ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე - „ქართუს“ გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკისთვისაც კი უპრეცედენტო შემთხვევა იქნება

„ქართუ ბანკის“ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკისთვისაც კი უპრეცედენტო შემთხვევა იქნება, – ამის შესახებ საფინანსო ექსპერტმა გოგიტა ცუცქირიძემ განაცხადა, რითაც ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000 მოქალაქისთვის დავალიანების განულების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული სამწუხარო რეალობის წინაშე არასწორმა პოლიტიკამ და საბანკო-საფინანსო სფეროში არსებული რეგულაციების გაუქმებამ მიიყვანა.

როგორც გოგიტა ცუცქირიძემ აღნიშნა, 2007-2009 წლებში შეიცვალა საფონდო ბაზრის კანონმდებლობა და გააუქმდა საბანკო მომსახურებაზე არსებული ზედა პროცენტული ზღვარი, რამაც სათავე დაუდო საფონდო ბაზრის დეგრადაციას და საბანკო მონოპილიზაციას.

„აღნიშნული სამწუხარო რეალობის წინაშე, 2000-იან წლებში წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ და საბანკო-საფინანსო სფეროში არსებული რეგულაციების გაუქმებამ მიგვიყვანა. 2003-2012 წლებში წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო როგორც საბანკო და საფინანსო სექტორებში რეგულაციების გაუქმება, ასევე მაღალი დოლარიზაციაც და სავაჭრო ბალანსის სარეკორდო დეფიციტი, რომელიც 2012 წლისათვის 5 მლრდ დოლარს ასცდა და ჩვენი ეკონომიკა დღემდე ვერ ამოსულა ამ კატასტროფული საგარეო მოწყვლადობიდან. აღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა ექსპორტის შემცირებით და იმპორტის სარეკორდო ზრდით ხასიათდებოდა, რასაც მართალია თან სდევდა მომსახურების სერვისების განვითარება, მაგრამ სამაგიეროდ, ადგილობრივი წარმოება სულს ღაფავდა. საბანკო სექტორის, ფინანსური სექტორის მონოპოლისტად ქცევა, ფინანსური სექტორის სხვა მოთამაშეების და საფონდო ბაზრის ჩაძირვა, დღეს ასე პრობლემურად ქცეული „ჭარბვალიანობა“ და კრედიტ ინფოს „შავი“ სიაც, არის სწორედ იმ ე.წ. დერეგულირებული ეკონომიკური პოლიტიკის ნეგატიური რეციდივი, რომელიც ასე პრობლემად არის ქცეული და დღემდე სერიოზულ ტვირთად აწევს ქართულ ეკონომიკას.

შემთხვევით არ იყო, რომ „ნაციონალისტური ნარატივი“ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, ბიზნეს დატერორების გზით ვითარდებოდა. საკუთრების უფლებების დარღვევა, სასამართლო სისტემის სრული მოშლა და პარტიული მართველობის ვერტიკალზე დაქვემდებარება, იყო თანმდევი იმ ბაკქანალიისა, რაც ათასობით ადამიანის ციხეში გაშვებით და შიშის ტერორის ატმოსფეროთი იყო უხვად ნაზავი. საკუთრების უფლებების ღამით გადაფორმების პრაქტიკის ფართოდ დანერგვა, საბანკო სისტემის მძევლად აყვანა და რეპუტაციური რისკის ზრდა, იურისდიქციის გარეთ დატოვებით დღესაც ამ გარიგებებში მონაწილე ბანკების უმძიმეს ტვირთად რჩება. სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ კი, 2007-2009 წლებში შეიცვალა საფონდო ბაზრის კანონმდებლობა და გააუქმდა საბანკო მომსახურებაზე არსებული ზედა პროცენტული ზღვარი, რამაც სათავე დაუდო საფონდო ბაზრის დეგრადაციას და საბანკო მონოპოლიზაციას, რამაც ერთი მხრივ, ეკონომიკაზე იმოქმედა ნეგატიურად და მეორე მხრივ, წარმოქმნა დავალიანება ასი ათასობით მსესხებლის (მოვალეთა რეესტრში 600 ათასამდე ადამიანია რეგისტრირებული) საბანკო და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების (მიკროსაფინანსო და ონლაინ გამსესხებელი ორგანიზაციების) და კერძო იპოთეკარების წინაშე და დღესაც მათი კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების დაკარგვის მაღალ რისკს ატარებს,” - განაცხადა ექსპერტმა გოგიტა ცუცქირიძემ.

მისივე შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დაკისრებული ვალების და მასზე დარიცხულ ჯარიმების გადახდას, გაუნულდეთ ეს დავალიანება.

„კარგია, რომ ამ დავალიანების გადახდა არ ხდება ბიუჯეტის ხარჯზე და აქ სხვა ალტერნატიული ვარიანტებიც შეიძლება იქნას გამოყენებული. მაგალითად, თუ ეს სახელმწიფოს და საერთაშორისო დონორების მიერ შექმნილი ფონდის ან სპეციალური კერძო ფონდის მიერ განხორციელდება. ამას ახორციელებს „ქართუ ბანკი“ და ეს იქნებოდა უპრეცედენტო შემთხვევა საერთაშორისო პრაქტიკისთვისაც კი. როდესაც ვსაუბრობთ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მე მოვუწოდებ ყველას ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მოგების ის მაღალი მარჟა, რომლითაც ისინი ოპერირებენ, ამის საშუალებას თავისუფლად იძლევა,“ - განაცხადა გოგიტა ცუცქირიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის