მამუკა ბახტაძე - ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ თავდაცვის სისტემაში ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი

მომავალი წლის ბოლოს უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ თავდაცვის სისტემაში გვექნება დასრულებული სამედიცინო კომპონენტის სრულფასოვანი იმპლემენტაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ქუთაისში განაცხადა, სადაც სამხედრო ჰოსპიტალი გახსნა.

„დღეს ქუთაისში გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც მოემსახურება ჩვენს სამხედროებს. ისინი აქ შეძლებენ მიიღონ სრული ამბულატორიული მომსახურეობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ცენტრის გახსნა ქუთაისში და დასავლეთ საქართველოში მთლიანად. ჩვენს სამხედროებს მკურნალობისთვის უწევდათ ჩამოსვლა აღმოსავლეთ საქართველოში. ძალიან მოკლე ვადაში მოხდა ამ ცენტრის გაკეთება, 7 თვეში მივიღეთ ობიექტი, რაც იმის დასტურია, რომ სწორი დაგეგმვის პირობებში ასეთი ობიექტის გახსნა შეიძლება ძალიან მოკლე დროში. სასიხარულოა, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების გარდა, მომსახურეობის მიღება შეუძლიათ მათი ოჯახის წევრებსაც. ზოგადად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი ჩვენს თავდაცვის სისტემაში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად დაიწყება მშენებლობა წეროვანში ახალი სამედიცინო ცენტრის, რაშიც გვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი მეგობრები. იქ ჩვენი დაჭრილი სამხედროები შეძლებენ სრულფასოვანი რეაბილიტაციის გავლას და მომავალი წლის ბოლოს უკვე შეიძლება ჩაითვალოს, რომ თავდაცვის სისტემაში გვექნება დასრულებული სამედიცინო კომპონენტის სრულფასოვანი იმპლემენტაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და მთავრობის სოციალურ პოლიტიკას გაუსვა ხაზი.

„მინდა შევეხო სოციალურ პროექტებს და პროგრამებს, რასაც ვახორციელებთ თავდაცვის სისტემაში. ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტში გვაქვს აყვანილი ბინით უზრუნველყოფის საკითხი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ შემდეგი ორი წლის განმავლობაში შევასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც სახელმწიფომ აიღო ჯერ კიდევ 2007 წელს და სამხედროებს გადაეცემათ ბინები. ამასთან ერთად მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ჩაიდო გაზრდილი კომპონენტი სახელფასო ნაწილის ზრდის თვალსაზრისითაც. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, თუმცა ეს არ არის საკმარისი და მომავალ წლებში გავაგრძელებთ ამ პრიორიტეტებზე მუშაობას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა