ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2018

ქველმოქმედება, რომელმაც შესაძლოა, სოციალური აფეთქება გამოიწვიოს

მოზარდებმა კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს, სპეციალისტები საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ

ქველმოქმედება, რომელმაც შესაძლოა, სოციალური აფეთქება გამოიწვიოს

"ქველმოქმედება, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ "ქართუს" შესაძლოა, უკან უარყოფითად დაუბრუნდეს და მასშტაბური სოციალური პროტესტის სახე მიიღოს - გუშინ "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებმა და ფინანსური კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულმა მეანაბრეებმა "ოცნების" ოფისთან აქციები მოაწყვეს. ისინი მოითხოვენ, რომ მათი ზარალის ანაზღაურებაც მოხდეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ თუკი ბიძინა ივანიშვილს 600 ათასი ადამიანის ვალი ადარდებს, მაშინ გაუგებარია, მათი ზარალი რატომ არის მისთვის ნაკლებად სადარდებელი. "ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართეს და შენობაში შესვლაც სცადეს, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეები მთავრობისაგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ქველმოქმედება, რომელმაც შესაძლოა, სოციალური აფეთქება გამოიწვიოს / "ქართული ოცნების" ოფისთან დახმარების სათხოვნელად მისულებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა დაიწყო

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ასევე საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები მივიდნენ და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. მათი თქმით, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება თანხების დაბრუნების თაობაზე, საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ. გედევან ფოფხაძე ერთხელ შეგვხვდა, თუმცა მას შემდეგ არ გამოგვხმაურებია. სამი კვირაა, აქ ვდგავართ და ბიძინა ივანიშვილთან ვითხოვთ შეხვედრას. გუშინ მთავრობამ განაცხადა, რომ 2000 ლარს ქვევით ვისაც საბანკო დავალიანება აქვს, ჩამოეწერება. გვინდა მათ შევახსენოთ, რომ ჩვენ ვალი არ გვაქვს, ჩვენი დანაზოგი კომპანიაში შევიტანეთ და საქართველოს ეკონომიკაში ჩავდეთ, თუმცა მათი უწყებრივი დანაშულის შედეგად დავზარალდით და ეს თანხები დავკარგეთ", - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ანა ძნელაძემ. ანალიტიკოსების თქმით, ადვილი პროგნოზირებადი იყო, რომ პრემიერის ორშაბათის გადაწყვეტილებას სხვა დაზარალებულებისა და იპოთეკარების პროტესტი მოჰყვებოდა. მათი აზრით, როდესაც ქვეყანაში სოციალური სეგმენტი პრობლემური გყავს და პრობლემას მხოლოდ ერთს უგვარებ, მსგავს პროტესტს უნდა ელოდო და შედეგების ანალიზი მოახდინო“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მათი აზრით, ამ ქველმოქმედებას თავისი უკურეაქცია ექნება და ეს უკვე ამ აქციებითაც გამოჩნდა. ეკონომისტები აცხადებენ, რომ ამით ხელისუფლება საკმაოდ ცუდ პრეცედენტს ნერგავს და მძიმე ეკონომიკურ-სოცილურ მდგომარებაში მყოფი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღიზიანებას იწვევს. თუმცა ყველა მათგანი თანხმდება, რომ ეს ივანიშვილის ქველმოქმედებაა, რომელიც მას არჩევნებისათვის სჭირდება და მის გამეორებას ვერავინ აიძულებს. ეს მხოლოდ მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ანალიტიკოსი და ეკონომისტი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ, ერთი მხრივ, მოსახლეობას ივანიშვილისათვის მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ ქველმოქმედებასაც კარგად გააზრება სჭირდება, რათა ამან სხვა პრობლემების გაათმაგება არ გამოიწვიოს. ხუხაშვილი ამბობს, რომ ასევე ბუნდოვანია, ვალის გამოსყიდვა რა თანხებს უკავშიდება და რეალურად ნამდვილად ამდენი ადამიანი არის თუ არა ე.წ. "შავ სიაში", რაც კიდევ დამატებით კითხვებს აჩენს. მისი თქმით, უიმედო ვალები ბევრად უფრო ნაკლები ღირს და რელურად ფონდ "ქართუს" მილარდ-ნახევრის ვალის გადახდა არ მოუწევს. "სოციალური სეგმენტი ძალიან პრობლემური გვაქვს. როდესაც ერთ-ერთი სეგმენტის პრობლემის გადაჭრას იწყებ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ ამან შესაძლოა, სხვა პრობლემების გააქტიურება გამოიწვიოს. შეიძლება იმის უკუშედეგი მიიღო, რაზეც გათვლებს აკეთებ. მე მგონია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგია, გაუთვლელი და არაპროფესიულია. მათ უნდა გაეთვალათ, რომ ამ აქტს სხვა დაზარალებულებისა და იპოთეკარების პრობლემების გააქტიურება მოჰყვებოდა."მე ამის უკუშედეგს ამ აქციებით უკვე ვხედავ და ასეთივე უარყოფითი შედეგი გრძელვადიანი ეკონომიკური გათვლებითაც იქნება. ხელისუფლება გრძელვადიან გათვლებს აღარ აკეთებს, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. მათ ახლა ერთი კონკრეტული არჩევნების პრობლემა აქვთ და ცდილობენ, რომ ეს პრობლემა როგორმე გადააგორონ, ხოლო მერე რა იქნება, მერე იფიქრებენ. მათი ქცევა დაახლოებით ასე გამოიყურება", - განაგრძობს გამოცემა.

"ეკონომიკური საკითხების ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი "რეზონანსთან" ამბობს, რომ დაუშვებელია, ადამიანს ქველმოქმედება იძულებით მოსთხოვო, რასაც, მისი აზრით, ახლა "ოცნების" ოფისთან "საქართველოს" მიერ დაზარალებული მეანაბრეები და "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები აკეთებენ. ჯანიაშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია, დაზარალებული მეანაბრეები, რომლებმაც ფინანსურ კომპანიაში ანაბარი იმ იმედით შეიტანეს, რომ მაღალ პროცენტს მოიგებდნენ, იმ ადამიანებთან გავაიგივოთ, რომლებიც ე.წ. "შავ სიაში" მძიმე სოციალური პრობლემების გამო მოხვდნენ. მისი თქმით, ძალიან ბევრმა ადამიანმა ბანკიდან ვალი ელემენტარული საჭმლის არქონის გამო გამოიტანა, თუმცა ჯანიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი აქციები მოსალოდნელი იყო, მაგრამ ეს ლოგიკას სრულიად მოკლებულია და ამ ადამიანებს ვინმემ უნდა აუხსნას, რომ ამ ფულს ხელისუფლება ბიუჯეტიდან კი არ ფარავს, არამედ ეს არის საქველმოქმედო აქტი და ივანიშვილის ვისაც უნდა, იმას დაეხმარება. "ეს არის სუფთა წყლის ქველმოქმედება და წარმოუდგენელია, ადამიანს ედავებოდე იმაზე, სხვას რატომ ეხმარები და მე - არაო. იძულებითი ქველმოქმედება გინახავთ? საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულები თავს რომ სოცილურად დაუცველებს უტოლებენ, არასწორია. უფასო ფული ყველას სიამოვნებს, მაგრამ ყველაფერი ხომ არ უნდა მოვითხოვოთ? ადამიანებმა დეპოზიტზე თანხები შეიტანეს, მაღალი მოგება რომ მიეღოთ და გაკოტრდა ახლა ეს კომპანიები. "ესეც ივანიშვილის ბრალი ხომ არაა, შენ რომ საქმე თაღლითთან დაიჭირე? მე პირადი პრობლემა კი არ მაქვს. კი, ბატონო, დაუფაროს ყველას, კაცო, რა ჩემი საქმეა, მაგრამ ეს ხომ მისი ნებაა, ხომ ვერ ვაიძულებთ?! ახლა ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი მწერლებს, ხელოვანებსა და ასეთ ხალხს თვიურად ფულს უხდის. მე წინააღმდეგი კი არ ვიქნები, რომ ჩამსვან ამ სიაში და ყოველთვე ხუთი ათასი მიხადონ. წავიდე, გავაპროტესტო და მოვითხოვო - ეს ხალხი რა ნიშნით შეარჩიე-მეთქი?" - აცხადებს ჯანიაშვილი "რეზონანსთან".მისივე თქმით, სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ფონდ "ქართუს" ამ ვალების გადახდა მილიარდ-ნახევარი არ უჯდება, რადგანაც ეს მხოლოდ ვაჭრობის საქმეა. ეკონომისტი ამბობს, რომ ვინც ელემენტარულ საბანკო სისტემაში ერკვევა, ყველამ კარგად იცის, რომ მსგავსი უიმედო ვალები 5%-ად ან 10%-ად იყიდება. ამიტომ რამდენი უჯდება ფონდს ვალის დაფარვა, ეს უკვე მისი და ბანკების ვაჭრობის საქმეა. ეკონომისტი ამბობს, რომ ამით ყველაზე მოგებული ბანკები არიან, რადგანაც იმის ნახევარსაც ვერ ამოიღებდნენ, რასაც, სავარუდოდ, ფონდი უხდის“, - დასძენს გამოცემა.

"პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის წევრი რომან კაკულია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მსგავსი პროტესტი მოსალოდნელია და ამიტომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ინტენსიური უნდა იყოს, რათა მათ სწორი ინფორმაცია მიეწოდოთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საქველმოქმედო აქციაა და ამ ფულს ხელისუფლება ბიუჯეტიდან არ იღებს. კაკულია ამბობს, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, ეს მხოლოდ ერთჯერადი ხასიათის ქველმოქმედებაა. თუმცა, დეპუტატი აცხადებს, რომ როდესაც საუბარი შეღავათებს ეხება, მას ესმის, რომ მსგავსი შეღავათის სურვილი ნებისმიერ სხვა დაზარალებულ ადამიანსაც უჩნდება. მისივე თქმით, დღეს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას გარკვეული ინტერპრეტაცია მოჰყვა, სადაც მან თქვა, რომ შეიძლება თანხა, რაც დასახელდა - მილიარდ-ნახევარი ლარი - ფონდს ამდენი არც დაუჯდეს. იმიტომ კი არა, რომ ეს ტყუილია, არამედ იმიტომ, რომ ბანკებსა და ფონდს შორის დე ფაქტო მოლაპარაკება სულ სხვაგვარია. დეპუტატი ამბობს, რომ ეს მათი კომერციული საიდუმლოებაა და აქ მთავარი შედეგის მიღებაა, რომ მილიარდ-ნახევარი ლარის ღირებულების ვალი ხალხს ჩამოეწერება“, - წერს სტატიის ავტორი.

მოზარდებმა კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს, სპეციალისტები საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ

"სავარაუდოდ, არასრუწლოვნებმა ტექნიკის მორიგი მაღაზია გაძარცვეს. ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე „აიფონის“ მაღაზია დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს გაძარცვული დახვდათ. მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ კარი დილით დაზიანებული ნახეს, მაღაზიის შუშები კი ჩამტვრეული იყო. არასრულწლოვნებმა, როგორც თანამშრომლები ამბობენ, მაღაზიიდან ტექნიკისა და ფულის გატანა შეძლეს. რა რაოდენობის ზარალზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გარე სათვალთვალო კამერამ მძარცველები დააფიქსირა და როგორც ცნობილია, პოლიციამ მათი ინდენტიფიცირება უკვე შეძლო“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მოზარდებმა კიდევ ერთი მაღაზია გაქურდეს, სპეციალისტები საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ

"ტექნიკის მაღაზიის თანამშრომელი რეზო ტაბიძე ამბობს, რომ კამერებში ორი არასრულწლოვანი ჩანს, რომლებიც მაღაზიის შუშებს ქვით ამტვრევენ. მისი თქმით, ბავშვებმა მაღაზიიდან ტელეფონების და ფულის წაიღება მოასწრეს. ასევე ძვირად ღირებული მაქბუქი მოიპარეს. ტაბიძე ამბობს, რომ კამერაში ვიზუალურად ერთი არასრულწლოვანის სახე კარგად ჩანს და პოლიციამ მისი ვინაობის დადგენა უკვე შეძლო. „დილით სამსახურში მოსულებს მაღაზიის მინები ჩამტვრეული დაგვხვდა, კარი კი გატეხილი იყო. გარე მაღაზიის სათვალთვალო კამერებიდან რაც ვნახეთ, ჯერ მაღაზიის მინებს ქვით ამტვრევენ და ასე შედიან. შემდეგ, როგორც ჩანს, კარი შიგნიდან გატეხეს და იქიდან არიან გამოსულები. „კამერაში ორნი ჩანან. სავარაუდოდ, მათი აღნაგობიდან გამომდინარე, არასრულწლოვნები უნდა იყვნენ. სახეს კი იფარავენ, მაგრამ ერთის იდენტიფიცირება პოლიციამ მაინც მოახერხა. „დიდი ზარალია-თქო ვერ ვიტყვით, მაგრამ ტელეფონების და ქეშის წაღება მოასწრეს. ერთი ძვირადღირებული რაც არის წაღებული, მაქბუქია. ველით, რომ ტექნიკის დაბრუნება მალევე მოხდება. არ გვგონია, რომ მისი გაყიდვა მოასწრონ“, - აცხადებს მაღაზიის თანამშრომელი“, - აღნიშნავს გამოცემა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით აღიძრა. უწყების ცნობით, დადგენილი არიან დანაშაულის ჩამდენი პირები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ბათუმში, არასრულწლოვნების მიერ ძარცვის ეს პირველი ფაქტი არ არის. ამა წლის ზაფხულში, ბათუმში წერეთლისა და ჯორჯიაშვილის ქუჩების კვეთაზე 4 მაღაზია გაქურდეს. სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების თქმით, წაღებულია დიდი რაოდენობის თანხა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ამ კუთხით კი საგანგაშოა. მათი ინფორმაციით, ყოველთვიურად იზრდება პასუხისგებაში მიცემული არასრულწლოვანთა რაოდენობა. იზრდება ბავშვების მხრიდან ქურდობის ჩადენის მაჩვენებელიც. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ყველაზე ხშირი დანაშაული ქურდობაა.მონაცემების მიხედვით, წელს, მაისის თვეში 61 არასრულწლოვანი დააკავეს ქურდობისთვის. იმავე ბრალდებით გასული წლის მაისში 27 მოზარდი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში“, - განაგრძობს გამოცემა.

"ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ქურდობის მუხლით ასე გამოიყურება: 2018 წლის აპრილი - 46, 2017 წლის აპრილი - 16; 2018 წლის მარტი - 69, 2017 წლის მარტი - 20; 2018 წლის თებერვალი - 59, 2017 წლის თებერვალი - 8; 2018 წლის იანვარი - 47, 2017 წლის იანვარი - 18. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მაისში 14 მოზარდი გასამართლდა ქურდობისთვის, გასული წლის ამავე პერიოდში კი - 8. „რეზონანსთან“ მოზარდების დანაშაულის გაზრდილ სტატისტიკაზე იურისტები და ბავშვთა ფსიქოლოგებიც საუბრობენ, რომელთა თქმითაც, მოზარდების ქურდობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა, ხოლო მათ მძიმე სოცილურ პირობებს, არ არის გამორიცხული, რომ კრიმინალური ელემენტები იყენებდნენ, რომლებიც ბავშვებს ქურდობისკენ ახალისებენ. იურისტები აქცენტს გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაზეც აკეთებენ, საიდანაც ჩანს, რომ მოზარდების დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა