ზაქარია ქუცნაშვილი - ყალბი პირადობით „კარუსელის“ პრინციპით ხმის მიცემა თეორიულადაც რომ დავუშვათ, რეალობაში ამის განხორციელების პერსპექტივა ნულოვანია

ყალბი პირადობის მოწმობების გამოყენებით “კარუსელის“ პრინციპით ხმის მიცემის შემთხვევა თეორიულადაც რომ დავუშვათ, რეალობაში ამის განხორციელების პერსპექტივა არის ნულოვანი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

ქუცნაშვილი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ არჩევნები ამომრჩეველთა ელექტრონული სიებით ტარდება და სიაში ვერავინ დაემატება, “გამომდინარე იქედან, რომ სია უკვე დახურულია და თუ ვინმე დაემატა, ამას პროგრამა ამოაგდებს“.

მისივე თქმით, ასევე არსებობს უბანზე მისული ადამიანის ვიზუალური კონტროლისა და მარკირების პროცედურა.

„ასეთი შემთხვევა თეორიულად რომ დავუშვათ, რეალობაში მისი გამოყენების პერსპექტივა არის ნულოვანი. ამომრჩეველთა სიები არის ელექტრონული. გამომდინარე აქედან, თუ ერთი და იგივე პირს, ერთი და იგივე სურათით რამდენიმე პირადობის მოწმობას დაუმზადებ, კომპიუტერული პროგრამა სურათების, სახელისა და გვარის ან მისამართის მიხედვით ამომრჩევლის მონაცემებს ამოგიგდებს. კომპიუტერული პროგრამა ამას რამდენიმეწუთიანი ინტერვალით აკეთებს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ამომრჩეველთა სიაში ე.წ. მკვდარი სულები ან ზედმეტად ჩაწერილი ხალხი აღმოაჩინო. გარდა ამისა, ერთმა ადამიანმა კენჭისყრის დღეს რამდენიმე ადგილას რომ მისცეს ხმა, ამისათვის ის ერთი საარჩევნო უბნიდან მეორე საარჩევნო უბანში უნდა გადაადგილდეს და კომისიის მხრიდან ვიზუალური და ფიზიკური კონტროლი გაიაროს. ვიზუალურ კონტროლში იგულისხმება ის, რომ უნდა შეხედონ სახეზე, თუ ვინ შევიდა. ამის ალბათობას ასევე მარკირების პროცედურა კეტავს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სამართალდამცავ ორგანოებს გუშინ მიმართეს და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება გუშინ დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო