ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2018

არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს

გაზსადენ “ჩრდილოეთ დინება” 2-ის ამუშავებამ უკრაინა შესაძლოა ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქციოს

არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს

"28 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ხელისუფლება და ოპოზიცია ახალ დაპირებებზე და საარჩევნო მესიჯებზე გადავიდა. არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატი საზოგადოებას ახალ-ახალ დაპირებებს სთავაზობს. მმართველმა გუნდმა მეორე ტურისთვის მასშტაბური სოციალური პროექტები დაიწყო. ოპოზიციაც ხელისუფლებას არ ჩამორჩება და ისინი ერთმანეთს დაპირებების მოპარვაშიც კი ადანაშაულებენ“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატთა ახალი გზავნილები ამომრჩეველს

"გადავავლოთ თვალი მეორე ტურის მესიჯებს და საარჩევნო სტრატეგიას, რომელსაც ორივე მხარე მიმართავს. გთავაზობთ იმ დაპირებებს, რაც სამთავრობო სტრუქტურების ოფიციალურ საკომუნიკაციო არხებზე 28 ოქტომბრიდან დღემდე იძებნება. პირველ რიგში მივყვეთ მმართველი გუნდის ახალ სოციალურ პროექტებს, რომელსაც ისინი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას ჰპირდებიან. 9 საცხოვრებელი კორპუსი დევნილებს წყალტუბოსა და ზუგდიდში, გაზრდილი ფულადი დახმარება 140 000 ბავშვს, ქორწინების ახალი სტანდარტი და სამზითვო „ვეფხისტყაოსანი" ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს, გაზრდილი ხელფასი სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს, 400 ბინა დევნილებს, ტყიბულში ქურთუკების, რუსთავი-გარდაბნის გზაზე მარილის და თბილისში სარწყავი ლენტების საწარმოების გახსნა, ოფიციალური შემოსავლის მიღების მიუხედავად, სოციალური დახმარების შენარჩუნება 1 წლის ვადით, 1200 სტუდენტს ერთი წლით სწავლის დაფინანსება. სამხედრო მოსამსახურეების, სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის შემადგენლობის ხელფასების ზრდა და ასევე ყველაზე მთავარი დაპირება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს, ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდებათ. ამ დავალიანების გადახდას კი საკუთარ თავზე ფონდი „ქართუ" იღებს.„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს". რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა. მინდა განვუმარტო საზოგადოებას, რომ შავ სიაში დაფიქსირებული ვალების თითქმის 95% შედგება სესხებისგან, რომელთა ძირი თანხაც ორი ათას ლარს არ აღემატება. საუბარია 600 ათასზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებებზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნულდებათ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის თითქმის 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჩვენი მოქალაქე. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"თუმცა, სანამ მამუკა ბახტაძე ბანკებთან დაკავშირებულ ახალ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, წინა დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. კერძოდ, ვაშაძის განცხადებით, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ. ასევე, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები. ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ამნისტია უნდა გამოაცხადოს ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავების, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ეტაპობრივად უნდა გაანახევროს იპოთეკური სესხების პროცენტი."ჩვენი გეგმაა ეკონომიკის სწრაფი ზრდა და ამავე დროს ორ წლიანი მორატორიუმი უსამართლო კრედიტებზე და საბანკო ვალის ოდენობის გამოთვლა 2012 წელს არსებული ლარის კურსით (1.66) ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებლად განახევრდება იპოთეკის პროცენტი და უსამართლო კრედიტებზე გამოცხადდება ორწლიანი მორატორიუმი, პენსია გაიზრდება 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასი კი 1000 ლარამდე, ხოლო პოლიციელის 2000 ლარამდე" - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე“, - განაგრძობს გამოცემა.

"აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაშაძის ამ განცხადებას მმართველი გუნდიდან კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვაშაძემ ეს ინიციატივა მათ მოპარა. წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და მოქალაქეების მოსყიდვაზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი. მიხეილ ბენიძე მეორე ტურისთვის ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესს აფასებს. მისი განცხადებით, ახალ პროგრამებზე მუშაობა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაზრდას და სოციალურად დაუცველების დასაქმებას გულისხმობს, ორივე პროგრამაზე მუშაობა მეორე ტურისთვის დაიწყეს, რაც ამომრჩევლის მოსყიდვას გულისხმობს. მესამე სექტორის წარმომადგენელს პროგრამების ავტორებთან კითხვები აქვს, იყო თუ არა შესაძლებელი ამ პროგრამებზე მუშაობა მეორე ტურის დანიშვნამდე. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე, მთავრობის მიერ დღეს გამოცხადებულ პროგრამაში, რომელიც პრემიერის თქმით, ჭარბვალიანობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, მოქალაქეების მოსყიდვის ნიშნები იკვეთება და პროკურატურისგან ვალების ჩამოწერის საქმით დაინტერესებას მოითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც 100 ლარს აჭარბებს. „ქართუ ჯგუფი" იღებს საკუთარ თავზე ამ ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში ეს წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მოსყიდვაა, როდესაც ის 100 ლარს აჭარბებს, არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქ ცხადია, რომ ჯამურადაც და თითოეული ადამიანის შემთხვევაშიც, ვისაც ეს შეეხება, უმეტეს შემთხვევაში, ეს იქნება ამ ზღვარს ზემოთ და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს", - განაცხადა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ“, - დასძენს გამოცემა.

"ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი კი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული ხელისუფლების გადაწყვეტილებამ შესაძლოა, რომ უკურეაქცია გამოიწვიოს და პირიქით, უფრო მასშტაბური ე.წ. შავი სია მივიღოთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ როდესაც ქველმოქმედება პოლიტიკის ნაწილი ხდება, ეს საზოგადოებაში უპასუხისმგებლობის შეგრძნებას იწვევს. „ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ ინიციატივის ავტორს მადლობა არ გადავუხადოთ, მაგრამ წინააღმდეგობრივი განცდები მიჩნდება, რადგანაც აქ ეკონომიკური და პოლიტიკური ლოგიკა ჩნდება. ეკონომიკური ლოგიკით ამ ტიპის ნაბიჯები მხოლოდ დამაზიანებელია, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ვინაიდან საზოგადოებაში გარკვეულ უპასუხისმგებლობის განცდას აჩენს და სტიმულს აძლევს ახალი „შავი სიების" ფორმირების პროცესს. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ფონდ „ქართუს" ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში გაკეთებული აქვს ძალიან ბევრი კარგი საქმე. "როდესაც ქველმოქმედება პოლიტიკის ნაწილი ხდება, ეს საზოგადოებაში ჯანსაღ განცდას არ ტოვებს და ამახინჯებს საზოგადოებრივ ცნობიერებას, უპასუხისმგებლობის შეგრძნებას იწვევს. ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ შეუძლიათ აკრიფონ ახალი ვალები. "არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვალები იგივე 600 000-მა ადამიანმა აიღოს, ვინაიდან მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან მალე ახალ, არანაკლებ მასშტაბურ „შავ სიას" მივიღებთ", - აღნიშნა ხუხაშვილმა“, - წერს სტატიის ავტორი.

გაზსადენ “ჩრდილოეთ დინება” 2-ის ამუშავებამ უკრაინა შესაძლოა ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქციოს

"გაზსადენ "ჩრდილოეთ დინება 2"-ის ამუშავების შემთხვევაში უკრაინას შესაძლოა უშუალო საფრთხე დაემუქროს; განხორციელდება მისი ეკონომიკური იზოლაცია, - რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა უკრაინაზე გამავალი სატრანზიტო გზა მთლიანად მოხსნას, რის შედეგადაც უკრაინის ტრანზიტი, როგორც ევროკავშირის ქვეყნებისთვის, უშუალოდ რუსეთისათვის, დაკარგავს მნიშვნელობას. სწორედ ამაზე მიგვითითებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაც, - ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა გაზსადენ „ჩრდილოეთ დინება 2"-ის მშენებლობის შესაჩერებლად მუშაობას ერთობლივად გააგრძელებენ, - ამის შესახებ პომპეომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პაველ კლიმკინთან შეხვედრისას განაცხადა“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გაზსადენ “ჩრდილოეთ დინება 2"-ის ამუშავებამ უკრაინა შესაძლოა ეკონომიკურ იზოლაციაში მოაქციოს

"გაზსადენ "ჩრდილოეთ დინება 2"-ის შეჩერება უკრაინისთვის ასეთი მნიშვნელოვანი რატომ არის და კონკრეტულად, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუკი მისი ამუშავება განხორციელდება, - ამ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" სამხედრო ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას გაესაუბრა. მისი განცხადებით, ამ გაზსადენის პროექტის ამუშავება უკრაინის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უშუალოდ აისახება, - იამალი-ევროპის გაზსადენი მთლიანად ჩამოიშლება, რაც უკრაინის ტრანზიტს მნიშვნელობას დაუკარგავს და იგი უსარგებლო გახდება ევროპის ქვეყნებისათვის. „თუკი „დინება 2"-ის პროექტი განხორციელდება, ეს პირდაპირ აგრესიას გამოიწვევს პოლონეთზე, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მატეუშ მორავეცკის განცხადება, ფაქტობრივად, ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება. „ამ პროექტის ამუშავება უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგენს, - ეს რუსეთს საშუალებას აძლევს, რომ მთლიანად მოხსნას უკრაინაზე გამავალი სატრანზიტო გზა, ანუ იამალი-ევროპის გაზსადენი და ფაქტობრივად, უკრაინის გვერდის ავლით, გაზი პირდაპირ მიაწოდოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ამით უკრაინა ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციოს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩრდილოეთ დინება 2" და „სამხერეთ დინება," რომლითაც რუსეთი აპირებს სამხრეთიდან მოახდინოს თავისი გაზის მიწოდება, საუბარია 60 მილიარდ კუბურმეტრ გაზზე, „ჩრდილოეთ დინებაზე" კი, დაახლოებით, 70 მილიარდ კუბური მეტრი გაზია. „მან ეტაპობრივად შესაძლოა 110 მილიარდი კუბურიმეტრი გაზის მიწოდებას მიაღწიოს, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ტრანზიტი რუსეთისათვის და ევროკავშირისათვისაც მნიშვნელობას დაკარგავს," - აცხადებს ის. მაისაიამ „ჩრდილოეთ დინება 1"-ის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ „ჩრდილოეთ დინება 2"-ის ამუშავება უკრაინას სერიოზულ დარტყმას აყენებს, რაც უშუალოდ რუსეთის „გათვლას" წარმოადგენს და უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა, რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდეს, - ლეგიტიმურია. „არსებობს „ჩრდილოეთ დინება 1," რომლის მეშვეობითაც რუსეთი ევროკავშირს აწვდის გაზს, საუბარია გერმანიაზე, - გერმანიიდან ეს „ნაკადი" ბრიტანეთზე გადის და შემდეგ, დანარჩენ ევროკავშირის სახელმწიფოებზე. ის აწვდის 45 მილიარდ კუბურმეტრ გაზს. „ჩრდილოეთ დინება 2"-ზე ორმაგდება კიდევ ამ გაზის „ნაკადების" მიწოდება. „ამ სატრანზიტო, იამალი-ევროპის ხაზით, უკრაინა დამატებით დაკარგავს ევროდოლარებს და გაზს, რომლის მეშვეობითაც უკრაინა ღებულობდა რუსულ გაზს სატრანზიტო გაზის საფასურის სახით და რა თქმა უნდა, ეს უკრაინის ეკონომიკას საკმაოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებს“, - დასძენს გამოცემა.

"მაისაიას თქმით, რუსეთის გათვლა ასეთია, - თუ ისინი უკრაინას გეოეკონომიკურ მნიშვნელობის ფაქტორიდან ჩახსნიან, გამოდის, რომ უკრაინამ შეიძლება მიმზიდველობა ევროკავშირისთვის დაკარგოს. „ჩრდილოეთ დინება 2"-ის ამოქმედების შედეგად უკრაინა შეიძლება რეალურად რუსული პირდაპირი აგრესიის დარტყმის ქვეშ მოექცეს. პოროშენკო, ბუნებრივია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითხოვს, რადგან რუსეთი აგრძლებს აგრესიულ პოლიტიკას, - ყირიმსა და დონბასთან მიმართებაში. პოროშენკო მოითხოვს ეკონომიკური სანქციების გაზრდას რუსეთთან მიმართებაში იმისთვის, რომ რუსეთს აღარ შეეძლოს თავისი აგრესიული პოლიტიკის გატარება უკრაინასთან მიმართებაში. დონბასში ე.წ. არჩევნების ჩატარება წარმოაჩენს იმას, რომ რუსეთი აპირებს ახალი ტიპის აგრესიული გეგმების განხორციელებას უკრაინის წინააღმდეგ," - აღნიშნა მან. მაისაიამ უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა, რაც დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ განხორციელდება და სწორედ მაშინ გადაწყდება, საბოლოოდ რა მიმართულებას აირჩევს უკრაინა. იგი რუსეთის მხრიდან გარკვეულ პროვოკაციას არ გამორიცხავს.„დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ უკრაინაში უნდა ჩატარდეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული არჩევნები, - საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც გაირკვევა უკრაინის შემდგომი ბედი, - სად წავა იგი.

"არის ორი კანდიდატი, - პეტრო პოროშენკო და იულია ტიმოშენკო. შესაძლოა ამ არჩევნების ფონზე, რუსეთმა კიდევ უფრო დაძაბოს სიტუაცია უკრაინაში, - გამოიყენოს თავისი პრორუსული გავლენის ცენტრები, მოახდინოს გარკვეული სამხედრო პროვოკაციები და საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა მოახდინოს, ან ხელი შეუწყოს თავისი სასურველი კანდიდატის გაყვანას ამ თანამდებობაზე. პეტრო პოროშენკო კრემლს არ აწყობს და ეს ფაქტია. უკრაინაში სიტუაცია საკმაოდ რთულია, - პოროშენკო ცდილობს, რომ მოახდინოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალიზაცია, რეფორმირება," - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო