მამუკა მდინარაძე - როგორც მინიმუმ, წყარო აწვდის არასამთავრობოებს არასწორ ინფორმაციას

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც მინიმუმ წყარო არასამთავრობო ორგანიზაციებს ე.წ. ყალბ პირადობების საკითხზე არასწორ ინფორმაციას აწოდებს და აქ იკვეთება კონკრეტული ინტერესი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ.

„გამოძიება არა მხოლოდ ამ მიმართულებით, ე.წ. წყაროზე დაყრდნობით რომ აცხადებენ არასამთავრობოები, არამედ ყველა მიმართულებით უნდა წავიდეს. საერთოდ, არსებობენ თუ არა ეს წყაროები, ვისი მითითებით და რა ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებდნენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გამოძიებამ ამაზეც უნდა გასცეს პასუხი. ირონიას ძალიან ვერიდები ზოგადად, მაგრამ ჯაკარტას თათბირები რომ არ დაერქვას ამას, ამიტომ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ როგორც საზოგადოებას, ასევე გამოძიებას იმ ადამიანებმა, ვინც განცხადებას აკეთებენ ამაზე, რომ მათვე ვინმემ არ დააბრალოს რაიმე სპეკულაცია. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ გამოძიებით ამ ყველაფერს პასუხი გაეცემა. მე ვფიქრობ, რომ როგორც მინიმუმ წყარო აწვდის ამ არასამთავრობოებს არასწორ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში მე მოვერიდები ვინმეს ზედმეტ კრიტიკას. როგორც მინიმუმ წყარო მათ არასწორ ინფორმაციას აწვდის და აქ იკვეთება კონკრეტული ინტერესი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს, მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით შეუძლებელია სერიოზული კომენტარის გაკეთება, თუმცა, სამწუხაროდ, მაინც უწევთ.

„მთელი საღამოს განმავლობაში ვისმენდით იმას, რაც ბოლომდე ვერავინ გაიგო. ჯერ ეს ადამიანი ერთი თვის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ვიღაცას ქრთამი გადაუხადა. 6 მილიონის გადავადებაში ის იხდიდა თითქოს ერთ მილიონს. როდესაც შეეძლო უბრალოდ გრაფიკი შეეთავაზებინა სახელმწიფოსთვის და მარტივად მოხდებოდა ეს ამბავი. დღეს ამბობს, რომ დუმილში უხდის ვიღაცას რაღაცას - თქვას, ილაპარაკოს, რაც სათქმელი აქვს, თქვას ბოლომდე. იმიტომ, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა მტკიცებულებები. შეგვიძლია თქვენც, მეც, ნებისმიერმა ადამიანმა ილაპარაკოს ყველაფერი მტკიცებულებების გარეშე და ბუნებრივია, საზოგადოება ამაზე არასოდეს წამოეგება. რაც შეეხება „ქართუ ბანკს“, როგორც ვიცი, საკრედიტო ხაზზეა საუბარი და როდესაც საკრედიტო ხაზი აქვს კონკრეტულ ბიზნესმენს და ამას შემდეგ სპეკულირებისთვის იყენებს, ეს ცალკე მორალური დანაშაულია“, - აღნიშნა მდინარეძემ.

მისივე განცხადებით, დღევანდელი პოზიციებიდან გამომდინარე საერთაშორისო ასპარეზზე არანაირი საფრთხე არ ექმნება ვიზალიბერალიზაციას.

„ყველა საერთაშორისო პარტნიორის ობიექტური შეფასებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება. საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანათა ჩამონათვალში, საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი, აღიარებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის მიერ. ამიტომ ნუ შევუშინდებით კონკრეტულ პიროვნულ კრიტიკებს, მსგავსი არაფერი ხდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ისე ახლოს არის დღეს ევროპასთან, როგორც არასდროს“, - დასძინა მდინარაძემ.