საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

პარიზში, საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო საფრანგეთის მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს უძღვებოდა ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფლორანს მანჟანი.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რასაც საფუძვლად უდევს მრავალწლიანი ისტორიული კავშირები. მხარეები მიესალმნენ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის დაარსებას, რაც განპირობებულია საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას. აღინიშნა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ფორმატის შექმნა ხაზს უსვამს საფრანგეთთან არსებული პარტნიორული ურთიერთობების პრიორიტეტულ ხასიათს და წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციის მცდელობას. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა 2019 წლის გაზაფხულზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საფრანგეთში ვიზიტის დროს გაიმართება.

„ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მხარეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებისათვის. ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საფრანგეთის განახლებული კონტრიბუციისათვის.

აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ფრანგულ მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საჰაერო თავდაცვის პროექტის განხორციელებაში აქტიური ჩართულობისთვის. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა სამშვიდობო მისიების ფარგლებში. ხაზი გაესვა წარმატებულ ურთიერთობებს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თავშესაფრის მაძიებელთა და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საგარეო უწყების ინფორმაციით, კონსულტაციების ფარგლებში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ისევე როგორც სექტორული თანამშრომლობის კუთხით არსებული შესაძლებლობების სრულად და ეფექტურად ათვისება, ბიზნეს-კავშირების გაძლიერება და ინვესტიციების წახალისება.

„აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის დაკავშირებისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით მნიშნელოვანი ნაბიჯია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა. მხარეები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ 2019 წლის აპრილიდან თბილისსა და პარიზს შორის პირდაპირ ფრენებს განახორციელებს ფრანგული ავიაკომპანია „Air France”. აღინიშნა, რომ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის მიმოსვლის კიდევ უფრო გააქტიურება ხელს შეუწყობს ერთის მხრივ საფრანგეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ხოლო მეორეს მხრივ ხალხთა შორის კულტურული და ეკონომიკური კავშირების გააქტიურებას. ასევე აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროებში. მხარეები მიესალმნენ ურთიერთობების გაღრმავებას ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის, განსაკუთრებით ხაზი გაესვა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების მნიშვნელობას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ასევე დაესწრო პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტში (Sciences Po) გამართულ კინოჩვენებას “Georgia - All Roads Lead to Europe”. კინოჩვენების შემდეგ მინისტრის მოადგილემ ინსტიტუტის სტუდენტებისა და სხვა დამსწრე საზოგადოების წინაშე ისაუბრა საქართველოში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გამოსვლის შემდეგ, მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მინისტრის მოადგილის შეხვედრები ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველთან, პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან და საფრანგეთის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ქვე-ჯგუფის პრეზიდენტთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს