გიორგი გახარია - დაისჯება ყველა, თუ ვინმემ პატრულს შესაბამისი მითითება მისცა, რომ ლაშა ნაცვლიშვილისთვის შეღავათი გაეწია

ყველა, ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის, დაისჯება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. შს მინისტრის თქმით, კანონდარღვევისთვის ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, იმის მიუხედავად, ვინ არის და რა თანამდებობა უკავია მას.

„საერთოდ არ მაინტერესებს ახლა ლაშა ნაცვლიშვილი, საერთოდ არ წარმოადგენს ჩემს ინტერესს, ახლა, ამ ტრაგედიის ფონზე ლაშა ნაცვლიშვილი. ეს ერთი. რაც შეეხება, კონკრეტულ საქმეს, ამ საქმესთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ, რაც სიუჟეტი ეთერში გავიდა. ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ შემდეგი - ყველა, ვინც კანონდარღვევა ჩაიდინა, თუ ვინმემ პატრულს, ასე ვთქვათ, შესაბამისი მითითება მისცა, რომ შეღავათი გაეწია ლაშა ნაცვლიშვილისთვის - დაისჯება. თუ პატრულმა თავისი ინიციატივით ჩაიდინა ეს კანონდარღვევა და შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს - დაისჯება. თუ ვინმე სხვამ, მესამე პირმა, ეს მასალა იმისთვის გამოიყენა, რომ მიეღო გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე, ისიც დაისჯება. მერწმუნეთ, რომ რამდენიმე დღეში, მე თქვენ გეტყვით იმას, თუ რა მოხდა, ვინ იქნება დასჯილი და რატომ მოხდა პირადად ჩემთვის შემზარავი ფაქტი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ. აღნიშნული კომენტარი მან ხობში გააკეთა, სადაც აფეთქების შედეგად დაშავებული ოჯახი საავადმყოფოში მოინახულა.

„რუსთავი 2-მა“ გუშინ გაავრცელა კადრები, სადაც მათი მტკიცებით, „ქართული ოცნების“ PR ტექნოლოგი და მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. სიუჟეტის თანახმად, კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს მანქანას და ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

აღნიშნულ სიუჟეტს თავად ლაშა ნაცვლიშვილიც გამოეხმაურა. მან დაადასტურა, რომ საჭესთან ნასვამი იჯდა, თუმცა მისი თქმით, პოლიციის მიმართ მისი მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი ნაცვლიშვილი შსს-ს მოუწოდებს, ჩატარდეს მოკვლევა და ობიექტურად გაირკვეს ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო