„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ - მთავრობის პოლიტიკას წლებია საერთო ხაზი ჰქონდა, მხოლოდ უსაფრთხოების თვალით უყურებდა პანკისში მცხოვრებლებს

მთავრობის პოლიტიკას წლების განმავლობაში ჰქონდა საერთო ხაზი, ის, რომ მხოლოდ უსაფრთხოების თვალით უყურებდა პანკისში მცხოვრებ ადამიანებს, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" დირექტორმა თამთა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიქელაძემ ისაუბრა კვლევაზე და იმ ისტორიულ კონტექსტზე, რომელიც პანკისის ხეობას უკავშირდება.

"წარმოდგენილ კვლევაში ნაჩვენებია სახელმწიფოს პოლიტიკა და ის ისტორიული კონტექსტები, რომელიც პანკისის ხეობას და იქ მცხოვრებ ადამიანებს მუდმივად წარმოაჩენს როგორც სახიფათო ჯგუფს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა ამ რეგიონში დგას უსაფრთხოების პარადიგმაზე და ნაკლებად არის ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვის და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფაზე. კვლევაში, ერთი მხრივ, შეფასებულია ისტორიული კონტექსტი, რუსეთ-ჩეჩნეთის ომი და ის, თუ რა გავლენა მოახდინა ამ ომმა და მასთან დაკავშირებულმა გეოპოლიტიკურმა ინტერპრეტაციებმა პანკისის ხეობის ტერორისტულ ტერიტორიად მონიშვნაში. ამავდროულად შეფასებულია რეგიონის რელიგიური სურათი და ის რადიკალურად დისკრიმინაციული სახელდებები, რომელიც მუსლიმი თემის აღმნიშვნელად გამოიყენება. ამავდროულად შეფასებულია 1998 წლიდან დღემდე სახელმწიფოს პოლიტიკა. ამ პროცესებში გარკვეული განსხვავებები ჩანს, მაგრამ ამ პოლიტიკას მუდმივად, წლების განმავლობაში ჰქონდა საერთო ხაზი, ის, რომ მხოლოდ უსაფრთხოების თვალით უყურებდა პანკისში მცხოვრებ ადამიანებს. ამ შემთხვევაში გავიხსენებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადებას, როცა სახელმწიფომ ეს ოპერაცია შეაფასა როგორც კონტრტერორისტული ოპერაცია, მაგრამ ის ამბობდა, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი, რომელიც მის ოჯახში ჩატარდა. ჩვენ ამ პრობლემის შიდა მხარე ნაკლებად გვაქვს გააზრებული, ამდენად, კვლევის მიზანი იმ კრიტიკული ხედვების ჩვენებაა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას არსებული დისკრიმინაციული და რეპრესიაზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმართ აქვს. უნდა მოხდეს იმ დომინანტური სააზროვნო თუ კონცეფციური ჩარჩოს შეცვლა, რომლითაც ხდება იმ პოლიტიკის საფუძველი, რაც აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს",- განაცხადა მიქელაძემ.

თავის მხრივ, პანკისის თემის წარმომადგენელმა ლუიზა მუთოშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პოლიტიკური მთავრობები ხეობაში ქმნიან პრივილეგირებულ ჯგუფებს, რომელთა სახელითაც ისინი ხეობას ელაპარაკებიან.

„რასაც ჩვენ მთავრობისგან ვითხოვთ, ეს არის მოსახლეობასთან შეხვედრა, კომუნიკაცია. თუ იმართება ეს შეხვედრები არის დახურული ფორმატის და მოსახლეობის ყველა ჯგუფს არ ეძლევა შესაძლებლობა მას დაესწროს. პრობლემად იმას ვხედავთ, რომ პოლიტიკური მთავრობები ხეობაში ქმნიან პრივილეგირებულ ჯგუფებს, რომელთა სახელითაც ისინი ხეობას ელაპარაკებიან. ჩვენ გვინდა მთავრობამდე მივიტანოთ გზავნილი, რომ ვიწროჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე ის არ უნდა ქმნიდეს თავის პოლიტიკას, თუ რაიმე პოლიტიკა გააჩნია მთავრობას ხეობასთან მიმართებაში. თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე ამ ხნის განმავლობაში ვითხოვთ, რომ პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ ხეობაში, ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ახსნან ის აუცილებლობა, რამაც საბოლოოდ ეს სურათი შექმნა - მისი ლიკვიდაცია. ეს პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს, რაც აჩენს ეჭვებს და ნდობის მომენტზე განსაკუთრებით მოქმედებს",- განაცხადა მუთოშვილმა.

მისივე თქმით, პანკისის კრიზისიდან მოყოლებული დღემდე ვცდილობთ საზოგადოების დარწმუნებას, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ საფრთხეს ამ ქვეყნისთვის.

„პოლიტიკური მთავრობები კი, მუდმივად იმის ჩვენებაში არიან, აი, საიდან მოდის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაზე მძიმე ბრალდება, რაც ქისტებთან მიმართებაში შეიძლება ყოფილიყო, ეს არის ბოლო ორი სპეცოპერაციის შედეგად პანკისიდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხე, რის დანახვასაც პოლიტიკური მთავრობა ცდილობს და ამაში საზოგადოების დარწმუნებას. სახელმწიფოებრიობისთვის მომგებიანი არ უნდა იყოს რომელიმე რეგიონის ასე წარმოჩენა, მაგრამ როდესაც კონკრეტულ ქვეყანაში წარმოადგენ რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობას, ბუნებრივია, გიჩნდება ეჭვები და ეს ყოველთვის უსაფუძვლო არ არის, ამას გააჩნია თავისი არგუმენტაცია. დღეს, როდესაც 21-ე საუკუნის გამოწვევა მსოფლიოსთვის არის ტერორიზმთან ბრძოლა, რაღაცნაირად ჩვენი ქვეყანაც საერთაშორისო მასშტაბით თავს იწონებს ამ ტერორიზმთან ბრძოლაში და ერთ-ერთი მისი არგუმენტი იყო ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია, მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი და ის პასუხი, რომელიც საზოგადოებას დღემდე არ აქვს, რატომ მოკლა მან თავისი მოქალაქე",- განაცხადა მუთოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო