ზალკალიანი ევროპარლამენტარებს - პარადოქსულია ისაუბრო გაყალბებულ არჩევნებზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ვატარებთ არჩევნების მეორე ტურს

პარადოქსულია ისაუბრო გაყალბებულ არჩევნებზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ვატარებთ არჩევნების მეორე ტურს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ვეროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარების შეკითხვებზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე არჩევნების მეორე ტურს ეხებოდა.

“ცოტა პარადოქსულია ისაუბრო გაყალბებულ არჩევნებზე, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენ ვატარებთ არჩევნების მეორე ტურს. ჩვენ გვაქვს ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის სამართლიანი და პოზიტიური შეფასება. სადამკვირვებლო ჯგუფების უპრეცედენტო რაოდენობა უწევდა მონიტორინგს ამ არჩევნებს. ჩვენ მოწვევა გავუგზავნეთ ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ყველა მათგანმა წარმოადგინა ძალზე პოზიტიური შეფასება არჩევნების პირველ რაუნდთან დაკავშირებით. ეს არჩევნები პასუხობდა ყველა დემოკრატიულ სტანდარტს და ჩატარდა გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლა მეორე ტურს ვატარებთ, მიუთითებს ჩვენი დემოკრატიის სიმწიფეზე. როგორ შეგიძლიათ ისაუბროთ არჩევნების გაყალბების შესახებ, პარადოქსულია ამგვარი დასკვნები“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და ამ საკითხზე ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხა. კერძოდ, მან 600 000 მოქალაქისთვის მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების განულების შესახებ მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. ზალკალიანის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსყიდვის ელემენტებს არ შეიცავს და ის საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე ბევრად ადრეა მიღებული, როგორც მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისკენ მიმართული ზომა.

„პირველად ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის მაისში, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის რანგში ისაუბრა ამ სერიოზული პრობლემის შესახებ. მიმდინარე წლის აგვისტოში, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, მამუკა ბახტაძემ თავის საჯარო გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება ამ პრობლემაზე და მაშინ არ იყო საქართველოში საპრეზიდნეტო არჩევნები. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნამდე განაცხადა, რომ ის აპირებდა ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას. ასე რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს განხილული არჩევნების კონტექსტში. პრემიერ-მინისტრმა ეს პრობლემა ასევე მთავრობის დამტკიცების დროსაც გააჟღერა, კერძოდ, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას. ეს იყო მიმდინარე წლის ივნისში. მთავრობამ მოახდინა პროცესის ინიცირება და მოსახლეობას აღუთქვა, რომ ეს პრობლემა გადაწყდებოდა შემოდგომაზე. ახლა ნოემბერია, შემდგომის მიწურული და სწორედ ამიტომ დაემთხვა არჩევნებს ამ გადაწყვეტილების ინიცირება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, დღეს „შავ სიაში“ 700 ათასზე მეტი ადამიანია, რომლებიც მოკლებულნი არიან საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობის ეს ინიციატივა კი სწორედ სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკის გაჯანსაღებისკენაა მიმართული. როგორც ზალკალიანმა განაცხადა, საქართველოში არსებული ჭარბვალიანობის შესახებ თავიანთ კვლევებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც წერენ.

„ჭარბვალიანობასა და სიღარიბეს შორის არსებულ პირდაპირ კავშირზე მიუთითებდა ასევე იუნისეფის კვლევა. სწორედ იმ პერიოდში დააყენა მაშინელმა ფინანსთა მინისტრმა ეს საკითხი და განაცხადა, რომ ის ყველა ღონეს იხმარდა საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედის უმძიმესი მდგომაროების შესამსუბუქებლად, ასე რომ, ვფიქრობ ამ ნაბიჯს არაფერი აქვს საერთო არჩევნების გაყალბებასთან“, - განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ მოსახლეობის ფინანსური ვალდებულებების განულებისთვის გამოყოფილი თანხა არ არის საბიუჯეტო ფული. ეს არის სახსრები, რომლებსაც გამოჰყოფს საქველმოქმედო ფონდი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს