თსუ-ში პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ გიორგი ხუციშვილის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, პროფესორები, სტუდენტები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გაიხსენა გიორგი ხუციშვილთან მისი თანამშრომლობა განათლების სფეროში, იმ დროისთვის უცხო მიმართულების - კონფლიქტოლოგიის ჩამოყალიბებაში თსუ-ში.

„კონფლიქტოლოგია დღეს უკვე ჩამოყალიბებული და შემდგარი დარგია საქართველოში და ეს გოგი ხუციშვილის დამსახურებაა. მას ძალიან ბევრი საინტერესო კვლევა ჰქონდა სხვადასხვა კონფლიქტის გადაჭრის გზების, ტრავმების, სხვა საკითხებთან დაკავშირებით“,-განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

გამომსვლელებმა ისაუბრეს გიორგი ხუციშვილის მოღვაწეობასა და მის წვლილზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის საქმეში საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. „გიორგი ხუციშვილმა პირველად დაიწყო კონფლიქტოლოგიის შესწავლა საქართველოში. ის, ამავე დროს, იყო ძალიან მაღალი დონის მკვლევარი, მედიატორი, შეეძლო ძალიან სერიოზული მოლაპარაკებების წარმოება. გავიხსენებ 2008 წელს, ომის შემდეგ მან მოახერხა სტამბულში მოეწყო შეხვედრა ქართველი და რუსი მკვლევრებისა, სადაც მედიატორის ძალიან დიდი უნარები გამოავლინა“, - აღნიშნა თსუ პროფესორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ.

„გიორგი ხუციშვილმა და მე დავაფუძნეთ კავკასიის რეგიონული კვლევების ასოციაცია, სადაც იგი აქტიურად მუშაობდა და ყოველთვის ცდილობდა წვლილი შეეტანა კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში. ამავე დროს, ის ცდილობდა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორების და სტუდენტების ჩართვას ამ პროცესებში. გიორგი ხუციშვილს ჰქონდა უამრავი პუბლიკაცია როგორც თეორიული ისე პრაქტიკული ხასიათის“, - განაცხადა თსუ პროფესორმა ალექსანდრე კუხიანიძემ.

ღონისძიებაზე ფილოსოფიის მენიერებათა დოქტორის, პროფესორ გიორგი ხუციშვილის ნაშრომთა პრეზენტაცია გაიმართა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის