ამირან გამყრელიძე -  არ შეიძლება ანტიბიოტიკების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება

საჭიროა მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი ცოდნა, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე იქნეს გამოყენებული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კვირეული ფოკუსირებულია ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაზე და მიზნად ისახავს საზოგადოების, სამედიცინო და ვეტერინარული პერსონალის, გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პირების და პოლიტიკოსების ცოდნის ამაღლებას ანტიბიოტიკების მიმართ რეზიზსტენტობის შესახებ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ანტიბიოტიკების გამოყენებასთან მიმართებაში თუ სწრაფად მოქმედება არ იქნება, დაბრუნდება ანტიბიოტიკამდელი ერა, როცა ნებისმიერი ინფექცია ან უმნიშვნელო ტრავმა შეიძლება სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო.

„მოგეხსენებათ, ანტიბიოტიკები გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ექიმის ხელში. ანტიბიოტიკების შექმნამ და შემოტანამ, რომელიც დაახლოებით 90 წლის წინ მოხდა, უზარმაზარი წვლილი შეიტანა გლობალურ ჯანმრთელობაში, ანუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. მაგრამ ამასთან ერთად, ბოლო 10-15 წელიწადია, რაც ანტიბიოტიკების რეზისტენტობა იზრდება, ანუ მათი არასწორი გამოყენების გამო იზრდება ე.წ რეზისტენტული მიკრობული ფლორა ანტიბიოტიკების მიმართ. ამიტომ საჭიროა მოსახლეობაში რაც შეიძლება მეტი ცოდნა, რომ არ შეიძლება ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე იქნეს გამოყენებული. უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე, ის მოქმედებს ბაქტერიაზე. შესაბამისად,უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გაციების დროს არ შეიძლება ანტიბიოტიკის დანიშვნა,"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2018 წლის 12 -18 ნოემბერს აღნიშნავს ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს. წლევანდელი კვირეულის სლოგანია: "დრო არ ითმენს - ანტიბიოტიკების ერა შეიძლება დასრულდეს" და იგი მიმართულია ანტიბიოტიკების, როგორც ფასეული რესურსის შენარჩუნებისკენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2019
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან