ლევან ბოძაშვილი - არ მგონია, ივანიშვილმა ამდენი შეცდომა ვინმეს აპატიოს - როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, „ქართულ ოცნებაში“ დიდი საკადრო წმენდა გარდაუვალი იქნება

როგორც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, “ქართულ ოცნებაში” დიდი საკადრო წმენდა გარდაუვალი იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირის მკვლევარმა ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სხვაგვარად, “ქართული ოცნება” ვერ შეინარჩუნებს მდგრადი და საიმედო პარტიის იმიჯს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული.

„ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი კისრულობს ვალდებულებას მოსახლეობას ჭარბვალიანობის ტვირთი შეუმსუბუქოს, მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა აქამდე რატომ მივიდა საქმე, 6 წლის შემდეგ რატომ უწევს მას უნიათოდ წარმართულ საარჩევნო კამპანიაზე საკუთარი ფინანსებით პასუხისგება და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხი დარჩება გაუცემელი. მაშინ, როდესაც 4 წლისა და 4 თვის შემდეგ ასოცირების ხელმოწერიდან ევროპარლამენტი რეზოლუციით გვეუბნება, რომ თურმე მთელ სამთავრობო სტრუქტურებში ასოცირების განმახორციელებელი პერსონალის ტოტალური გადამზადებაა საჭირო, რომ შესაქმნელია ანტიკოფურციული ბიურო ელიტურ კორუფციასთან საბრძოლველად, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანამ დაკარგა ზუსტად ამდენი დრო ასოცირების სარგებლის მისაღებად და ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა სპეციალიზირებული სამინისტროების მხრიდან, რაც ბუნებრივია, აისახა ეკონომიკაზე.

საკადრო პოლიტიკაში თავიდანვე აქცენტის გაკეთება არაკვალიფიციურ, მაგრამ უპირობო შემსრულებლებზე, იყო საკუთარი თავისა და როგორც უკვე გამოჩნდა, ქვეყნისადმი დაშვებული შეცდომა. ამ შეცდომის გამოსწორება მხოლოდ ერთი ფორმულით შეიძლება - გაიმიჯნოს სახელმწიფო და პარტიული ლიდერული პოზიციები, მოხდეს ახალი სახეების წინ წამოწევა, შეიქმნას თავისუფალი ველი პარტიის შიგნით პოლიტიკოსების და არა ტექნოკრატების წარმოჩინებისა, პირადი ანგარიშვალდებულობა შეიცვალოს საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებითი დამოკიდებულებით“, - განაცხადა ბოძაშვილმა.

ბოძაშვილი ფიქრობს, რომ „საპარლამენტო გუნდმა სრულად ამოწურა თავისი საზოგადოებრივი რესურსი, პოლიტიკური ლეგიტიმაცია ამ გუნდის დიდი ნაწილისა უკვე გაკრეფილია“.

„არ მგონია, ივანიშვილმა ამდენი შეცდომა ვინმეს აპატიოს, არჩევნებიდან 2 წლის შემდეგ სახეზეა, რომ საპარლამენტო გუნდმა სრულად ამოწურა თავისი საზოგადოებრივი რესურსი, პოლიტიკური ლეგიტიმაცია ამ გუნდის დიდი ნაწილისა უკვე გაკრეფილია. ამიტომაც, ეს გუნდი სამომავლოდ მოკლებულია პიროვნულ რესურს რაიმე არსებითი გააკეთოს. რა ფორმით მოხდება ეს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით თუ უბრალოდ გუნდის შიგნით ჩანაცვლებით, ეს არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა