ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2018

ვახტანგ ძაბირაძე - “ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს”

“ოცნებიდან” “ნაცმოძრაობაში” გადასვლის პირველი პრეცედენტი - რა საფრთხის წინაშეა მმართველი პარტია

რას ნანობს რასმუსენი - “2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ზე უარის თქმა შეცდომა იყო”

გია ხუხაშვილი - „ვხედავ, რა გეგმით უნდა იმოქმედოს „ოცნებამ“ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში...“

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს”

“ასეთი ნეგატიური საარჩევნო კამპანია აქამდე არც მინახავს. სამწუხაროდ, პოლიტიკური ძალები ამომრჩეველს პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ სთავაზობენ და პოლიტიკური პროცესის უკიდურეს რადიკალიზაციას ცდილობენ ისე, რომ ზოგჯერ სახელმწიფო ინტერესები საერთოდ ავიწყდებათ... თუ მმართველმა ძალამ ამომრჩევლის მეორე ტურზე მიყვანა შეძლო, ის ამ არჩევნებს მოიგებს. პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა აშკარად ჩანს, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი, რომელიც 28 ოქტომბერს შინ დარჩა, ნელ-ნელა ფხიზლდება”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს” / “ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს სამხედროები, არმია “ნაციონალური მოძრაობის” მხარესაა... ისმის კითხვა: ეს რაში სჭირდებათ? იმისთვის ხომ არა, ხვალ რომ ვითარება დაიძაბოს, თქვან, არმია ჩვენ გვიჭერს მხარს და შეგვიძლია შტურმზე გადავიდეთო?” / “ისევ ერთმანეთის ჭამაზე თუ გადავედით, არა გამოვრიცხავ, რუსებმა გამოაცხადონ, ლაბორატორიაში საშიში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი ინახება, ამისგან თავი უნდა დავიცვათო და ამ მოტივით შემოვიდნენ ქვეყანაში”.

“მმართველი ძალა “ნაციონალური მოძრაობისა” და სააკაშვილის დაბრუნების საშიშროებად წარმოჩენის ნაცად ხერხს აქტიურად მიმართავს. ეს საკმარისი იქნება თუ არა ზურაბიშვილის წარმატებისთვის, ძნელი სათქმელია - ჩემი აზრით, ამ ეტაპზე შანსი თანაბარია... “ქართული ოცნება” უფრო გააქტიურდა, თუმცა დაუშვა რამდენიმე შეცდომა - საარჩევნო პროცესი არ არის მხოლოდ ორგანიზება, ამის ნაწილია პიარიც, რაც შესამჩნევი იყო პირველ ტურამდეც და რომელშიც “ქართული ოცნება” ძალიან მოიკოჭლებს - თუნდაც საარჩევნო ბანერები გავიხსენოთ, რაც სრულიად აუხსნელია. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, გაუგებარია, რატომ აღმოჩნდნენ ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო ბანერზე ივანიშვილი, კობახიძე და ა.შ. თუ საკუთარი მხარდაჭერის ჩვენება უნდოდათ, გამოესახათ ზურაბიშვილი ივანიშვილთან და სხვებთან ერთად, მაგრამ არა ასე... ამით თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. მაინტერესებს, ვინ ურჩევს “ქართულ ოცნებას” ამგვარი ნაბიჯების გადადგმას, ვინ იღებს ასეთ მცდარ გადაწყვეტილებებს?! ადამიანურ და მორალურ მხარესაც რომ თავი გავანებოთ, პოლიტტექნოლოგიურადაც არასწორი იყო ის, რაც ერთი კვირის წინ რუსთაველზე მოხდა - ვგულისხმობ დაპირისპირებას ზაზა სარალიძესთან კარვების დადგმის გამო. მაქვს კითხვა: ვინც ეს ნაბიჯი გადადგა და გადაწყვეტილება მიიღო, “ქართულ ოცნებას” შიგნიდან ებრძვის და სალომე ზურაბიშვილს ძირავს?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“როგორც ვთქვი, ქვეყანაში გაჩნდა “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნების პერსპექტივით გამოწვეული საფრთხის განცდა და ამის გამო აშკარად ჩანს საზოგადოების მობილიზება, რაც “ქართული ოცნების” წისქვილზე ასხამს წყალს. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, დაინახეს, რომ მათი პოზიციები გამყარდა და ახლა ყველა ხერხს იყენებენ მეტი წარმატების მისაღწევად, თუმცა მათი საარჩევნო კამპანია მეორე ტურის წინ არ შეცვლილა. ტყუილი, ცილისწამება, ოპონენტების შეცდომების გამოყენება, პროცესების რადიკალიზაცია - ეს არის მათი მთავარი არსენალი... ამ ექვსი წლის განმავლობაში “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებდა, რომ მისი სპარინგპარტნიორი “ნაციონალური მოძრაობა” ყოფილიყო. ფაქტობრივად, ადგილი არ დატოვეს სხვა პოლიტიკური ძალებისთვის, შედეგად კი მივიღეთ ასეთი რადიკალიზებული პროცესი. მიუხედავად ამისა, გაცილებით მეტია ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ნაცვლად მეტოქედ არ აღიქვას მისი ამომრჩეველი, რომლის რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია. თავის დროზე, როდესაც ქვეყანაში კოაბიტაცია გამოცხადდა, ბიძინა ივანიშვილი ხშირად ამბობდა, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიანო. ეს არც დღეს უნდა დაავიწყდეს “ქართულ ოცნებას”... სხვა შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირების მსურველებმა ამის ინსპირირება შეიძლება ძალიან ადვილად მოახერხონ. ეს კარგად უნდა გააანალიზოს “ქართულმა ოცნებამ~, რადგან პროცესების განვითარებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება. აქვე ვიტყვი, რომ ჯობს, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგოს, ვიდრე გააყალბოს, რადგან გაყალბებულ არჩევნებს შეიძლება უმართავი პროცესები მოჰყვეს, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ვაშაძე გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, “ნაციონალური მოძრაობა” მაინც ეცდება პროცესის ქუჩაში გადატანას. არ ვამბობ, რომ არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყება რაღაც უბედურება, მაგრამ ნებისმიერ უმნიშვნელო საბაბსაც კი გამოიყენებენ საპროტესტო ტალღის ასაგორებლად. ვფიქრობ, ეს უფრო გაზაფხულზეა მოსალოდნელი. რეალურია, ოპოზიციას სურდეს პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა - ამას ოპოზიცია ყველა ქვეყანაში ცდილობს, ხელისუფლება კი ვალდებულია, იზრუნოს, რომ ეს არ მოხდეს. “ნაციონალები” პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანას ნებისმიერ შემთხვევაში ეცდებიან, ოღონდ თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, ეს პროცესი დაჩქარდება, რადგან ოპოზიციის რეალური ხელმძღვანელი იქნება პრეზიდენტი. ის ვის ნააზრევს გაახმაურებს და ვისი კარნახით მოიქცევა - სხვა საკითხია... ამიტომ, ჩემი აზრით, ხელისუფლებას ურჩევნია, ხელში აიღოს პოლიტიკური ინიციატივა და მომავალი წლის შემოდგომისთვის თვითონვე დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს შექმნის ქვეყანაში სტაბილურ გარემოს, რადგან ოპოზიციას ხელიდან გამოაცლის არგუმენტებს, თუ რატომ უნდა გავიდეს ქუჩაში. ამასთან, მას დარჩება ერთი წელი, რომ დაკარგული ამომრჩეველი დაიბრუნოს. მოგეხსენებათ, ივანიშვილმა თქვა, რომ ცვლილებებისთვის ერთი წელი სჭირდება, ჰოდა, მას ექნება ეს ერთი წელი... მოკლედ, ჩემი აზრით, დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები "ქართულ ოცნებას" უფრო სჭირდება და გამოადგება, ვიდრე ოპოზიციას”, - დაასკვნის ექსპერტი.

“აქვე აღვნიშნავ, რომ ვითარების დესტაბილიზაციით შინ თუ გარეთ ბევრი მხარეა დაინტერესებული, განსაკუთრებით - რუსეთი, რომელსაც საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისთვის ამ ეტაპზე ბერკეტები, ფაქტობრივად, გამოცლილი აქვს. ამიტომ ის ეცდება, შიდა აშლილობას შეუწყოს ხელი. მისთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება. არა მგონია, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე ლაპარაკი შემთხვევით დაიწყეს. ისევ ერთმანეთის ჭამაზე თუ გადავედით, არა გამოვრიცხავ, რუსებმა გამოაცხადონ, ლაბორატორიაში საშიში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღი ინახება, ამისგან თავი უნდა დავიცვათო და ამ მოტივით შემოვიდნენ ქვეყანაში. ამ საფრთხეზე კარგად უნდა დაფიქრდეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ყველას შევახსენებ - ჩვენ დღემდე არ ვიცით, 1991 წელს რუსთაველზე პირველმა ვინ გაისროლა”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

“კანდიდატებს ამომრჩეველთან სათქმელიც არაფერი აქვთ. ბლეფია კანდიდატის ლაპარაკი 400-ლარიან პენსიაზე, მასწავლებლების ხელფასზე და ა.შ. ამგვარი დაპირებების შესრულება პრეზიდენტს არ ხელეწიფება. ამიტომაც იყვნენ იძულებული, სხვა თემა მოეძებნათ. ამ თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელი საგარეო თემა გამოდგა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” იცოდა რა, რომ ვაშაძის ბიოგრაფიაში იყო ლაქები, გადაწყვიტეს, იქით შეეტიათ. ამ დროს სალომე ზურაბიშვილმაც დაუშვა შეცდომა აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებით და ეს დაიხვიეს ხელზე. ზურაბიშვილზე ამბობენ, რომ რუსული პროექტია, არადა, ვაშაძე სულაც რუსეთიდან ამოზრდილი პოლიტიკოსია. ის იყო იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოსანი, სადაც კაგებე ყველაფერს აკონტროლებდა. შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ რომელიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების სამსახურებთან არ თანამშრომლობს?! თუმცა მტკიცება, რომ ის აგენტია, მაინც მცდარი მგონია... მოკლედ, “ქართულ ოცნებას” ამაზე რომ არ დაეწყო პედალირება, დაასწრეს, ეს თემა ააგორეს, კარგადაც გამოიყენეს და ხელისუფლებას თავის მართლებაც აიძულეს. ეს გამოიწვია იმანაც, რომ “ქართულმა ოცნებამ”, ფაქტობრივად, უარი თქვა პოლიტიკოსებზე, რაც დიდი შეცდომა იყო. ოპონენტისთვის დროულად და სწორად გაცემულ პასუხს სჭირდება პოლიტიკური გამოცდილება. როცა პოლიტიკოსებისგან დაცლი პოლიტიკას, მიიღებ იმას, რაც მიიღო “ქართულმა ოცნებამ”. შესაძლოა, მომავალში “ოცნების~ საპარლამენტო გუნდი პოლიტიკოსთა კარგ ნაკრებად ჩამოყალიბდეს, მაგრამ დღეს ასე არ არის”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“სასწაული ხდება ჰააგის ამბავზეც... რა გამოდის “ნაციონალური მოძრაობის” ატეხილი აჟიოტაჟიდან? კარგი, არ ვენდობით მურუსიძის სასამართლოს, რომლის შემქმნელი სწორედ სააკაშვილის რეჟიმია, მაგრამ თურმე არც ჰააგის სასამართლოს ვენდობით. “ნაციონალების” მტკიცებით, შესაძლებელი ყოფილა მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღება... მე როგორც ვიცი, ჰააგაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიხედვით არ მოქმედებენ, იქ შეისწავლიან ფაქტებს. თუ ასე არ ვენდობით სტრასბურგს, ჰააგას, მაშ, რა გვინდა ევროკავშირში, რატომ მივდივართ დასავლეთისკენ?! იქაც თუ არ არსებობს სამართალი, რა დაგვრჩენია ევროპაში?! “ქართულ ოცნებაში” კი არავინ ჩანს, ვინც ამას ჰკითხავს “ნაციონალებს”. სირცხვილია, როცა რუსეთის აგენტობაში ბრალს ვდებთ საპრეზიდენტო კანდიდატებს და ამაზე უკვე ევროპარლამენტში ლაპარაკობენ. ერთსაც ვიტყვი - საქართველოში რუსული საქმე ყოველთვის ანტირუსული რიტორიკით კეთდებოდა... სამწუხაროდ, გარანტია, რომ რუსული გავლენისგან სრულიად თავისუფალია როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, არ არსებობს. მე ვლაპარაკობ მეხუთე კოლონაზე, რომელიც არ ჩანს, ოღონდ მოქმედებს”, - განმარტავს ექსპერტი.

“საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევას 50 კაცი ეყოფა. ვიმეორებ, დღესაც კი არ ვიცით, რა მოხდა 1991 წელს. დარწმუნებული ვარ, არიან ძალები როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში, რომლებიც ეცდებიან, ეს დაძაბულობა დესტაბილიზაციად აქციონ. თუ ვითარება აირია, მერე მისი დალაგება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ როდესაც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანი გამოხატავს თავის პოზიციას, თუნდაც ცამდე მართალი იყოს, ეს უკვე დიდი პრობლემაა. ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს სამხედროები, არმია “ნაციონალური მოძრაობის” მხარესაა... ისმის კითხვა: ეს რაში სჭირდებათ? იმისთვის ხომ არა, ხვალ რომ ვითარება დაიძაბოს, თქვან, არმია ჩვენ გვიჭერს მხარს და შეგვიძლია შტურმზე გადავიდეთო? ვინც სამხედროების პოლიტიკურად დაპირისპირებას ცდილობს, ქვეყანას დიდ უბედურებაში ითრევს. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და არჩევნების შემდეგ სტაბილურობა შეინარჩუნოს. პოლიტიკური მექანიზმები მას სწორედ საფრთხის ასაცილებლად აქვს, თუმცა “ნაციონალურ მოძრაობას” ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა. ქვეყნის ინტერესების გვერდზე გადადება არავის ეპატიება!” - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

“ოცნებიდან” “ნაცმოძრაობაში” გადასვლის პირველი პრეცედენტი - რა საფრთხის წინაშეა მმართველი პარტია

“ქართული ოცნების” ხულოს ორგანიზაციის თავჯდომარემ მმართველი პარტია დატოვა და ოპოზიციას შეუერთდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში “ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის ფაქტობრივი წაგების შემდეგ პოლიტოლოგები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ სულ მალე ვნახავდით რეგიონებში ხელისუფლების წარმომადგენელთა და პარლამენტში მაჟორიტართა პარტიულ ფერისცვალებას და მმართველი პარტიის დაშლა არც თუ ისე შორეული პერსპექტივა იყო. ჯერჯერობით, პარტიული ფერიცვალების პირველი მერცხალი ხულოში გამოჩნდა. “ქართული ოცნების” ხულოს ორგანიზაციის თავჯდომარე ომარ მახარაძემ მმართველი პარტია დატოვა და ოპოზიციის რიგებს შეუერთდა. მახარაძე ამბობს, რომ 2012 წელს ის “ქართული ოცნების” დამფუძნებლებს შორის იყო, თუმცა, მმართველმა გუნდმა ყველა იმ პრინციპის უღალატა, რა დაპირებითაც 6 წლის წინ ხელისუფლებაში მოვიდა და ახლა ის “გაერთიანებულ ოპოზიციას” უერთდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნებიდან” “ნაცმოძრაობაში” გადასვლის პირველი პრეცედენტი - რა საფრთხის წინაშეა მმართველი პარტია.

“ერთადერთი გამოსავალი ჩვენი რეგიონის და ქვეყნის მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით მიმაჩნია ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, - განაცხადა მახარაძემ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ომარ მახარაძე თანამდებობიდან ფინანსური დარღვევების გამო თავად გაუშვეს. თუმცა ფინანსური დარღვევების გამო რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის გაშვება დამაჯერებლად მაინცდამაინც არ ჟღერს, რადგან არჩევნებამდე სწორედ ფინანსებთან და კორფციასთან დაკავშირებით დიდი სკანდალი აგორდა ზუგდიდში, ქალაქის მერისა და ვიცე-მერის წინააღმდეგ, რის გამოც ამ ადამიანებს თანამდებობს დატოვება მოუწიათ, თუმცა პარტიამ ისინი გვერდიდან არ მოიშორა და უფრო მეტიც, ორივე მათგანს ქალაქის საარჩევნო შტაბიც ჩააბარა, მხოლოდ არჩევნების პირველ ტურში ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის წაგების შემდეგ გაახსენდა მათი კორუფციული საქმე პროკურატურას და ორივე მათგანს ბრალიც არჩევნებში მარცხის შემდეგ წაუყენა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ოცნებამ” თავად გაუშვა რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი, თუ ეს მმართველი პარტიიდან წამსვლელთა პირველი მერცხალია, ამის მტკიცება რთულია. პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, საპრეზიდენტო პოსტის დაკარგვის საფრთხემ “ქართული ოცნება” შეკრა ისე, როგორც არასდროს, თუმცა თვლის, რომ ამ მონოლითს შერყევა ემუქრება, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს მეორე ტური. მისი პროგნოზით, არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის წაგების შემთხვევაში ძალიან მალე დაიწყება “ოცნების” ჩამოშლის თუ დაშლის პროცესი როგორც რეგიონებში, ასევე პარლამენტში, ხოლო თუკი არჩევნებში ზურაბიშვილმა მოიგო, მმართველი პარტიიდან გაქცეული ადამიანების ხილვა მაინც მოგვიწევს, მაგრამ ეს უფრო ნელი პროცესი იქნება და დროში ცოტათი გადაიწევს - “წაგების შემთხვევაში ძალიან მალე დაიწყება “ოცნების” დაშლის პროცესი, როგორც რეგიონებში, ასევე პარლამენტში. მაჟორიტარების უმრავლესობა ტრადიციულად მსხვილი ბიზნესმენები არიან და მათ საოცრად აქვთ განვითარებული ყნოსვა და ინსტიქტი იმისა, ვისკენ იხრება ძალაუფლების სასწორი - პირველი გადახტომის პროცესი, თუ პარლამენტზე ვისაუბრებთ, მათგან დაიწყება. ისევე, როგორც “ნაციონალებიდან” “ოცნებაში” გადასულების ნაწილიც ელოდება შესაბამის მომენტს, რომ ისევ უკან დაბრუნდეს”, - ამბობს ლაგაზიძე, რომლის თქმით საუბარია მათზე, ვინც მედროვეობის გამო გადავიდა “ოცნებაში”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ამ პროცესს შეუქცევადი ხასიათი ექნება. რაც შეეხება ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევას, დაშლის პროცესი ამ დროსაც დაიწყება, იმიტომ, რომ, გაგახსენებთ, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაიწყო სხვადასხვა ფრაქციებს გამოყოფაზე საუბარი და როდესაც ივანიშვილი პარტიაში დაბრუნდა, დაბრუნების მიზეზად სწორედ პარტიაში არსებული პრობლემები დაასახელა. ის, რაც ახლა მოხდა და „ქართული ოცნების" რეიტინგის მინიმუმზე დასვლა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს აფიქრებინებს, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური კარიერის დაწყებას, რათა 2020 წლისთვის გადარჩენა შეძლონ. თუმცა ამავდროულად ივანიშვილი ეცდება და თქვა კიდეც, რომ 1 წელიწადში უნდა დაალაგოს სახელისუფლებო ვერტიკალი. მოკლედ, იქნება მცდელობა, რომ “ოცნებაში არა დაშლის, არამედ პირიქით, ერთ მყარ ვერტიკალზე განლაგების პროცესი დაიწყოს. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მცდელობას პერსპექტივა არ აქვს იმიტომ, რომ პირველი ტურის ფორმატში განსაკუთრებით გამოიკვეთა “ქართულ ოცნებაში” განსხვავებული ინტერესესის მქონე ძალიან ბევრი ჯგუფი, რომლებიც ერთად ვერ მოძოვენ”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

რას ნანობს რასმუსენი - “2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ზე უარის თქმა შეცდომა იყო”

“მიმაჩნია, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის იქვე უნდა მიგვეცა მაპ-ი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და ამ თავშეკავებით არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. მან ჩათვალა, რომ ახლა მისი დრო იყო, შეეძლო, აგრესიულად ემოქმედა და შედეგიც ვნახეთ - იმავე წელს საქართველოს დაესხა თავს... დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ბოლომდე უნდა მივყოლოდით იმ გზას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს სამიტზე მაპ-ის მიღებასთან მიიყვანდა. ეს არ იქნებოდა წევრობის გარანტია, მაგრამ ეს იქნებოდა მძლავრი სიგნალი”, - აცხადებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი პარიზის მშვიდობის ფორუმზე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სათაურით რას ნანობს რასმუსენი / “ერთადერთი ტაქტიკა, რომლითაც პუტინს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ ვუბიძგებთ, არის ის, რომ მას არაფერი დავუთმოთ და ალიანსი ერთად და მტკიცედ იდგეს. პუტინს ძალიან უყვარს საკუთარი თავის ძლიერ კაცად წარმოჩენა და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ძალას სცემს პატივს. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძლიერები. ნებისმიერ დათმობას პუტინი სისუსტედ მიიჩნევს”.

“მწამს, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ფუნდამენტურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სახელმწიფოს, უკრაინისა და საქართველოს ჩათვლით, უფლება აქვს, თვითონ გადაწყვიტოს, რომელ ალიანსში გაწევრდება და ვისი მოკავშირე იქნება. სწორედ ამიტომ უნდა გვექცია რეალობად საქართველოსა და უკრაინის ამბიცია მაშინ, ბუქარესტში. მათ მოითხოვეს გაწევრების სამოქმედო გეგმა და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ მოთხოვნასა და ზემოთ ხსენებულ ფუნდამენტურ პრინციპს. ეს არ არის მოსკოვის ან ბრიუსელის გადასაწყვეტი - ეს უნდა გადაწყვიტონ თბილისსა და კიევში... ვფიქრობ, თუ საქართველოსა და უკრაინას სურთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრება, ჩვენ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ და მათ უარი არ ვუთხრათ. გახდებიან თუ არა ისინი წევრები, შეასრულებენ თუ არა სავალდებულო კრიტერიუმებს - ეს სხვა საკითხია, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვთქვათ - “არა, ეს ამბავი არ გამოვა, მოგიწევთ, ნეიტრალურ სივრცედ ან ბუფერულ ზონად იქცეთ ნატოსა და რუსეთს შორის!” ჩვენთვის მიუღებელია ასეთი მიდგომა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდერს ფოგ რასმუსენი.

“თუ საქართველო გადაწყვეტს, მოითხოვოს წევრობა ან იმუშაოს წევრობის მისაღწევად, ჩვენ ნატოში ამ პროცესს ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი. რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტი - გაწევრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საერთო კონსენსუსით მიიღწევა. ჩვენ გვაქვს მკაფიო კრიტერიუმები. ნატოს ქარტია ამბობს, რომ გაწევრება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ევროპული ქვეყნისათვის, სადაც დემოკრატიული სტანდარტებია და რომლებსაც სურთ, წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ამ ეტაპზე საქართველო სამიდან ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს; მესამე კი გახლავთ შემდეგი: გააძლიერებს თუ არა საქართველოს გაწევრება საერთო უსაფრთხოების ქოლგას? ეს დისკუსია, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბოლოო ბედთანაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს საკითხი საქართველოსა და ნატოს შორის უნდა გადაწყდეს, ეს არ არის მოსკოვის გადასაწყვეტი”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მოგისმენიათ თუ არა საქართველოს რომელიმე ხელისუფლებისგან ასეთი წინადადება: “ჩვენ დღესვე დავთმობთ ამ ორ რეგიონს, ოღონდ ხვალ ნატოში მიგვიღეთ?” - პასუხობს:

“საქართველოს ხელისუფლებასთან დახურული დისკუსიების შესახებ კომენტარისგან თავს შევიკავებ; საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა ეს იყოს გამოსავალი. ჩვენგან ამ საკითხზე ზეწოლა არ ყოფილა და არც იქნება. საერთაშორისო სამართლის გადმოსახედიდან ეს რეგიონები საქართველოს ნაწილებად რჩება”.

“დღეს უკვე გავიაზრეთ, რომ რუსეთი არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. სწორედ ასეა საქმე და ამასთან შეგუება მოგვიწევს. აღარ ვარ ისეთი ოპტიმისტი, როგორიც მაშინ. დღეს უკეთ ვიცნობ პრეზიდენტ პუტინის ფსიქიკას. ერთადერთი ტაქტიკა, რომლითაც პუტინს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ ვუბიძგებთ, არის ის, რომ მას არაფერი დავუთმოთ და ალიანსი ერთად და მტკიცედ იდგეს. პუტინს ძალიან უყვარს საკუთარი თავის ძლიერ კაცად წარმოჩენა და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ძალას სცემს პატივს. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძლიერები. ნებისმიერ დათმობას პუტინი სისუსტედ მიიჩნევს. დღეს უკვე ვიცით, რომ რაც რუსეთმა 2008 წელს გააკეთა, შემდეგ უკრაინაში გაიმეორა. ამ გადმოსახედიდან შეიძლება მტკიცება - 2008 წელს უფრო ხისტად რომ გვემოქმედა, მეტი სიმტკიცე რომ გამოგვეჩინა, შეიძლებოდა უკეთესი შედეგისთვის მიგვეღწია, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, მათთვის შანსი კიდევ მიგვეცა, 2008 წლის ომის შემდეგაც კი. რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობდით, რუსეთთან შეიძლებოდა სტრატეგიული ურთიერთობა, მაგრამ უკრაინამ დაგვანახა, რომ ეს შეუძლებელია... თუმცა ვფიქრობ, მაშინდელი გადმოსახედიდან მისთვის შანსის მიცემა სწორი გადაწყვეტილება იყო”, - დასძენს ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი.

გია ხუხაშვილი - „ვხედავ, რა გეგმით უნდა იმოქმედოს „ოცნებამ“ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში...“

“შთაბეჭდილება მრჩება, რომ “ქართული ოცნება” ანტიკამპანიას აწარმოებს. თითქოს ყველაფერს აკეთებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააღიზიანოს და ბოლო შანსიც კი დაკარგოს, მის ქმედებებში პროფესიონალური ლოგიკის დანახვა უკვე ძალიან რთულია. ყველა ამ ქმედებაზე იმდენად მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა უხდება, რომ რამე დივიდენდის მიღება თუ ჰქონდა ჩაფიქრებული, ფაქტობრივად, ამის შესაძლებლობა მოისპო და ყველაფერი ნეგატივში გადავიდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს აძლევენ ყველაზე სახიფათო იარაღს, რაც არის სატირა, დაცინვა და ა.შ. პოლიტიკურ პროცესში სატირა უფრო საზიანოა, ვიდრე ნებისმიერი კომპრომატი, იმიტომ, რომ, თუ დაგცინიან, ეს შენი გარდაუვალი დამარცხების გარანტიაა”, - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: „ვხედავ, რა გეგმით უნდა იმოქმედოს „ოცნებამ“ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში...“

“რაც შეეხება 28 ნოემბრის მეორე ტურის თარიღად დასახელებას, დამატებით უქმე დღედ გამოცხადება არასერიოზულია. არ ვიცი, შეიძლება 28-ში პლანეტების აღლუმია, ვარსკვლავების განსაკუთრებული განლაგება ან კიდევ რაღაც ხდება, რომ ასე მოიკლეს თავი ამ რიცხვისთვის. თუ შეთქმულების თეორიით ვიმსჯელებთ, შესაძლოა შტაბის შიგნით საგანგებო საბოტაჟიც ხდებოდეს - ანუ ამ ავადსახსენებელმა შკლიაროვმა “ოცნების” შტაბში ვიღაც გადაიბირა და ასეთი გაუგებარი ნაბიჯებისკენ უბიძგებს. არც იმას გამოვრიცხავ, იმ ხალხმა, ვინც თავის დროზე “ნაციონალებში” იყვნენ და მერე იქ გადაბარგდნენ, მათი კალათის უკან კვერცხების დება დაიწყეს. ამ ეჭვს ისიც მიღრმავებს, შტაბიდან ასე რომ ჟონავს ინფორმაცია და ბევრი რამ “რუსთავი 2”-მა უფრო ადრე იცის, ვიდრე ჩვენმა უშიშროებამ... ბილბორდების თემაც იმავე ხასიათისაა. თითქოს მოსახლეობამ ვერ გაიგო, რომ ზურაბიშვილი მათი კანდიდატია და გადაწყვიტეს, ასეთი ოდიოზური ფორმით ემცნოთ. კაცის ფოტოს გვერდით მხოლოდ ქალის სახელი რომ წერია, რა შეიძლება ამას დაარქვა?” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“პირველი ტურის შედეგი “ქართული ოცნებისთვის” სერიოზული სტრესი იყო და ამის შემდეგ მუდმივი პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია. მათი ქმედებები აფექტური და არაპროგნოზირებადია - დილით დგებიან და შუადღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თვითონაც არ იციან. არ ვიცი, ამ ყველაფრის წამყვანი ემოცია რა არის, შიში, ცუდის მოლოდინი თუ კიდევ სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, ასე იქცევიან. ეს შიშის მიზეზი იოლად ასახსნელია, რადგან “ქართული ოცნების” ელიტის დიდი ნაწილი - ყველაზე არ ვიტყვი - არიან ის ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილის აჩრდილის ეშინოდათ მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, და ეშინიათ ახლაც. ამიტომ ცდილობენ, რომ თავიანთი სტრესი მთელ საზოგადოებაზე გადაიტანონ და აპოკალიფსურ სურათს ხატავენ, ვაშაძე თუ გახდა პრეზიდენტი. სინამდვილეში, ამით ხელისუფლება ხომ არ იცვლება და თავად თუ ვერ ხვდებიან, ვუთხრათ, რომ ვაშაძის პრეზიდენტობის შემთხვევაში ხელისუფლებას არ კარგავენ. შესაბამისად, მათი შიში ირაციონალურია და თავიანთ ფობიებს რატომ გვახვევენ თავს? ყველაზე მეტად ეს სტრესული სიტუაცია მაწუხებს, საზოგადოების ისევ ორად გახლეჩის მცდელობა. მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას”, რომ მისი პრობლემა არ არის არც სააკაშვილი, არც ვაშაძე - “ქართული ოცნების” პრობლემა თავად `ქართული ოცნებაა~ - სახელმწიფოებრივი პრობლემების გადაწყვეტით, პოზიტიური დღის წესრიგით, კორუფციასა და სახიფათო ტენდენციებთან ბრძოლის ჩვენებით რომ იყვნენ დაკავებული, საქმე აქამდე არ მივიდოდა”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

“ამას ვეუბნებოდი, რასაც არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა - აბსოლუტური­ მიუღებლობა, ამის შემდეგ ვთქვი, რომ დაიკარგა ლიდერის ფუნქცია. ლიდერი არის ის, ვისაც შეუძლია თვალი გაუსწოროს პრობლემებს და გადაჭრას. ამას მოჰყვა ცნობილი გაბრაზება, როცა ტალახი მესროლეს, რითაც მე არაფერი დამკლებია, ისევ ავტორი დაზარალდა. მე ეს არ მახარებს და იმ პრინციპით ვმოქმედებ, რომ მოყვარეს პირში ვუძრახო და არა გუნდრუკი ვუკმიო. ფაქტობრივად, ახლა “ქართული ოცნება” ცდილობს გააღვიძოს ლატენტური ანტიმიშა, ამაზე ჩამოდის ფსონს და ამით მთელ საზოგადოებას რომ აზიანებს, სრულიად უსაფუძვლო სტრესულ ვითარებას რომ ქმნის, ამაზე არც ფიქრობს... არადა, დიდი სეგმენტის მოზიდვა შეეძლოთ ანტიკორუფციული ღონისძიებებით, პოლიტიკური ნების ჩვენებით, რომ კორუფციას არ შეეგუებიან. ამის მაგივრად ფარცხალაძე-თორდიას აბსოლუტურად პაროდიული პროცესი გვაჩვენეს... დღემდე “მგელი მოდის” ნარატივში სხედან, სპონტანურად მოქმედებენ და გონი აღარ უმუშავებთ”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ვითარების შესაცვლელად დრო არის?” - პასუხობს:

“თეორიულად არის, მაგრამ ამის გათვლა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. თუმცა, მეორე მხრივ, “ნაცმოძრაობა” არის პარტია, რომელსაც საზოგადოებამ 2012 წელს განაჩენი გამოუტანა და მისი რეაბილიტირება არ მომხდარა. ამას მოხერხება უნდოდა, რომ “ოცნებამ” დაკარგა ის მორალური უპირატესობა, რაც არხეინად ცხოვრების ლიმიტს მისცემდა. ამ ხელისუფლების წინასთან შედარებაც კი არ შეიძლება, იმდენად ჰუმანურია, მაგრამ აქ კითხვა ჩნდება, ეს არის მენტალური ჰუმანურობა, თუ განპირობებულია იმით, რომ ჯერ იმ ბოროტი მანქანის დაქოქვა ვერ მოახერხეს. ამიტომ ჩნდება კითხვა და ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ეს კითხვები მოხსნას”.

ვაშაძე გახდება თუ არა პრეზიდენტი, პოლიტიკური რყევები მაინც გვექნება. წმინდა პოლიტტექნოლოგიურად მე ვხედავ, თუ რა გეგმით უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ისე, რომ შედეგზე იყოს ორიენტირებული - ვაშაძეც იძლევა ისეთ დაპირებებს, რომლებიც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის, ამიტომ მისი მარგინალიზაცია, როდესაც ძალაუფლება შენ გაქვს, ადვილია, ამიტომ მეჩვენება, რომ მათი ქცევა საღ აზრში არ ეწერება. თუმცა “ოცნება” უკვე იმ კონდიციაშია, როცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მისი მომავლის პროგნოზირება ექსპერტისთვისაც შეუძლებელია... თუ ზურაბიშვილის გამარჯვება იქნება დამაჯერებელი, არც არაფერი არ მოხდება. მაგრამ თუ ასე არ იქნება, აქციები გაიმართება, მაგრამ დღეს ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არის. “ნაცმოძრაობა” კარგად ორგანიზებული ძალა კია, მაგრამ არა აქვს ელექტორალური განვითარების ზრდის პოტენციალი. რაც მთავარია, ასეთ შემთხვევაში “ოცნების” ძალიან დიდი დელეგიტიმაცია მოხდება. საზოგადოება რევოლუციურ ტალღას არ აჰყვება, მაგრამ მერე მკაცრად დასჯის და მგონია, რომ ამას “ნაცმოძრაობა” დღეს უკეთესად ხვდება,­ ვიდრე მმართველი პარტია”, -დასძენს გია ხუხაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა