"50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" სრული კოლექცია უკვე "ბიბლუსშია"

რევოლუციური საგამომცემლო პროექტი, „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ განახლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“-იდან აცნობეს, პროექტის წიგნებმა 2010 წლიდან საქართველოში უამრავ ოჯახში დაიდო ბინა, თითოეული წიგნი ქართული რეალობისთვის უპრეცენდენტო ტირაჟით გაიყიდა და მალევე სრულიად გაქრა მაღაზიებიდან.

როგორც „პალიტრა L“-ში აცხადებენ, წლების განმავლობაში სერია არ კარგავდა პოპულარობას და მასზე მუდმივი მოთხოვნა არსებობდა. პირველი ტომის გამოცემიდან 8 წლის შემდეგ, გამომცემლობა „პალიტრა L“-მა განაახლა ტირაჟი. ამოწურული წიგნების პირველი ეგზემპლარები „თბილისის წიგნის დღეებზე“ გამოჩნდა, დღეს კი უკვე მთელ საქართველოში, „ბიბლუსის“ ქსელის მაღაზიებშია ხელმისაწვდომი. ამ სერიასთან დაკავშირებით პროექტის ავტორმა, მარიკა დარჩიამ და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მთავარმა რედაქტორმა, მაია ალუდაურმა გადაცემაში „ახალი დღე“, გიორგი კეკელიძის ლიტერატურულ რუბრიკაში ისაუბრეს.

„ამ პროექტს შეუსრულდა 8 წელი და მის ხელახალ გამოცემას წარმოგვიდგენს გამომცემლობა „პალიტრა L“. მოვუწოდებთ იმ ადამიანებსაც, ვინც შეიძლება იცის, მაგრამ ჯერჯერობით არ აქვს ეს სერია - მივაბრუნოთ ჩვენი მზერა და არჩევანი წიგნებისკენ“, – აცხადებს მწერალი გიორგი კეკელიძე.

პროექტის ავტორი მარიკა დარჩია იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც 50 საუკეთესო წიგნის პირველი ტომი დაიბეჭდა.

„მახსოვს, პირველი ტომი იყო ბალზაკის „შაგრენის ტყავი“ და მე თვითონაც ისეთი გაოცებული ვიყავი, რამ ამოიყვანა ეს წიგნი სიმრავლეში. შემდეგ მივხვდი, რომ ეს ის პერიოდია, როცა ჩვენ სულ ვიმეორებთ, რომ საქართველო „შაგრენის ტყავივით“ შემცირდა და გვაჭრიან ტერიტორიებს... თუკი ვამბობთ, რომ ძალა ერთობაშია, გონი - ცოდნაშია, ამიტომ უნდა ვიყოთ ყურადღებით წიგნების მიმართ, რომ ასეთ დღეში, როგორშიც ვართ დღეს, აღარ ვიყოთ“, – განაცხადა პროექტის ავტორმა მარიკა დარჩიამ.

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორის, მაია ალუდაურის განცხადებით, ტირაჟი წლებია, რაც გამოილია და რამდენიმე წიგნი მაღაზიებში უკვე საერთოდ აღარ იყო.

„ათიათასობით ტირაჟია გაყიდული, თუმცა მაინც არის მუდმივი ინტერესი, მაინც არის კითხვები. ტირაჟი წლებია, რაც გამოილია. რამდენიმე წიგნი საერთოდ აღარ იყო, ნაწილი კი ძალიან მცირე რაოდენობით, აქა-იქ მოიპოვებოდა მაღაზიებში. როგორც ჩანს ისევ არის ოჯახები, რომელთაც სურთ შეავსონ კოლექცია, ან საერთოდ შეიძინონ, ამან მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ განვაახლოთ ტირაჟები. ამიერიდან, ყველას ეძლევა საშუალება, რომ შეავსოს კოლექცია“, – განაცხადა ალუდაურმა.

გამომცემლობა „პალიტრა L“ მხატვარ ქეთი მატაბელსაც ესტუმრა, რომელიც სერიის დიდი გულშემატკივარი იყო და აქტიურად აგროვებდა თითოეულ ტომს. როგორც მატაბელმა განაცხადა, უკვე ისიც ეწვია „ბიბლუსს“ და ნელ-ნელა, ხელახლა ავსებს საოჯახო კოლექციას.

„8 წელი გავიდა უკვე. გავიდა წლები და ეს წიგნები ისევ აქტუალურია. მე ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი ჩემი გაფორმებული „ვეფხისტყაოსანი“ ამ შესანიშნავ სერიაში შედის. ძალიან ბევრი გავაჩუქე, მეგონა, ეს იქნებოდა სულ მაღაზიებში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღარ არის. ახლა, ნელ-ნელა ვავსებ ჩემს კოლექციას თავიდან და მალე 50 წიგნი ისევ სრულად მექნება შევსებული“, – განაცხადა მატაბელმა.

გამომცემლობის დირექტორის, თინათინ ასათიანის განცხადებით კი, მათი უპირველესი მიზანი ფასის შენარჩუნება იყო.

„2010 წლის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა, ხელახალი ტირაჟებიც ისეთივე მაღალი ვეღარ იქნებოდა, როგორც სერიის პირველი გამოცემისას. ამიტომ, ეს პროცესი საკმაოდ რთული გამოდგა, თუმცა მაინც არაფერი შეცვლილა, არც ხარისხის, არც ფასი - 12 ლარი. იმის გამო, რომ ზოგიერთი ნაწარმოები 2 ტომშია განაწილებული, რეალურად სერია 59 წიგნისგან შედგება. ამ სრული კომპლექტის შეძენის მსურველთათვის გვაქვს სპეციალური ფასი, 708 ლარის ნაცვლად 590 ლარი. ხელახალი ტირაჟი უკვე ელვის სისწრაფით იყიდება „ბიბლუსის“ მაღაზიებში, ამიტომ საჭიროა დროულად შევამოწმოთ, შევავსოთ და გავხადოთ კოლექცია სრულფასოვანი,“ - აცხადებს თინათინ ასათიანი.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა