცელება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა) წარედგინა. 2018 წლის 23 თებერვალს ლ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის მაქსიმალური ზომა - უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია განცხადებაში.