ლევან ბოძაშვილი - უსაფრთხოების საბჭოს მოდელებს შორის საქართველოსთვის ყველაზე მისაღები ისრაელის მოდელი უნდა იყოს

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის აზრით, უსაფრთხოების საბჭოს მოდელებს შორის საქართველოსთვის ყველაზე მისაღები ისრაელის მოდელი უნდა იყოს.

ამასთან, როგორც ბოძაშვილმა მთავრობის მიერ აღნიშნული ორგანოს შექმნის საკითხზე კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ახალ სტრუქტურას გარკვეული ფუნქციაც უნდა დაემატოს.

„ვფიქრობ, ისრაელის მოდელი ჩვენი ახალი კონსტიტუციური მოდელიდან ყველაზე მისაღები უნდა იყოს. გარდა ამისა, საბჭოს კოორდინაციისა და ანალიტიკის ფუნქციას უნდა დაემატოს სტრატეგიული დაგეგმარებისა და ადრეული გაფრთხილებისა და რეაგირების მექანიზმი გარკვეული ოპერატიული საქმიანობის ფუნქციებით. ცალკე აღებული ვერც კოორდინაცია და ვერც ანალიტიკური ფუნქცია ვერ განხორციელდება ეფექტიანად. საბჭო არ უნდა შემოიფარგლოს ერთგვარი სამთავრობო think-tank ფუნქციებით და მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება სწორედ სხდომებს შორის მიმდინარე საქმიანობა უნდა გახდეს. საბჭო არ უნდა ჩამოყალიბდეს პოლიტიკური დანიშნულების ორგანოდ, არამედ უნდა იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის სწორი, დროული და ადექვატური მოქმედების მიმართულებისა და რჩევის მიმცემი ორგანო. მნიშვნელოვანია, რომ ის მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსი, რომელიც ამ დრომდე არსებული საბჭოების გაუქმების შედეგად უსაქმოდ დარჩა, გამოყენებულ იქნას ახალშექმნილი ორგანოს მეტი ეფექტურობისათვის“, - მიიჩნევს ბოძაშვილი.

შეგახსენებთ, რომ როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უსაფრთხოების საბჭოს მოდელთან დაკავშირებით ორი ვარიანტი განიხილება, რომელთაგან ერთ-ერთის არჩევა უახლოეს პერიოდში მოხდება.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო იქნება. მას ასევე ანალიტიკური ფუნქცია ექნება - სხვადასხვა უწყებებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ანალიტიკას განახორციელებს და ხედვას პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.

კანონპროექტის სამუშაო ვარიანტით, უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან: თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, კონტრდაზვერვის უფროსი. მსჯელობის საგანია საბჭოში სახელმწიფო დაცვის სამსახურს მუდმივმოქმედი წევრის სტატუსი ჰქონდეს თუ იყოს საბჭოს მოწვეული წევრი.

კახა კახიშვილის განმარტებით, პროექტის არსებული ვარიანტით, უსაფრთხოების საბჭოში მოწვეული წევრის სტატუსი ექნება იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს.

პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არ იქნებიან - საჭიროების შემთხვევაში, კონკრტეულ საკითხებთან დაკავშირებით მათ შეიძლება საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა