„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ყველა დარგში ვუსწრებთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ზოგს ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი გუნდია და ოპონირებას უწევს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ეს არ არის ოპონირება.
„ეს სხვა ძალაა, ეს დესტრუქციული ძალაა. მათ არ შეუძლიათ კანონიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და სიტუაციის ატრიალება უნდათ. იგივეს აკეთებენ დღეს, რაც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ჰქმნიდნენ ვირტუალურ სამყაროს, თვითონ კარგად იყვნენ და ყველას გვარწმუნებდნენ, რომ კარგად ვართ. მოდელირებული გადაცემები, დახურული ტელევიზიები, ყვითელი და წითელი ჩაფხუტები, დააყენებდნენ რიგში, ერთ აშენებულ შენობას ოთხი კვირის განმავლობაში უღებდნენ და აპიარებდნენ და არწმუნებენ საზოგადოებას, რომ ყველანი კარგად ვართო. ყველა დარგში, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“, რამდენჯერმე ვუსწრებთ. ერთადერთი სიცრუეზეა ყველაფერი დალაგებული და ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ აპოკალიფსია ქვეყანაში. მმართველი ძალა შეძლებს სიცრუის ტყვეობაში და შანტაჟში აღარ დავტოვოთ საზოგადოება. თუმცა არავის გაუჩნდეს გუნდში იმის ხიბლი, რომ ჩვენ მეთოდებს შევიცვლით. ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული მეთოდებით გავაგრძელებთ მართვას და ჩვენ ვაჩვენებთ რეალობას“, - აღნიშნა ივანიშვილმა.