ნოდარ სარჯველაძე - „ოცნებას“ პოლიტიკურ სივრცეში ერთპარტიული დომინანტობა უნდა, არადა, ასე იყო იმ 9 წელსაც, რომელსაც „ოცნება“ ახლაც აკრიტიკებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა.

- ბატონო ნოდარ, 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მეორე ტურამდე პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო შტაბების სტრატეგიებმა, საქმიანობამ და როგორ შეაფასებდით მეორე ტურამდე ამავე შტაბების მუშაობას?

- ვთვლი, რომ პირველ ტურამდე ინიციატივა გაერთიანებულ ოპოზიციას ჰქონდა. ასე იყო იმის გამოც, რომ იგი იყო სხვადასხვა ძალების გაერთიანება. ჭადრაკის ტერმინს თუ ვიხმართ, პოზიცია აშკარად იყო ოპოზიციის სასარგებლოდ.

პირველ ტურამდე ხელისუფლება მუდმივად რეაგირების რეჟიმში იყო. ახლა როლები შეცვლილია, უფრო შემტევი, ინიციატივიანი და აქტიური „ოცნებაა“

პირველ ტურამდე ხელისუფლება მუდმივად რეაგირების რეჟიმში იყო. ახლა როლები შეცვლილია, უფრო შემტევი, ინიციატივიანი და აქტიური „ოცნებაა“, ხოლო რეაგირებადი მხარე გაერთიანებული ოპოზიციაა.

- მეორე ტურის წინ განცხადებების კეთების თვალსაზრისით სახელისუფლებო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის ნაცვლად, ძირითადად „ოცნების“ ლიდერები აკეთებენ განცხადებებს. მიუხედავად ამისა, იგი განცხადებებს მაინც აკეთებს. თქვენ როგორ შეაფასებდით, მეორე ტურის წინ პრეზიდენტობის კანდიდატების გზავნილებს?

- სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო ორი მნიშვნელოვანი თემით და ორივე იყო წამგებიანი. ერთი გახლდათ - ომი საქართველომ დაიწყო, ეს ფაქტობრივად მიმართული იყო სააკაშვილის წინააღმდეგ და იგი არ საუბრობდა იმაზე, თუ რას გააკეთებდა ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში.

მეორე თემა გახლდათ ის, რომ მან დაიწყო ხაზის გასმა და მითვისებაც კი იმ პროცესისა, რაც ეხებოდა სამცხე-ჯავახეთიდან რუსეთის ბაზის გაყვანას. არადა, ამ პროცესში ჩართული იყო მთელი საქართველო. რა თქმა უნდა, ამ პროცესში შევარდნაძე ცენტრალური ფიგურა იყო, მაგრამ მთავრობამ და სამინისტროებმა ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს. ზურაბიშვილი კი ამ პროცესის დასკვნით ეტაპზე ერთ-ერთი რგოლთაგანი იყო.

სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დაიწყო ორი მნიშვნელოვანი თემით და ორივე იყო წამგებიანი. ერთი გახლდათ - ომი საქართველომ დაიწყო, ეს ფაქტობრივად მიმართული იყო სააკაშვილის წინააღმდეგ და იგი არ საუბრობდა იმაზე, თუ რას გააკეთებდა ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში

ამ პროცესთან პირადი გამოცდილება მაკავშირებს და ვიცი. იმ პერიოდში როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში ვახორციელებდი პროექტს, საჯარო მოხელეებთან ვატარებდი ტრენინგებს ეთნიკური ურთიერთობების მართვის შესახებ.

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრენინგები იყო, მაგრამ ახლა მე რომ დავიწყო იმის მტკიცება, რომ სამცხე-ჯავახეთიდან რუსული ბაზების გაყვანაში ჩემი როლი იყო მთავარი-თქო, ეს ხომ სასაცილო იქნებოდა და მე თავად ჩავიგდებდი თავს სასაცილო მდგომარეობაში.

ასეთ სასაცილო და უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი სალომე ზურაბიშვილმა. ამას დაემატა ისიც, რომ მისი საუბრის მანერა იყო აშკარად უცნაური. გაუმართავი ქართულით საუბარს ვგულისხმობ, რაც მისმა ოპონენტებმა გამოიყენეს. ამან თავიდანვე შექმნა იმის ვითარება და განცდა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ჰქონდა უპირატესობა.

ოპოზიციამ უპირატესობას იმითაც მიაღწია, რომ ახდენდნენ ზურაბიშვილის დემონიზაციას. ამას ხელი შეუწყო იმაზე მსჯელობამ, რომ ჰააგის სასამართლოში მოუწევდათ ჯარისკაცებს პასუხების გაცემა.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, რადგან ზურაბიშვილის ყველა გამოსვლა წამგებიანი იყო, „ოცნებამ“ პრაქტიკულად გადამალა პრეზიდენტობის კანდიდატი. ახლა მის ნაცვლად განცხადებებს „ოცნების“ ლიდერები აკეთებენ. ბილბორდებზეც კი თავისი თავები გამოსახეს.

მეორე ტურში ორივე მხარე პრეზიდენტობის კანდიდატების დემონიზაციასა და განადგურებაზე მუშაობს. ასეთ ვითარებაში ვაშაძის კონცეპტუალურად საკმაოდ საინტერესო იდეები ყურადღების მიღმა რჩება

რაც შეეხება ვაშაძეს. ვაშაძემ საარჩევნო კამპანია საინტერესო პოზიციით დაიწყო, რაც შეჯამდა იმ იდეაში, რასაც ჰქვია კოალიციური მთავრობა. ეს ქართულ პოლიტიკაში მართლა ახალი სიტყვაა. მან კონცეპტუალურად კარგად მოიაზრა თავისი ფუნქციები, თუ ის გახდება პრეზიდენტი. მან პოლიტიკური ხედვის მწყობრი სისტემა შესთავაზა ამომრჩეველს, მაგრამ ამ იდეებით ხალხში გასვლა წამგებიანია იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობას ეს თემები არ აინტერესებს.

მეორე ტურში ორივე მხარე პრეზიდენტობის კანდიდატების დემონიზაციასა და განადგურებაზე მუშაობს. ასეთ ვითარებაში ვაშაძის კონცეპტუალურად საკმაოდ საინტერესო იდეები ყურაღების მიღმა რჩება.

- რადგან სალომე ზურაბიშვილის მთავარი მხარდამჭერი „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, თქვენ როგორ შეაფასებდით ზურაბიშვილის სასარგებლოდ ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს? ვთქვათ, იგივე ტვ „იმედზე“ ვრცელი გამოსვლის დროს გაჟღერებულ პოზიციებს და სავარაუდოდ, როგორ აღიქვა ისინი მოსახლეობამ?

- ამ სატელევიზიო გამოსვლის კვინტესენცია იყო ზურაბიშვილის თამარ მეფესთან შედარება და მათ შორის ანალოგიისა თუ პარალელების გავლება. ჩემი აზრით, ამ თემაზე საუბარი აშკარად უხეირო მსჯელობა იყო. ზურაბიშვილს ჯერ არაფერი იმის მსგავსი არ გაუკეთებია, რომ იგი ვინმემ თამარ მეფეს შეადაროს.

ზურაბიშვილს ჯერ არაფერი იმის მსგავსი არ გაუკეთებია, რომ იგი ვინმემ თამარ მეფეს შეადაროს

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თამარ მეფე წმინდანი და ხელშეუხებელია. ამგვარი შედარება იმიტომაც იყო უხერხული, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ზურაბიშვილს პოტენციურ მოღალატედ აღიქვამს. ამ თემაზე საუბრისას ივანიშვილს აშკარად უხეირო შედარება გამოუვიდა.

- ტვ „იმედზე“ ივანიშვილის გამოსვლაზე დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ოცნებისთვის“ საპრეზიდენტო არჩევნების მოგება პრინციპული საკითხი კი არის, მაგრამ არჩევნების დასრულების შემდეგ ხელისუფლებას აშკარად არ აქვს არც ახალი გეგმები და არც ახალი ხედვები. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- დიახ, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მეორე ტურის მოგება ივანიშვილისთვის პრინციპული საკითხია. მისი აღქმა ასეთია - ის ყველაფერს დაკარგავს თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ გახდა. არადა, თუ ოპოზიცია მოიგებს, ის და „ოცნება“ ძალაუფლების მხოლოდ მცირე ნაწილს დაკარგავდა. ჩანს, რომ ივანიშვილი მმართველობის ერთპარტიული სისტემის მომხრეა.

ივანიშვილისთვის მთავარია არა ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესება, რისი პროგრამა არც მას და არც „ოცნებას“ არ ჰქონია, არამედ ერთპარტიული სისტემისა და პირადი ძალაუფლების შენარჩუნება

პირველი ტურის შემდეგ მის პირველ გამოსვლაში ის აშკარად შეშფოთებული იყო, რადგან სასოწარკვეთილებაში მყოფი ადამიანის სახე ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ მან სასწრაფოდ ჩართო საქმეში პიარტექნოლოგები, რომლებიც ისრაელიდან ჩამოიყვანა და რომლებიც ცნობილი არიან აგრესიული პიარ-კამპანიების წარმოებაში.

ივანიშვილისთვის მთავარია არა ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესება, რისი პროგრამა არც მას და არც „ოცნებას“ არ ჰქონია, არამედ ერთპარტიული სისტემისა და პირადი ძალაუფლების შენარჩუნება. ივანიშვილი უმეტესად საუბრობს წინა ხელისუფლების 9-წლიან მმართველობაზე.

- დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას არაჯანსაღი ვითარება არ იძლევა იდეებს შორის კონკურენციის დანახვის საშუალებას. ვხედავთ იმასაც, რომ არჩევნების შედეგი დამოკიდებულია მხარეების ფინანსურ რესურსებზე.

ბევრის აზრით, ვითარება იმის გამოა მძიმე, რომ „ოცნებაც“ და "ნაცმოძრაობაც“ ერთჯერად ამოცანას წყვეტენ თუ როგორ მოიგონ არჩევნები. თქვენც ასე ფიქრობთ? თუ არა, მაშინ რატომაა კანდიდატების იდეებზე არგუმენტირებული კამათისა და დისკუსიის ნაკლებობა?

- დიახ, სწორედ ასე ჩანს, რომ ამ არჩევნებში ორივე მხარეს ერთჯერადი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. ერთს ჰგონია ამას თუ არ მიაღწევს, ყველაფერს კარგავს, ხოლო მეორეს ჰგონია, რომ თუ მოიგო ეს არჩევნები, შემდეგ ყველაფერს მიაღწევს.

ვხედავთ, რომ ორივე მხარე ერთმანეთზე ჩაციკლულია და უნდათ თუ არა მათ ეს, ორივე ერთი მედლის სხვადასხვა მხარეა.

ამ არჩევნებში ორივე მხარეს ერთჯერადი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი. ერთს ჰგონია ამას თუ არ მიაღწევს, ყველაფერს კარგავს, ხოლო მეორეს ჰგონია, რომ თუ მოიგო ეს არჩევნები, შემდეგ ყველაფერს მიაღწევს

ის, რაც გააკეთა დეპუტატმა მკოიანმა სამცხე-ჯავახეთში, არის ნათელი ნიმუში თუ როგორ ჰგვანან ერთმანეთს „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“. მკოიანი წლების განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში იყო „ნაციონალების“ საყრდენი არჩევნებში. შეიძლება ითქვას, რომ იგი ამ რეგიონის ფეოდალია. „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მკოიანი „ნაციონალებიდან“ ოცნებაში“ გადაბარგდა. კოჰაბიტაცია მკოიანსაც შეეხო. ამიტომაც ვამბობ, რომ ორივე ძალა ერთი მედლის სხვადასხვა მხარეა.

არადა, ერთმანეთზე ჩაციკლული „ოცნება“ და „ნაციონალები“ არა მარტო ჰგვანან ერთმანეთს, არამედ ერთმანეთში გადადიან და გადმოდიან. ახლა ოპონენტებზე „ოცნების“ შეტევის სტილი დაახლოებით ისეთივეა, როგორც თავის დროზე „ნაციონალებს“ ჰქონდათ. თუ მანამდე გაერთიანებული ოპოზიციის ლოზუნგი იყო - ხმა არ მისცეთ მოღალატე ზურაბიშვილს, ახლა „ოცნების ლოზუნგია - „არა მიშას“. ფაქტია, რომ ოპონენტები ერთმანეთის წინააღმდეგ ერთნაირ იარაღსა და მეთოდებს იყენებენ. ახალი არაფერი არ ხდება.

როგორც ჩანს, „ოცნებას“ პოლიტიკურ სივრცეში ერთპარტიული დომინანტობა უნდა. სურს მხოლოდ მათ ხელში იყოს მთელი ძალაუფლება და არაფერი ალტერნატიული არ მოისმინოს. არადა, ასე იყო იმ 9 წელსაც, რომელსაც ახლა „ოცნება“ აკრიტიკებს

ამ თვალსაზრისით ძალიან ნიშანდობლივი იყო „რუსთავი-2“-ზე ვაშაძის გამოსვლა. ჩემი აზრით ერთ-ერთი ბრწყინვალე გამოსვლა იყო, რაც მე ბოლო წლებში მომისმენია. მე გამოსვლის კონცეპტუალურ მხარეს ვგულისხმობ. სხვა ამბავია, ეს როგორ განხორციელდება, მაგრამ საზოგადოებისთვის ამგვარი მოდელის შეთავაზება აშკარად წინგადაგმული ნაბიჯია.

სამწუხაროდ, ვაშაძის ოპონენტი მხარე სტუდიაში არ იყო. შესაბამისად, ერთ წრეში ხდება მის მიერ გაჟღერებული ხედვების განხილვა. საპირისპირო ბანაკს ოპონირება რომ გაეწია, ვაშაძის კონცეფცია უფრო გამდიდრდებოდა. ამ კონცეფციის თანახმად, რომელიც კოალიციურ მთავრობას ითვალისწინებს, საუბარია იმაზე, რომ მართვის ამგვარ სისტემაში ოპოზიცია ხელისუფლების ორგანული ნაწილია.

როგორც ჩანს, „ოცნებას“ პოლიტიკურ სივრცეში ერთპარტიული დომინატობა უნდა. უნდა მხოლოდ მათ ხელში იყოს მთელი ძალაუფლება და არაფერი ალტერნატიული არ მოისმინოს. არადა, ასე იყო იმ 9 წელსაც, რომელსაც ახლა „ოცნება“ აკრიტიკებს.

- „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა - „ევროპულ არჩევნებს ჩავატარებთო“. ახლა ყველა თანხმდება, რომ აშკარად არაევროპულ საარჩევნო კამპანიას ვადევნებთ თვალს. თქვენი აზრით, საბოლოოდ რატომ მივიღეთ აშკარად არაევროპული საარჩევნო კამპანია? ამგვარი პრეტენზიები ეხება როგორც ერთ, ისე მეორე მხარესაც.

- გეთანხმებით, პრეტენზიები ორივე მხარეს ეხება. ჩვენში დღეს არსებული ვითარება შეიძლება შეფასდეს ასე - აშკარად უთავბოლო ვითარებაში ვიმყოფებით. თუ შეიძლება ასე ითქვას, მენტალური ბარდაგია. არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ სრული ლეგიტიმური საფუძველი არსებობს სწორედ ამ სიტყვის გამოსაყენებლად.

აშკარად უთავბოლო ვითარებაში ვიმყოფებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, მენტალური ბარდაგია, რაც საარჩევნო კამპანიაზეც აისახა

ამგვარი მენტალური ბარდაგი საარჩევნო კამპანიაზე აისახა. პრაქტიკულად ყველაფერი არეულია და ვერ გაიგებ ვინაა „ოცნება“ და ვინაა „ნაციონალი“, შესაბამისად, ყველა ერთმანეთს ჰგავს მენტალურად. სხვათა შორის, მგონი „ოცნებაშიც“ ვერ გარკვეულან ვინ ვინაა და ვინ ვის ებრძვის.

ჯერ იყო თერჯოლაში დაჭრეს არჩევნების ნიადაგზე მოქალაქე, შემდეგ რაჭაში და ახლა ვეჯინში ვიღაცას სახლში მოლოტოვის კოქტეილები შეუყარეს. ეს რა უბედურებაა? როგორც ჩანს, დემოკრატიულის ნაცვლად ფეოდალური აზროვნება გვაქვს და ფეოდალიზმში ვბრუნდებით. სამწუხაროა, რომ მენტალურ დონეზე ფეოდალურ აზროვნებას ვავლენთ.

ძალადობის დემონსტრირება, აგრესიულობაზე, ძალადობაზე დამყარებული საარჩევნო კამპანიების შედეგია. არჩევნებამდე კიდევაა დრო დარჩენილი და არავინ იცის კიდევ რა მოხდება.

- გასაგებია, რომ ღარიბ ქვეყანაში დასავლური სტანდარტების დემოკრატიის დამკვიდრება და ფუნქციონირება უაღრესად პრობლემატურია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ორივე მხრიდან თითქმის ყველა აკრძალული ილეთი იქნა გამოყენებული.

პიარტექნოლოგიებში ჩახედული ადამიანების მტკიცებით, არჩევნების შედეგები ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, საინფორმაციო ომის შედეგად რომელ მხარეს ექნება ოპონენტებთან მიმართებაში ფსიქოლოგიური და მორალური უპირატესობა.

ვხედავთ, რომ ორივე მხარეს ოპონენტის დისკრედიტაციისთვის უამრავი აკრძალული ილეთი გამოიყენეს. თქვენი დაკვირვებით, ამ დროისთვის ფსიქოლოგიური და მორალური უპირატესობა რომელი კანდიდატის მხარესაა?

- ჩემი აზრით, დღეის მონაცემებით, ამ ეტაპზე „ოცნებამ“ მოიპოვა აგრესიული ფსიქოლოგიური ზეწოლის ინიციატივა.

როგორც ჩანს, დემოკრატიულის ნაცვლად ფეოდალური აზროვნება გვაქვს და ფეოდალიზმში ვბრუნდებით. სამწუხაროა, რომ მენტალურ დონეზე ფეოდალურ აზროვნებას ვავლენთ

თუ ივანიშვილის ნათქვამს გავიხსენებთ, პირველმა ტურმა მათ მართლაც გადაასხა ცივი შხაპი და ახლა ეძგერნენ საარჩევნო კამპანიის წარმოების აგრესიულ მეთოდს და ახლა ესენი სჯაბნიან ოპონენტებს აკრძალული ილეთების გამოყენებაში. მათ შორის ადამიანებზე ფიზიკურ ძალადობაშიც.

ვეჯინში მოქალაქის სახლში მოლოტოვის კოქტეილის ნაცვლად რომ კოქტეილი მიეტანათ და ესაუბრათ კი სჯობდა, მაგრამ რაც ხდება, კი ვხედავთ.

- რადგან არჩევნებამდე კიდევაა დარჩენილი რამდენიმე დღე, ამ თვალსაზრისით, კიდევ შეიძლება ველოდოთ ოპონენტებისაგან ერთმანეთის წინააღმდეგ სიურპრიზებს თუ სკანდალების აგორებას?

- ჩემი აზრით, ამგვარი რამეები - ერთმანეთთან არჩამცხრალი ბრძოლა, არა მარტო არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება. კონფლიქტის ესკალაცია ნებისმიერ შემთხვევაშია მოსალოდნელი.

ამ ეტაპზე „ოცნებამ“ მოიპოვა აგრესიული ფსიქოლოგიური ზეწოლის ინიციატივა და ახლა ისინი სჯაბნიან ოპონენტებს აკრძალული ილეთების გამოყენებაში

ყველაფერი შეიძლება ჩააცხრეს ერთ შემთხვევაში რაც ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ მაინც ვიტყვი - თუ ვაშაძემ გაიმარჯვა დიდი ანგარიშით. მცირე სხვაობა საკმარისი არ იქნება.

თუ ვაშაძე არჩევნებს მცირე სხვაობით მოიგებს, „ოცნება“ გაერთიანებული ოპოზიციის მიმართებაში რევანშის რეჟიმში გადავა. თუ ვაშაძე დიდი ანგარიშით მოიგებდა, ხელისუფლება იძულებული იქნებოდა უარი ეთქვა რევანშის პოლიტიკაზე.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები ნებისმიერი შედეგით არჩევნების დასრულების შემთხვევაში?

- დაძაბულობის მუხტი არჩევნების შემდეგაც შენარჩუნდება და გაგრძელდება. განსაკუთრებით გაგრძელდება იმ შემთხვევაში თუ სახელისუფლებო კანდიდატმა ზურაბიშვილმა წააგო და ვაშაძემ მინიმალური ანგარიშით მოიგო.

სხვა სიტუაციებიც ძალადობის ახალ სხვადასხვა ტალღებთან იქნება დაკავშირებული. ყველაზე დიდი საშიშროება იქნება თუ მოხდა ქუჩისა და კრიმინალების ალიანსი, რისი ნიშნებიც უკვე გვაქვს. ვხედავთ, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კრიმინალებს იყენებენ.

თუ ვაშაძე არჩევნებს მცირე სხვაობით მოგებს, „ოცნება“ გაერთიანებული ოპოზიციის მიმართებაში რევანშის რეჟიმში გადავა. თუ ვაშაძე დიდი ანგარიშით მოიგებდა, ხელისუფლება იძულებული იქნებოდა უარი ეთქვა რევანშის პოლიტიკაზე

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ ეს მოხდა ტოტალურად, მაშინ უნდა ველოდოთ არა იმ მასშტაბის, მაგრამ იმგვარი პროცესების განმეორებას, რასაც ადგილი ჰქონდა 90-იან წლებში.

სამწუხაროდ, მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარების ალბათობა არსებობს. იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი ხალხი არჩევანის გაკეთებისას არა ემოციურ, არამედ რაციონალურ არჩევანს გააკეთებს.

საინტერესო რაა იცით? „ოცნებაში“ აღიარებენ, რომ ზურაბიშვილი კარგი კანდიდატი არაა, ვაშაძესთან შედარებით უსუსურად გამოიყურება, მაგრამ მთავარია „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, დაძაბულობა ყველა შემთხვევაში გაგრძელდება.

დაძაბულობის მუხტი არჩევნების შემდეგაც შენარჩუნდება და გაგრძელდება. განსაკუთრებით გაგრძელდება იმ შემთხვევაში თუ სახელისუფლებო კანდიდატმა ზურაბიშვილმა წააგო და ვაშაძემ მინიმალური ანგარიშით მოიგო

სამწუხაროდ, „ოცნებისა“ და ზურაბიშვილის მხარდამჭერებში ჭარბობს გამონათქვამი იმის შესახებ, რომ „ნაციონალები“ სამუდამოდ უნდა აილაგმონ საქართველოდან. სამუდამოდ არც კომუნისტური რეჟიმი მოსპობილა. კომუნისტური მენტალიტეტი „ოცნების“ მხარდამჭერებსაც აქვთ და საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს.

დროა ვიცოდეთ, ბუნების კანონია - ბუნებაში არაფერი არ ქრება. ხდება ტრანსფორმაცია სხვა ფორმაში და არაფერი არ ქრება.

ივანიშვილსა და „ოცნებას“ ხელისუფლების დაკარგვის ცხოველური შიში ამოძრავებს. „ნაციონალები“ ძალაუფლების მოპოვებისთვის იბრძვიან. როგორც ჩანს, „ოცნება“ ყველაფერზე წავა, რომ ხელისუფლება არ დაკარგოს. ეს კი საკმაოდ საშიშია თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა გვინდა ავაშენოთ.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი