ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2018

ივანიშვილის გადამწყვეტი 1 წელი - “მას ჰგონია, რომ საკადრო გადაადგილებებით პრობლემების მოგვარება მოხდება”

დასავლეთი ნანობს, რომ 2008 წელს საქართველოს მაპ-ი არ მიანიჭა

“ხალხი გაბრაზდა იმიტომ, რომ უმუშევარია, შია და მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს” – ხუხაშვილი

* * *

ივანიშვილის გადამწყვეტი 1 წელი - “მას ჰგონია, რომ საკადრო გადაადგილებებით პრობლემების მოგვარება მოხდება”

“რა გავიგეთ ბიძინა ივანიშვილის ახალი გზავნილებიდან და რა გაიგო თავად მან საზოგადოებისაგან; რა დასკვნა გამოიტანა “ქართული ოცნების” ლიდერმა; რატომ მოხდა მეორე ტურის დანიშვნა და რამდენად რეალურად აფასებს ის ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას - ეს კითხვები ბიძინა ივანიშვილის ახალ ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც მან ტელეკომპანია “იმედს” მისცა. ანალიტიკოსები "თან" აცხადებენ, რომ ივანიშვილმა მთელი დანაშაულისა და შეცდომების ტვირთი საკუთარ გუნდს აჰკიდა. მათი აზრით, ის ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას რეალურად მაინც ვერ აფასებს და ჰგონია, რომ ყველა პრობლემას საკადრო ცვლილებებით მოაგვარებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილს საზოგადოებაში ავტორიტეტი უკვე დაკარგული აქვს და ურჩევენ, რომ ლაპარაკის ნაცვლად ქმედებაზე გადავიდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ივანიშვილის გადამწყვეტი 1 წელი / “მას ჰგონია, რომ საკადრო გადაადგილებებით ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება მოხდება”.

“ივანიშვილი ინტერვიუს დროს რამდენიმე აქტუალურ თემას შეეხო. მან ისაუბრა პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზე და განაცხადა, რომ მათ იდეალური კანდიდატი შეარჩიეს. ივანიშვილის განცხადებით, ზურაბიშვილი აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატია. ივანიშვილი მეორე ტურსაც აფასებს და ამბობს, რომ ზოგი ჭირი მარგებელია და ქართველმა საზოგადოებამ ივაჟკაცა. “იმ გაფრთხილებამ, იმ ცივმა შხაპმა, რაც არჩევნებმა ქართულ ოცნებას მისცა, ძალიან დიდი პოზიტივი აჩვენა ყველაზე სკეპტიკურ ევროპელებსაც კი - რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. რაც ჩვენ მოვედით, არჩევნების (გაყალბების) მცდელობაც არ ყოფილა. მე პირადად ნათქვამი მაქვს, ხელს მოვაჭრი, ვინმემ რომ გაბედოს, თავში გაივლოს და გააყალბოს”, - აღნიშნავს ის. პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იმ სცენარზე საუბრობს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განვითარდება. მისი თქმით, შტაბში უთხრეს, რომ ამ თემაზე არ ესაუბრა, მაგრამ კითხვას არ გაურბის. ივანიშვილი ამბობს, რომ თუ “ნაციონალურმა მოძრაობამ” რევოლუციური სცენარის განვითარება სცადა, სახელმწიფო კონსტიტუციურ ჩარჩოებში დარჩება. ივანიშვილის განცხადებით, დესტრუქციული ქმედებები შეაფერხებს ეკონომიკას და შეასუსტებს ბიზნესის ინტერესს რეგიონში. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისთვის ყველაზე მძიმე საგარეო იმიჯი იქნებოდა. მისი აზრით, ხალხი ნაწყენია და არა - გაბრაზებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ არის დამოკიდებულება, რომ აუტანელია “ქართული ოცნება” ხალხისათვის. ხალხი ნაწყენია და სწორედ საფუძვლიანად ნაწყენი, აქ ჩავდექი მე და დავასწარი. მადლობა ღმერთს, სწორ დროს დავინახე და ადრე შემოვბრუნდი, თორემ ახლა შემობრუნებას ფასი არ ექნებოდა. მე ხალხის ნაწილად მიმაჩნია თავი, ენერგიაც აქედან მაქვს და რესურსიც ჩემიც ესაა და არა - ფინანსებს მიანიშნებენ, თუ სხვას. მე რომ ხალხის ნაწილი ვიყავი, ეს გამოჩნდა კარგად, როცა მე მოვბრუნდი”, - ამბობს ივანიშვილი. მისი თქმით, გუნდში პრობლემები იყო, ჩატყდა ხიდი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ივანიშვილი პირობას დებს, რომ ამ პრობლემებს ერთ წელში გამოასწორებს და მიიღებს სახალხო ხელისუფლებას. მისი თქმით, კარგად ვერ გათვალა და პოლიტიკაში დაბრუნება მოუწია. ივანიშვილი ასევე ამბობს, რომ შეიცვლება მართვის ვერტიკალი და ადამიანები პარტიაში არა ერთგულებით, არამედ პროფესიონალიზმის მიხედვით შეირჩევიან. “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდი ისე იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი არაპროფესიული ჩაატარეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მისი თქმით, გუნდს, რომელიც ხელისუფლების ყველა რგოლს ფლობს, თვითდაჯერებულობა ემატება. “კვლევებიც კი პროფესიული არ ჩაუტარებიათ, რეალურად, პარტიული რესურსით ატარებდნენ კვლევებს და ასეთი ცდომილება იყო სირცხვილი. ეგზიტპოლის შემდგომ მეც კი გამომიყვანეს, ეს იყო სირცხვილი, ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამის შემდგომ. არათუ გრძნობადობა, არამედ მოლოდინი ჰქონდათ რეალობასთან აცდენილი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. იგი ირწმუნება, რომ საბანკო ვალების ჩამოწერის ინიციატივა არჩევნებს არ უკავშირდება და ამის შესახებ დაპირება თავად ჯერ კიდევ მაისში გასცა. მისი თქმით, სწორედ სიღარიბის დონის გაზრდის გამო მისცა საჯარო შენიშვნა კვირიკაშვილს, რადგან მან რეფორმები დააგვიანა. ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუსა და განცხადებებს აფასებს. მისი აზრით, ივანიშვილის ავტორიტეტი საზოგადოებაში სერიოზულადაა შელახული და მის სიტყვას ფასი აქვს დაკარგული, ამიტომ ურჩევს, რომ ლაპარაკის ნაცვლად იმოქმედოს. ხუხაშვილი ამბობს, რომ მთელი ინტერვიუს განმავლობაში ივანიშვილი თვითკრიტიკული არ ყოფილა და ყველაფერი გუნდს გადააბრალა”, - დასძენს გამოცემა.

“მიუხედავად თვითკრიტიკულობისა, ის საკუთარი პერსონის მიმართ არ იყო თვითკრიტიკული. მან ყველა დანაშაული გუნდს გადააბრალა და თქვა, რომ შეცდომებს ისინი უშვებდნენ. ამასთანავე, ის ადასტურებს, რომ ყველაფერს თავად მართავს და ყველას, ვინც არჩევნების გაყალბებას გაბედავს, ხელს მოაჭრის. მაშინ საზოგადოებაში მარტივი კითხვა ჩნდება, თუ ყველაფერს ის აკონტროლებს, გუნდი როგორღა ახერხებდა, რომ რაღაც გაეფუჭებინა? მას ავტორიტეტი საკმაოდ დაკარგული აქვს, ამიტომ ჯობია, ლაპარაკის მაგივრად იმოქმედოს. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ის ამას მოახერხებს, რადგან, გარდა იმისა, რომ მასში სურვილი ვერ დავინახე, ასევე მას ამის საშუალებაც არ აქვს. ის, გარკვეულწილად, არის ამ მანკიერი სისტემის მძევალი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ბუნებრივია, როდესაც ურემი გადაბრუნდება დამნაშავის ძებნა მერე იწყება. ძაბირაძის აზრით, ივანიშვილს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, არჩევნების პირველივე ტურში ვერგამარჯვება ან გუნდისათვის უნდა დაებრალებინა, ან ეთქვა, რომ გუნდთან ერთად ამ პასუხისმგებლობას ისიც იზიარებდა. თუმცა, მან მაინც ყველაფერი გუნდს დააბრალა, როცა ის მაისიდან უკვე პოლიტიკაში იყო და თანაც, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა პარტიას პირადად თავს მან მოახვია. პოლიტოლოგის აზრით, ივანიშვილი რეალურად ვერ აფასებს, ოპოზიციას (თუნდაც გამარჯვების ან არგამარჯვების შემთხვევაში) ქვეყანაში რამხელა პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა შეუძლია, რადგანაც ქვეყანაში მძიმე სოციალური პრობლემებია. ამიტომ, ძაბირაძე ფიქრობს, რომ ივანიშვილს ხალხისაგან მისი გუნდის ახალი ლეგიტიმაცია სჭირდება და ის ამას ვერ ხვდება. მას ჰგონია, რომ ყველაფერს მხოლოდ საკადრო ცვლილებებით გადაწყვეტს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ივანიშვილს იმაში ვეთანხმები, რომ 2012 წლიდან დღემდე არჩევნების გაყალბება არ მომხდარა და ამაში, ალბათ, ბევრი დაეთანხმება. მთლიანობაში, მაინცდამაინც ვერ ვხედავ, რომ მთელი ამ პრობლემის სიღრმე, რაც “ქართული ოცნების” წინაშე დგას, გააზრებული ჰქონდეს. მას ჰგონია, რომ საკადრო გადაადგილებებით ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება მოხდება. ეს მცდარი სტრატეგიაა. “ქართული ოცნება”, რა პოლიტიკურ სიტუაციაშიც დღეს იმყოფება, ხელახალ ლეგიტიმაციას საჭიროებს. აუცილებელია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოხდეს. სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდება, თუ არჩევნებში ვაშაძე გაიმარჯვებს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ბოლო პერიოდში “ოცნების” ამომრჩეველი და მხარდამჭერები საკმაოდ გამოფხიზლდნენ. როგორც ჩანს, ამ რესურსის მობილიზება ხდება. “ოცნებას” შანსი აქვს, უკვე გამარჯვება მოიპოვოს, ოღონდ ეს გამარჯვება “ნაციონალების” წინააღმდეგ მიცემული ხმების შედეგი იქნება. ზოგი იმიტომ მივა არჩევნებზე და ზურაბიშვილს მხარს იმიტომ დაუჭერს, რომ “ნაციონალების” მოწინააღმდეგეა და არა - “ოცნების” მხარდამჭერი, თუმცა ეს პრობლემა, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, მმართველ პარტიას მაინც დაუდგება და ვაშაძე გაიმარჯვებს თუ არა, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება”, - დაასკვნის ძაბირაძე.

დასავლეთი ნანობს, რომ 2008 წელს საქართველოს მაპ-ი არ მიანიჭა

“ეს თემა მნიშვნელოვანი გახდა უკრაინის მოვლენების შემდეგ, რადგან დასავლეთში ძალიან ბევრი მიხვდა, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი არ იყო ლოკალური მნიშვნელობის ომი, არამედ მას ჰქონდა საკმაოდ დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა”, - რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე და ბოლო პერიოდში ევროპის ერთგვარ გააქტიურებაზე რუსეთთან მიმართებაში, “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი აფასებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დასავლეთი ნანობს, რომ 2008 წელს საქართველოს მაპ-ი არ მიანიჭა - “ჩვენთვის მაპის მოცემა და გაწევრიანება უნდა მოხდეს ერთ დღეში”.

“ყველასთვის მხოლოდ ახლა გახდა ნათელი. ჩვენ საქმე გვაქვს ბევრად უფრო მძიმე მოვლენასთან, ვიდრე ეს საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული რუსეთის აგრესიაა. ეს იყო რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიული სტრატეგია პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი დომინირების აღდგენისთვის. მსოფლიომ ეს მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერა, რაც უკრაინის და უკანასკნელ პერიოდში, სირიისა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რუსეთის აგრესიული მოქმედება ფაქტად იქცა”, - მიიჩნევს ირაკლი მენაღარიშვილი. ნატო-ს ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას მაპ-ი არ მიანიჭეს და ამ თავშეკავებით პუტინს არასწორი სიგნალი გაუგზავნეს, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. კორნელი კაკაჩიას თქმით, საქართველოს მაპის მიღება 2008 წელს უფრო გაუადვილდებოდა, ვიდრე დღეს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი ახლა უფრო მეტ აგრესიას იჩენს. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოსთვის მაპ-ის მიანიჭებას გადაწყვეტენ, ეს ოპერატიულად უნდა განხორციელდეს, - ფაქტობრივად ერთ დღეში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ფასი დასავლეთმა სწორად ვერ გათვალა და ბუნებრია, რომ პოლიტიკურ წრეებში, დასავლეთში, გარკვეულწილად აცნობიერებენ ამას, - აქედან გამომდინარეობს იმ ტიპის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში შეინიშნება დასავლეთის ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან. საქართველო და უკრაინა, ორივე ცდილობს ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი კიდევ უფრო აგრესიულია, ახლა კიდევ უფრო უჭირთ კონცენტრაცია. მართალია, რუსეთი მაშინაც წინააღმდეგი იყო მაპ-ის მინიჭებისა, თუმცა რასმუსენის შეფასება ადასტურებს, რომ 2008 წელს უფრო იყო შანსი მაპის მიცემისა, ვიდრე დღეს. პრობლემაა რუსეთი როგორ რეაგირებას მოახდენს ამ ყველაფერზე, - რუსეთის პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ. რეალურად, თუკი დასავლეთმა გადაწყვიტა საქართველოსთვის მაპის მინიჭება, ეს უნდა მოხდეს, ფაქტობრივად, ერთ დღეში. მაპის მიცემა თუ გაგრძელდება რაღაც პერიოდი, ამას შესაძლოა რუსული აგრესია მოჰყვეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე, იმის წარმოდგენა, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, დასავლეთმა საკმარისად კარგად ვერ გაიგო. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ამ სამიტზე, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში მხარდაჭერილი იყო და ამგვარი წინდაუხედაობის გამო, სიტუაცია ტრაგიკული აღმოჩნდა, - მოხდა 2008 წლის მოვლენა, შემდგომ უკვე უკრაინის 2014 წლის მოვლენა. სამწუხაროა, რომ ეს მხოლოდ ყოფილი გენერალური მდივნის მიერ იქნა გაცხადებული. მოქმედი გენერალური მდივანი ალბათ უფრო თავშეკავებული იქნება, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მაშინდელ ნაბიჯებსა და მთელ ამ პროცესს, - რუსეთის სტრატეგიული აგრესიის რეალიზაციის, - სულ სხვანაირად უყურებენ და ამიტომაც ხდება ალიანსის მიერ თავისი მიდგომების გადახედვა რუსეთთან დაკავშირებით”, - დასძენს ირაკლი მენაღარიშვილი.

“ხალხი გაბრაზდა იმიტომ, რომ უმუშევარია, შია და მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს” – ხუხაშვილი

“არ ვიცი, გაბრაზებასა და ნაწყენობას შორის ზღვარი სად გადის, როგორ ატარებს ამ ზღვარს ივანიშვილი და რა ინდიკატორი აქვს, ეს რომ გაზომოს. ფაქტია, რომ ნაწილი გაბრაზებულია, ნაწილი ნაწყენია, ნაწილი გულდაწყვეტილია, ზოგი ტირის - უფრო მრავალფეროვანს გავხდი მის ფანტაზიას, მაგრამ ეს არ არის მთავარი და არც ის არის მთავარი, რა შეცდომები დაუშვა მისმა გუნდმა. ეს დიაგნოზი არასწორია, ჩემი აზრით. მისი დიაგნოზი გარკვეულწილად გულისხმობს საარჩევნო კამპანიის შეცდომებს. პრობლემა კი საარჩევნო კამპანიაში კი არ არის, არამედ - სისტემურია. რეალური პრობლემა და ხალხის გაბრაზება იმით კი არ არის გამოწვეული, ამათმა ცუდი პლაკატები გააკრეს და კამპანიაში რას აკეთებდნენ, ხალხი გაბრაზდა იმიტომ, რომ უმუშევარია, შია და მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხალხი გაბრაზდა იმიტომ, რომ უმუშევარია, შია და მომავლის პერსპექტივას ვერ ხედავს” – ხუხაშვილი.

“რაც შეეხება იმას, რომ გუნდს ეშლებოდა და მან ამის შესახებ არ იცოდა, ეს არადამაჯერებელია - ერთის მხრივ გვეუბნება, იმდენად აკონტროლებს ყველაფერს, რომ ხელებს დააჭრის, ვისაც არასწორად წასცდება - ანუ მას აქვს ამის უფლებამოსილება, რომ ვიღაცებს ხელები დააჭრას და ამასთანავე ამბობს, რომ მისი მონაწილეობის გარეშე მუშაობდა გუნდი ამ კამპანიაში ან ქვეყანაში?! წინააღმდეგობრივია ეს ლოგიკა და არ მინდა ამაში ღრმად შესვლა, რადგან ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება დავინახოთ ამ ყველაფერში. მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ივანიშვილის ავტორიტეტი ძალიან შელახულია, მის სიტყვას უკვე წონა დაეკარგა, ამას ნამდვილად გულდაწყვეტით ვამბობ. არ მიხარია იმიტომ, რომ ის არის ერთადერთი ძალის ცენტრი ამ ქვეყანაში და მის ავტორიტეტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამწუხაროდ, მას აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს... ის ამბობს, რომ ერთ წელიწადში რაღაცას აუცილებად მოახდენს. ხალხში მარტივი კითხვა ჩნდება, თუ ეს ყველაფერი იცი და ასე კარგად იცი, ეს 6 წელი რას უყურებდი?! ან ამ 6 წელში რასაც გვპირებოდი, ის ვერ გააკეთე, თუ არ გააკეთე, მე რა გარანტია მაქვს, რომ ამ ერთ წელიწადში მოახერხებ ამას. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი დამაჯერებლობას კარგავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“მისი ეს სოციალურ პროექტი რაღაც შედეგს გამოიღებს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები, სისტემური პრობლემა აქვს მაინც. ის “ქართული ოცნების” დეგრადაციის პროცესს ვერ შეაჩერებს, იმიტომ რომ, ამ პროცესის შეჩერებას სჭირდება სისტემური მიდგომები და სისტემური ცვლილებები. როგორც ის საუბრობს, ეჭვი მეპარება, რომ მას აქვს დარჩენილი რესურსი, სისტემურად შეცვალოს რამე. სამწუხაროდ, სკეპტიციზმის საფუძველი ძალიან მაღალია. თუ მას ერთჯერადი ამოცანა აქვს, რომ არჩევნები მოიგოს და ამით კმაყოფილდება, მაშინ ეს არის ერთი უბედურება. თუ მართლა უნდა რაღაცის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი მეპარება, ის რაიმეს შემცვლელი იყოს, თუ შეცვლის, გამიხარდება, იმიტომ რომ, ცვლილებები ჩემს ქვეყანას წაადგება”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ყალბი პირადობის ბეჭდვაზე საუბრობენ არასამთავრობოები, ამავდროულად ივანიშვილმა გვითხრა, რომ გამორიცხულია ვაშაძემ გაიმარჯვოსო, ეს ყველფერი აჩენს ეჭვს, რომ “ოცნება” ყველა ხერხით შეეცდება არჩევნები მოიგოს?”, - პასუხობს:

“ერთი პოზიტივი შემიძლია გითხრათ. “ოცნებას” ძალიან უნდა, რომ იყოს „ცუდი ბიჭი", ანუ გამოიყენოს ყველა ის ტექნოლოგია და უბედურება, რაშიც ეჭვმიტანილია წინა ხელისუფლება, მაგრამ კვალიფიკაცია არ ჰყოფნის, უხარისხოდ აკეთებს. პირველ ტურშიც ბაქიბუქობდნენ, მაგრამ ხომ ვერ გააკეთეს. აქიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ სერიოზულ რისკებს და პრობლემებს აგვაცილებს არა ის, რომ მათ არ უნდათ რაღაც ცუდი გააკეთონ, არამედ ის, რომ ამის შნო არ აქვთ. ამიტომ ძალიან დრამატულ სცენარებს ვერ ვხედავ. არ გამოვრიცხავ დაძაბულობა იყოს, მაგრამ რევოლუციურ განვითარებას ვერ ვხედავ”.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს