დავით ზალკალიანი - ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და  რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები

ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და ანგრიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება შეაფასა. მინისტრის თქმით, ევროკავშირის განცხადება, ისევე როგორც ანგარიში შეიცავს მნიშვნელოვან და მკაფიო გზავნილებს საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით.

„მივესალმებით ევროსაბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშს, რომელიც გახლავთ ყოვლისმომცველი და მასში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით. საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს წვდომა, თუმცა გააჩნია სრული ინფორმაცია იქ მიმდინარე პროცესებზე. პირველად სახეზე გვაქვს ფაქტი, რომ როგორც კონსოლიდირებულ ანგარიშში, ისე ევროკავშირის განცხადებაში საუბარია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე. ეს არის დასტური იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ევროპის საბჭოსთვის მიუღებელია ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და მათ შორის ისეთი სისასტიკით განხორციელებული მკვლელობები, როგორიც ოთხოზორია-ტატუნაშვილთან მიმართებაში განხორციელდა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონსოლიდირებულ ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა.

„მიუხედავად უამრავი მცდელობისა, რომ საქართველო იყოს გამოწვეული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლებისა და მთავრობის ურყევი პოზიციაა, რომ საპასუხოდ გავაგრძელოთ სამშვიდობო ინიციატივები, რასაც ითვალისწინებს ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში, ისევე როგორც ევროკავშირის განცხადებაში, დაგმობილია საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, მათ შორის ევროკავშირის განცხადებაში საუბარია ქარელის რაიონის სოფელ ატოცში მავთულხლართების დამონტაჟების უკანონო პროცესზე.

„საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი მავთულხლართების განახლებული მონტაჟის პროცესი. მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მსგავსი უკანონო ქმედებები“, - აცხადებს დავით ზალკალიანი.

აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა