როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტობის კანდიდატი აკეთებენ განცხადებას, რომ საქართველომ ომი დაიწყო, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლება უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ წევრმა შოთა მალაშხიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებისთვის წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს.
„როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტობის კანდიდატი აკეთებენ განცხადებას, რომ საქართველომ ომი დაიწყო, მან დაბომბა ეს ტერიტორიები და ა.შ. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეს ხელისუფლება უარს ამბობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მესამე ადგილი უკავია, ყველაზე მოტივირებულმა ხალხმა უარი უთხრა ამას. მათთვის წარმოუდგენელია, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანი, ან ვისაც უნდა, რომ ხელისუფალი გახდეს, ასეთ განცხადებას აკეთებს“, - განაცხადა შოთა მალაშხიამ.