გია ხუხაშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ იმავე  600 000-მა ადამიანმა ვალი აიღოს და ასეთ შემთხვევაში, ახალ მასშტაბურ „შავ სიას“ მივიღებთ

როდესაც ქველმოქმედება პოლიტიკის ნაწილი ხდება, ეს საზოგადოებაში უპასუხისმგებლობის შეგრძნებას იწვევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მან შეაფასა ჭარბვალიანობის დაძლევის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაცხადებული ინიციატივა და აღნიშნა, რომ ეს მასში წინააღმდეგობრივ განცდებს იწვევს.

„ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ ინიციატივასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი განცდები მიჩნდება. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, რომ ამ ინიციატივის ავტორს და დამფინანსებელს მადლობა არ გადავუხადოთ ამის გამო. რაც შეეხება ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლოგიკას, აქ, რა თქმა უნდა, სევდიანი განცდები ჩნდება. ეკონომიკური ლოგიკით ამ ტიპის ნაბიჯები მხოლოდ დამაზიანებელია, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ვინაიდან საზოგადოებაში გარკვეულ უპასუხისმგებლობის განცდას აჩენს და სტიმულს აძლევს ახალი „შავი სიების“ ფორმირების პროცესს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ხუხაშვილის თქმით, ფონდ „ქართუს“ ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში გაკეთებული აქვს ძალიან ბევრი კარგი საქმე.

„სამწუხაროდ, ამჯერად ყველაფერი დაუკავშირდა პოლიტიკურ კონიუნქტურას და ამან, გარკვეულწილად, გააუფასურა ფონდის ტრადიციული საქმიანობა. ეს გულდასაწყვეტია. როდესაც ქველმოქმედება პოლიტიკის ნაწილი ხდება, ეს საზოგადოებაში ჯანსაღ განცდას არ ტოვებს და ამახინჯებს საზოგადოებრივ ცნობიერებას, უპასუხისმგებლობის შეგრძნებას იწვევს. ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ შეუძლიათ აკრიფონ ახალი ვალები. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვალები იგივე 600 000-მა ადამიანმა აიღოს, ვინაიდან მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ძალიან მალე ახალ, არანაკლებ მასშტაბურ „შავ სიას“ მივიღებთ“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 700 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები გაუნულდება.

“საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტიტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო