თსუ-ში კარლ კაუცკის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ცნობილი გერმანელი თეორეტიკოსის კარლ კაუცკის წიგნის - „საქართველოს გლეხთა სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა: შთაბეჭდილებანი და დაკვირვებანი“ - სამენოვანი (ქართულ-ინგლისურ-გერმანული) გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს. წიგნი გერმანულ ენაზე 1921 წელს გამოიცა, იმავე წელს ითარგმნა ინგლისურად და ავტორის წინასიტყვაობით გამოიცა დიდ ბრიტანეთში.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელსაც აკეთებს სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი კარლ კაუცკი პირველი რესპუბლიკის დროინდელი საქართველოს შესახებ. ამ წიგნით დაიწყო მთელი დისკუსია, რომელშიც ლევ ტროცკიც ჩაერთო. თუმცა, დასკვნა ისაა, რომ ქართული სოციალ-დემოკრატია, მართლაც, მაგალითის მიმცემი იყო მთელი ევროპისთვის და ეს იყო ძალიან წარმატებული ექსპერიმენტი, რომელიც სამწუხაროდ, დამთავრდა, მხოლოდ იმის გამო, რომ ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო საქართველო,“- აღნიშნა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდა პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილიც, რომლის თქმითაც ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი ქართულ სოციალ-დემოკრატიაზე. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, კარლ კაუცკი იყო ერთ-ერთი ყველაზე მახვილგონიერი სოციალ-დემოკრატი ინტელექტუალი მაშინდელ სამყაროში.

„ნაშრომს ავტორმა საფუძვლად დაუდო ევროპელ სოციალისტთა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტისას მის მიერვე 1920 წლის ოქტომბერ-დეკემბერში შეგროვებული ინფორმაციის გააზრება და შეფასება. ავტორი თავის წიგნში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თითქმის ყველა სფეროს განიხილავს, ასევე აანალიზებს ქართულ სოციალ-დემოკრატიულ მოდელს, აკრიტიკებს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, მოითხოვს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვასა და დამოუკიდებლობის აღდგენას.

წიგნის ახალი სამენოვანი გამოცემისთვის შესავალი პროფესორებმა - დიმიტრი შველიძემ, სტივენ ჯონსმა და ზიგფრიდ ჰეიმანმა სპეციალურად მოამზადეს. ახალ გამოცემას დაერთვის კომენტარები და ავტორის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ფოტო მასალები. წიგნი ქართულად თარგმნა სოფიკო შუბითიძემ, გამოსაცემად მოამზადეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და გამომცემლობის თანამშრომლებმა. პროექტი განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ფარგლებში. წიგნის ახალი გამოცემა მკითხველის წინაშე პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარდგენილი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს