ირმა ინაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ასუნსიონ სანჩეს რუისს შეხვდა და წინასაარჩევნო ვითარების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

ირმა ინაშვილის განცხადებით, ეს შეხვედრა გაგრძელებაა იმ შეხვედრებისა, რომლებსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ამ დღეებში ინტენსიურად მართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

შეხვედრაზე ირმა ინაშვილი ევროკავშირის წარმომადგენელს ესაუბრა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდზე, მიმდინარე პროცესების შესახებ გაკეთებული ანალიზი და პირველი ტურის შედეგების შეფასებები გააცნო.

„ევროკავშირის წარმომადგენელს გავაცანი შექმნილი ვითარება. მართალია, ჩვენი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არ მონაწილეობდა, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ მეორე ტურში მივიღოთ მონაწილეობა, ანუ მთელი ჩვენი რესურსი რეგიონებში, თბილისში, საქართველოს დიდ ქალაქებში უკვე აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესში. მე ვგულისხმობ დამკვირვებლებს, კომისიის წევრებს. ეს განაპირობა შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ის პარტია და ის საპარლამენტო ფრაქცია, რომელიც შესულია პარლამენტში რეზოლუციით, რაც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის პოლიტიკურ შეფასებას ითვალისწინებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვერ და არ დავუჭერთ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატურას. არჩევნებში არ მონაწილეობა კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ირიბად ხელი შევუწყოთ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვებას. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესში ჩართვა და ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა გადავწყვიტეთ“, - განაცხადა „საქართველოს პატრიოტების“ ლიდერმა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ყურადღება, ძირითადად, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე გამახვილდა, თუმცა, საუბარი შეეხო ასევე საარჩევნო სისტემის ცვლილების აუცილებლობას. „ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, რაც არის მნიშვნელოვანი და რის გამოც ჩვენ არ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. საარჩევნო კოდექსი თავიდან ბოლომდეა შესაცვლელი, მთლიანად საარჩევნო სისტემაა ქვეყნაში შესაცვლელი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეხვედრაზე პოლიტიკურ კლიმატზე საუბრისას, ყურადღება საინფორმაციო პოლიტიკასაც დაეთმო. „სამწუხაროდ, ამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამოყენებული იყო „შავი პიარის“ ყველაზე აგრესიული ფორმები და ეს ფორმები განსაკუთრებით ქალი კანდიდატის მიმართ იყო გამოყენებული. დღეს, როდესაც ამდენს ვსაუბრობთ გენდერზე და ქალთა უფლებებზე, პოლიტიკურ პროცესებში ქალების მონაწილეობაზე, ამ ტიპის აგრესიული, შავი კამპანიის გამოყენება უნდა შეიზღუდოს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტს სათანადო კანონმდებლობის შემუშავება მოუწევს იმისათვის, რომ ერთი მხრივ გამოხატვის თავისუფლება არ იყოს შეზღუდული, მაგრამ მეორე მხრივ დაცული იყოს პიროვნების ღირსება, მისი პატივი, რაც ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო