პრემიერ-მინისტრი არასამთავრობოებს მოუწოდებს, შესაძლო დარღვევების შესახებ კონკრეტული ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართონ შესაბამის ორგანოებს

2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია, ყველა არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა და ”ქართული ოცნება”’ გახლავთ იმის გარანტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, ქართველი ჟურნალსტების მიერ დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღევანდელი დღე არის იმის ყველაზე კარგი დასტური, თუ როგორი პროგრესი განიცადა საქართველომ დემოკრატიის გზაზე. “ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული ქვეყანა “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ბუნებრივია, დემოკრტიის განვითარებამ და ამ წარმატებამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, fake news-ების უზარმაზარი ტალღა ვიხილეთ და ეს ყველაფერი მათი ნარატივის ნაწილია. თუ რომელიმე ორგანიზაციას ან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ინფორმაცია რამე სახის დაღრვევისა თუ ხარვეზის შესახებ, აუცილებელია, დროულად მოხდეს ამ ინფორმაციის მიწოდება, რათა საგამოძიებო ორგანოს შესაბამისი რეაგირების საშუალება ჰქონდეს. როდესაც დემოკრატიის მაღალი სტანდარტის დაცვაზე ვსაუბრობთ, ეს უნდა მოხდეს ყველას მხრიდან. თუ არსებობს კონკრეტული დარღვევა და ინფორმაცია, ეს უნდა მიეწოდოთ შესაბამის ორგანოებს”, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური სრულიად უსაფუძვლოსა და “ყურით მოთრეულს” უწოდებს ბრალდებებს, თითქოს მთავრობა ახალი ინიციატივებით ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. მამუკა ბახტაძის თქმით, კანონმდებლობაშია გაწერილი, რომ ესა თუ ის ინიციატივა არ უნდა ემსახურებოდეს არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას.

“17 აგვისტოს, როდესაც მე პირადად ავიღე ვალდებულება, რომ შემოდგომაზე მოვაგვარებდით ე.წ შავი სიის პრობლემას, წინასაარჩევნო პერიოდში არ ვიმყოფებოდით. რაც შეეხება სოციალური პოლიტიკის ინიციატივებს, ჩვენ ამავდროულად ავიღეთ ვალდებულება, რომ შევცვლიდით სოციალურ პოლიტიკას, განსაკუთრებით unicef-ის ცნობილი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ. ჩვენ შევათანხმეთ ეს პროგრამა ყველა პარტნიორ ორგანიზაციასთან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელთანაც ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა გვაქვს. ბიუჯეტი პარლამენტში განხილვის სტადიაშია და ლოგიკურად იბადება კითხვა - მაშინ როდის უნდა გაგვეჟღერებინა ეს ინიციატივები, თუ არა ამ პერიოდში. შესაბამისად, ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ აქვს. 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და ქართველი ხალხი იქნება ერთადერთი, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები ჩატარდება უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტებისა და პრინციპების დაცვით”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა ადამიანს, ვისაც აქვს კონკრეტული ფაქტები შესაძლო დარღვევების შესახებ, მოუწოდა, დროულად მიმართონ შესაბამის ორგანოებს, რათა შესაბამისი რეაგირება მოხდეს “ნებისმიერ სიმახინჯეზე”, თუ ის არსებობს. “თუმცა, ჩვენ ისეთ დესტრუქციულ ძალასთან გვაქვს საქმე, მე, როგორც მოქალაქე, არც იმას გამოვრიცხავ, თვითონ “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდეს გარკვეული სცენების დადგმას ან დეზინფორმაციის პოპულარიზაციას, რაც მათ არაერთხელ გაუკეთებიათ. ამიტომ, აუცილებელია, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს და მას აქვს კონკრეტული საფუძველი, ის წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც საზოგადოების, ისე საგამოძიებო ორგანოებისთვის, რომ მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო: "შესაძლო დარღვევების ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართონ შესაბამის ორგანოებს" - პრემიერი მოწოდება არასამთავრობოებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა