„სამართლიანი არჩევნები“ - მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო პირველ ტურთან შედარებით, უფრო მკვეთრი პოლარიზებითა და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო პირველ ტურთან შედარებით, კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებითა და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება.

“სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდში გაზრდილია აგრესიული რიტორიკა.

“პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ. მოგვიანებით, სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველი გზავნილების მიღების შესახებ განაცხადა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა“, - ნათქვამია წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში.

ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, პირველ და მეორე ტურებს შორის მედია მკვეთრად პოლარიზებულია.

“მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია იმედმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ “საგანგებო რეჟიმში“ გადასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო ტელეკომპანია “რუსთავი 2“ მკვეთრად გამოხატავს ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერას“, - წერია “სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ზეწოლა/მუქარის 40; საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის - 1; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 3; ფიზიკური დაპირისპირების - 5; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 14; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის - 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა.

იხილეთ ვიდეო: "აგრესიული რიტორიკა, შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები მმართველის გუნდის მიერ, პოლარიზებული მედია" - "სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო