იძულებითი არჩევანი

სადაო არაა - არც პრეზიდენტობის კანდიდატები იმსახურებენ მხარდაჭერას, თუნდაც მოუზომავი გამონათქვამებით ან ცრუ დაპირებებით გაჟღენთილ, ყოველგვარ მორალურ და ზნეობრივ ზღვარგადასულ, ნეგატიურად აგრესიული საარჩევნო კამპანიის გამო და არც მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები, თუნდაც იმიტომ, რომ, ერთი ცდილობს, მის მიერ ყველანაირი რესურსით უზრუნველყოფილი კანდიდატი - “დამოუკიდებელ” კანდიდატად შემოგვასაღოს, ხოლო მეორე - ოპოზიციურ გაერთიანებად მონათლოს მუდმივად მის ორბიტაზე მყოფი, ან მისგან გამოყოფილი და საარჩევნოდ მასთანვე მობრუნებულ ვერშემდგარ პარტიათა ერთობლიობა და საკუთარი კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად წარმოაჩინოს.

ასეთ ვითარებაში, უაღრესად კომფორტულია, არ წახვიდე არჩევნებზე ან წახვიდე, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი გადახაზო და ფილოსოფიური სიმშვიდით დაელოდო მოვლენათა შემდგომ განვითარებას. მაგრამ საკითხავია - შექმნილი პოლიტიკური ვითარება ან მისი განვითარების მოსალოდნელი პერსპექტივა თუ იძლევა ამგვარი ფუფუნების საშუალებას?!

არსებული რეალობა ასეთია - საპრეზიდენტო არჩევნები კარგა ხანია გასცდა კონსტიტუციით განსაზღვრულ შეზღუდული უფლებების მქონე პრეზიდენტის სავარძლისათვის ბრძოლას და რეალური ძალაუფლებისათვის ბრძოლაში გადაიზარდა.

ორივე პოლიტიკური ძალა, როგორც „ოცნება“ ასევე „ნაციონალები“, სრული სიმძლავრით ჩაერთო საარჩევნო ბატალიებში, უფრო მეტიც, ორივე ცდილობს დამატებითი ძალების მობილზებას - ბ. ივანიშვილმა „ძველ გვარდიას“ და მხარდამჭერებს დახმარებისთვის უხმო, ხოლო მ. სააკაშვილი ილუზორული „კოალიციური მთავრობის“ შეთავაზებით, ცდილობს, სხვა ოპოზიციური ძალებიც მიიმხროს და ბუტაფორიული ოპოზიციური გაერთიანება, რეალურ ოპოზიციურ გაერთიანებად აქციოს.

მაქსიმალური დატვირთვით ამუშავდა პროპაგანდისტული მანქანა - თუ „რუსთავი -2“-სათვის ეს ჩვეულებრივი რეჟიმია, ახლა პროცესებში „იმედიც“ ჩაერთო და გაუგონარი მასშტაბით მიმდინარეობს მოსახლეობის გახლეჩა და დაშანტაჟება. ამიტომ, ეს დაპირისპირება პრეზიდენტის არჩევით (რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს!) არ დასრულდება და საპარლამენტო არჩევნებამდე (რიგით თუ ვადამდელ) გაგრძელდება.

ასეთ დაპირისპირებულ ვითარებაში არჩეული პრეზიდენტი, ცხადია, ვერ იქნება ქვეყნის გამაერთიანებელი, რადგან მეორე მხარე მის ნეიტრალურობას არ აღიარებს, შესაბამისად, ის ვერ შეასრულებს არბიტრის ფუნქციას პოლიტიკურ ძალთა შორის, რაც საპარლამენტო მმართველობის პირობებში პრეზიდენტის უმთავრესი ფუნქციაა, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა შეუძლა იქონიოს პოლიტიკური პროცესის შემდგომ განვითარებაზე.

ამდენად, უაღრესად მნიშნელოვანია, ვცადოთ იმ პოლიტიკური პროცესის გააზრება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარდება და განვსაზღვროთ პრეზიდენტის როლი ამ პროცესში.

პოლიტიკური კრიზისის კლასიკური განმარტებით, რაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის დაპირისპირებაში ვლინდება, ყველაფერი რიგზეა - „ქართულ ოცნებას“ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, თანაც, ტრადიციულად მორჩილი, ამიტომ ყოველგარი კონფლიქტი გამორიცხულია.

მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაშიც ყველაფერი რიგზეა - ჩვენთვის ასევე ტრადიციულად, როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები ვერ ასახავენ მოსახლეობაში არსებულ განწყობებს, იწყება ხელისუფლებასთან გაუცხოება და ყალიბდება საზოგადოებრივი კრიზისი. ასე მოხდა 2001 -2003 და 2008 -2012 წლებში, ასეა ახლაც.

მმართველ გუნდს მაშინაც ჰყავდა საპარლამენტო უმრავლესობა (მეორე შემთხვავაში - საკონსტიტუციოც კი!), მაგრამ ამან ვერ იხსნა ძალაუფლების დაკარგვისაგან. მაშინაც სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე ვიდექით.

პირველ შემთხვევაში ამ დაპირისპირებისაგან გვიხსნა ვაშინგტონისა და მოსკოვის აქტიურმა ჩარევამ (თუ შეთანხმებამ?), რაც ივანოვის ვიზიტმა „დააგვირგვინა“, რომელმაც ე. შევარდნაძისა და ა. აბაშიძის უსაფრთხოება უზრუნველყო. მეორე შემთხვევაში, მართალია, შუამავლები აშკარად არ ჩანდნენ, მაგრამ მ. სააკაშვილს მიერ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების აღიარებას, რამაც დაპირისპირებას საფუძველი გამოაცალა, დიდი ალბათობით, წინ უსწრებდა კოჰაბიტაციურ პროცესზე შეთანხმება.

ამჟამად ვითარება გაცილებით რთულია.

თუ საგარეო ფაქტორებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა, 2003 და 2012 წ.წ.-თან შედარებით, დაძაბულია და კიდევ უფრო იძაბება; 2008 წლის მოვლენებისა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცალმხრივად გამოცხადების შემდეგ, რუსეთს აღარა აქვს კონფლიქტური რეგიონებით საქართველოს დაშანტაჟებისა და სამხედრო ქმედებების პროვოცირების პირდაპირი მექანიზმი (ახალი რეგიონალური კონფლიქტის ინსპირირებას დრო სჭირდება, თუმცა რუსეთისათვის ყველაზე მისაღები ამ თვალსაზრისით პანკისის ხეობაა!), ეკონომიკურმა სანქციებმა (2006 წ) სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

ასე, რომ, საქართველოზე გავლენის მოსახდენად და შესანარჩუნებლად ყველაზე ეფექტური არასტაბილური გარემოს შექმნაა. თუ რუსეთი გადაწყვეტს ქვეყანაში არასტაბილური გარემო შექმნას და ამით შეაფერხოს ჩვენი განვითარება და სწრაფვა ევროპული ინტეგრაციისაკენ, ის შეეცდება სრულიად ბუნებრივი საარჩევნო დაპირისპირება, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზარდოს.

რუსეთს, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში, ყოველთვის გააჩნდა და დღესაც გააჩნია საკმარისი გავლენა და საკადრო რესურსი, რომ, მასშტაბური დაპირისპირების პირობებში, სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება შეძლოს. ამასთანავე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ბოლო დროს რუსულ ტელესივრცეში საეჭვოდ გააქტიურებულმა ლუგარის ლაბორატორიის თემამ, რომელიც, თურმე ხიფათს უქმნის მთელ კავკასიას და რუსეთის სამხრეთს, ტელეშოუდან - რუსეთის პრეზიდენტის კაბინეტში გადაინაცვლა. ჩნდება სრულიად საფუძვლიანი ეჭვი - არასტაბილურ გარემოს და ლუგარის ლაბორატორიის უსაფრთხოებას ხომ არ გამოიყენებს რუსეთი იმისათვის, რომ 2008 წელს დაგეგმილი საქართველოს სრული ანექსია ამჯერად განახორციელოს?!

შესაძლოა, მოვლენათა განვითარების ამგვარი სცენარი ვინმეს ფანტასტიკად მოეჩვენოს, მაგრამ, ჯერ ერთი - რუსეთის იმპერიული ისტორია სავსეა ამგვარი „ფანტასტიკებით“ და, მეორე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ განვიხილოთ მოვლენათა განვითარების ყველაზე ირიალური ვერსიაც კი.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით არსებულ ფაქტორებს, უნდა ითქვას, რომ კრიზისის წარმოშობის გენეზისი იგივეა, რაც 2003 და 2012 წლებში და იგივე დარჩება მომავალში, ვიდრე ქვეყანაში მართვის სისტემის სრული და რეალური რეფორმირება, რომელიც პოლიტიკური სივრცის მოწესრიგებასაც გულისხმობს, არ განხორციელდება. სხვა მხრივ არსებული ვითარება გაცილებით დრამატულია.

საქმე ისაა, რომ 2003 და 2012 წლებში ოპოზიციურ ძალას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლაზე ჰქონდა პრეტენზია, გააჩნდა გარკვეული იმედის აღმძვრელი ქარიზმა, რაც მოსახლეობაში მათდამი კეთილგანწყობასა და ნდობას იწვევდა. 2003 წელს ეს იყო დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდა რეფორმატორული გუნდი, რომელიც ე. შევარდნაძის ნომენკლატურას დაუპირისპირდა, ხოლო მეორე შემთხვევაში - 2012წელს, ეს იყო ალტრუისტი და ქველმოქმედი მილიარდერი, რომელსაც შეეძლო მშვიდად და უზრუნველად ეცხოვრა სადაც მოისურვებდა, მაგრამ ხალხის და ქვეყნის სასიკეთოდ თავი ხიფათში ჩაიგდო და რეპრესიულ რეჟიმს დაუპირისპირდა!

ამჯერად ვითარება კარდინალურად შეცვლილია - ხელისუფლებაში მოსვლაზე პრეტენზიას აცხადებს ოპოზიცია, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და რომელმაც, ნაცვლად დემოკრატიისა, ავტორიტარიზმი და რეპრესიები დაამკვიდრა.

2012 წელს ჩვენ დიდი ძალისხმევის ფასად თავი დავაღწიეთ ავტორიტარიზმს, თუმცა, სამწუხაროდ, დემოკრატიას კვლავაც „ავცდით“ და მის ნაცვლად პლუტოკრატია მივიღეთ; ახლა ჩნდება იმის საფრთხე, რომ პლუტოკრატიიდან ისევ რევანშისტულ ავტოკრატიას დავუბრუნდეთ.

თუ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დაახლოებით 1.600.000 ამომრჩევლიდან გ. ვაშაძეს (იგივე -„ნაციონალებს“) ხმა მისცა - 601.000 ამომრჩეველმა, ხოლო ს. ზურაბიშვილს (იგივე - „ოცნებას“) – 615.000 ამომრჩეველმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია მოსახლეობის თითქმის თანაბარი მხარდაჭერით სარგებლობს. ასეთ ვითარებაში არჩევნების შემდგომი პროცესების განვითარების დინამიკა, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი.

ჩვენ ვიცნობთ როგორც ერთ, ისე მეორე პოლიტიკურ ძალას. ვიცით, როგორ მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში, როგორ იხელისუფლა და რას წარმოადგენს დღეს ოპოზიციაში მყოფი; ასევე ვიცით, როგორ მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და როგორ ხელისუფლობს. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორ გამოიყენებს პრეზიდენტის პოსტს ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალა.

„ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის სავარძელი რაიმე დამატებით შესაძლებლობებს არ აძლევს. მისთვის ამ პოსტის მოპოვება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არ სურს მას მოწინააღმდეგე დაეუფლოს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იქნება პირველი ნაბიჯი ძალაუფლების მოსაპოვებლად. პრეზიდენტის ინსტიტუტი გადაიქცევა საპროტესტო მოძრაობის ცენტრად და ძალაუფლებისათვის ბრძოლა, ფორმალურად პრეზიდენტის, რეალურად კი მ. სააკაშვილის მეთაურობით, ქუჩაში გადაინაცვლებს. „ნაციონალები“ შეეცდებიან მოახდინონ ქუჩის პროცესების სწრაფი რადიკალიზაცია და გამარჯვების ფონზე აიძულონ ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები (მ. სააკაშვილი სულ რაღაც ორი წლის წინ ქუჩის საპროტესტო აქციებით ცდილობდა უკრაინაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნისათვის მიეღწია!).

ქუჩის პროცესების რადიკალიზაცია და მასში პრეზიდენტის მონაწილეობა, როდესაც პოლიტიკურ ძალას ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 20%-ზე ნაკლები, ხოლო აქტიური ამომრჩევლის 37% უჭერს მხარს, ნოყიერ ნიადაგს ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისათვის.

მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას“ თუ სურს ძალაუფლება შეინარჩუნოს ან ძალოვან სტრუქტურებს უნდა დაეყრდნოს და რეპრესიული მექანიზმი აამუშაოს, ან რადიკალური რეფორმები გაატაროს და ამომრჩევლის მხარდაჭერა გაზარდოს (2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ანალოგიური არჩევანის წინაშე იდგა „ნაც.მოძრაობაც“, მაგრამ მათ არჩევანი ძალოვანი სტრუქტურებისა და რეპრესიების სასარგებლოდ გააკეთეს, რაც სრულად გამიოყენეს 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევის (და არა დაშლის!) დროს, თუმცა რეპრესიული სისტემა მათ უკვე გამოცდილ ჰქონდათ 2007 წლის ნოემბერში).

„ქართულ ოცნებას“ გულითაც რომ უნდოდეს, 2020 წლამდე რეპრესიული სისტემის შექმნას მაინც ვერ მოასწრებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მისი რეიტინგი ვარდნას განაგრძობს, ამიტომ იძულებული იქნება ან რეფორმები გაატაროს, ან ძალაუფლება დათმოს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია შეინარჩუნოს მეტ-ნაკლებად სტაბილური პოლიტიკური გარემო.

შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი, თუ ქართულ საზოგადოებას აქვს ამის უნარი და არ სურს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისევ ორ პოლიტიკურ ძალას შორის მოუხდეს არჩევანის გაკეთება, მაგრამ ამისათვის საჭიროა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მხარი ს. ზურაბიშვილს დაუჭიროს.

ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს