ლევან ბოძაშვილი ინიციატივით გამოდის, არჩევნების თარიღი კონსტიტუციით განისაზღვროს

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლევან ბოძაშვილი ინიციატივით გამოდის, არჩევნების თარიღი კონსტიტუციით განისაზღვროს.

როგორც ბოძაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ განუცხადა, არჩევნების თარიღი კანონმდებლობით ბევრ ქვეყანაშია დადგენილი და ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ აძლევს საშუალებას, საარჩევნო თარიღი თავისი შეხედულების მიხედვით განსაზღვროს.

„მაგალითისთვის, ამერიკის და ძალიან ბევრი ქვეყნის კანონდებლობაში არჩევნების თარიღი არის წინასწარ განსაზღვრული. 25 წლის განმავლობაში ვერასოდეს ვერ მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნების თარიღი იყოს წინასწარ განსაზღვრული და არცერთ პოლიტიკური თანამდებობის პირს, პრეზიდენტი იქნება ეს, პარლამენტის თავმჯდომარე თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია, არ ჰქონდეს საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით საზღვრავდეს საარჩევნო თარიღს. ეს უნდა იყოს გაწერილი კონსტიტუციაში. მაგალითად, ამერიკის კონსტიტუციაში ყოველი ნოემბრის პირველი სამშაბათია, ხან 2 რიცხვი უწევს, ხან 6 და ა.შ. თუმცა წინასწარ არის განსაზღვრული და საარჩევნო სუბიექტებმა იციან, რომელ რიცხვში იქნება მომდევნო არჩევნები. ახლა საქართველოში სიტუაცია გვაქვს ასეთი, რომ საუბარი ეხება მეორე ტურს. მეორე ტურთან დაკავშირებული ნორმა კანონში შეიძლებოდა სხვა იურიდიული მეთოდიკით განმარტებულიყო, მაგრამ რახან არ გაკეთდა, მივიღეთ ეს სიტუაცია, ჩვენ სხვა აღარაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ დავემორჩილოთ მას, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

რაც შეეხება არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარება, ექსპერტის თქმით, ეს შესაძლოა შემაფერხებელი იყოს ემიგრანტებისთვის. როგორც ლევან ბოძაშვილმა აღნიშნა, მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, არჩევნები ბლოკჩეინით უნდა ჩატარებულიყო.

„არჩევნების 28 ნოემბერს ჩატარებაში პრობლემას ვხედავ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებში, რომლებიც არიან აღრიცხვაზე და რომლებსაც შეიძლება ხელი შეეშალოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში. იმისთვის, რომ ეს პრობლემები არც ახლა და არც მომავალში არ ყოფილიყო, ჩემი ინიციატივა იყო, რომ ბლოკჩეინით ჩატარებულიყო არჩევნები და ადამიანები სახლიდან გაუსვლელად მისცემდნენ ხმას და ეს იქნებოდა დაცული,“ - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნა. ცესკოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ. გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო