ანა დოლიძე -  წელიწადზე მეტია თეა წულუკიანის გადადგომას ვითხოვთ და გრიგოლ ვაშაძემ ახლა რომ გაიღვიძა და შეუერთდა ამ მოთხოვნას, ეს კარგია

ჰააგის სასამართლოზე გადაწყვეტილება დადგება კონკრეტული პირების მიმართ. ეს თავიდანვე პროცედურაშია ჩადებული და ამას ჩვენი სახელმწიფო ვერ შეცვლის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ოპოზიციური გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

კერძოდ, ანა დოლიძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და მინისტრმა წულუკიანმა კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები და ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ ვეტერანებს დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა ჰააგის სასამართლოზე, არაკომპეტენტურს უწოდებს.

დოლიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოძიების ფარგლებში ვერ ჩაერევა და მაქსიმუმი ისაა, რომ ოპერატიულად იქნას მიწოდებული მასალები გამოძიებისთვის.

„ეს განცხადება არაკომპეტენტურია. ისედაც ძალიან რთული იურიდიული საკითხია სასამართლო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს აგვისტოს ომზე და კიდევ უფრო მეტი სირთულე და გაუგებრობა შეაქვს ჩვენი მოსახლეობის თვალში.

ის გამოძიება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, წარიმართება თავიდან ბოლომდე პროკურორის დისკრეციით და უფლებამოსილებით. პასუხისმგებლობა, რომელიც დადგება, დადგება ინდივიდუალური პირების მიმართ. იმედია, ეს იქნება რუსეთის მხარეს, თუმცა ეს იქნება ინდივიდების წინააღმდეგ. ჩვენ ამ პროცესს ვერ ვაკონტროლებთ და ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკონტროლოთ, ეს არის ის, რომ ჩვენი მხარის მტკიცებულებები მაქსიმალურად მივაწოდოთ.

გადაწყვეტილება დადგება კონკრეტული პირების მიმართ. ეს თავიდანვე პროცედურაშია ჩადებული და ამას ჩვენი სახელმწიფო ვერ შეცვლის. სანამ ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, ან გაერკვიონ, ან ცოტა მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ“,-განაცხადა ანა დოლიძემ.ანა დოლიძე გრიგოლ ვაშაძის პოზიციასაც გამოეხმაურა, რომელიც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვს.

„ძალიან „მიხარია“, რომ გრიგოლ ვაშაძე ნელ-ნელა უბრუნდება ქართულ პოლიტიკას და ერკვევა თუ რა ხდება. წელიწადზე მეტია რაც ჩვენ ვითხოვთ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას და ახლა რომ გამოიღვიძა და შეუერთდა ამ მოთხოვნას, ეს კარგია. თუმცა, კარგი იქნებოდა მანამდეც გარკვეულიყო თუ რა პრობლემები შექმნა თეა წულუკიანმა, რის გამოც მეც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ვაფიქსირებდით ამ მოთხოვნას.

ჩვენ თეა წულუკიანის გადადგომას ვითხოვდით პირველ რიგში იმის გამო, თუ რა ვითარებაც შეიქმნა სასამართლო ხელისუფლებაში, როდესაც მან რეალურად ერთ ჯგუფს ჩაუგდო ხელში მთელი სასამართლო სისტემა. ასევე თეა წულუკიანი არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებებს და ასიათასობით ლარი ბიუჯეტმა გადაიხადა იმიტომ, რომ უკანონოდ გაუშვა თანამშრომლები სამსახურიდან.

გარდა ამისა, თეა წულუკიანმა არასწორად წარმართა საექსტრადაციო პოლიტიკა. სწორედ ამის გამოა, რომ მართლმსაჯულება არ ხორციელდება ისეთი პირების მიმართ, როგორიც არის მაგალითად მეგის ქარდავა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და მინისტრმა წულუკიანმა კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები და ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ ვეტარანებს დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა. გრიგოლ ვაშაძე ამ ფაქტის გამო თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო