თინა ხიდაშელი - "მთავარი ამბები არჩევნების შემდეგ დაიწყება"

"მიშა ძალიან სასაცილოდ იქცევა - ყველას, ვისაც გუშინ "რუსის ხარო", ეძახდა, დღეს ბოდიშს უხდის, ეფერება და იმ იარლიყებს ხსნის, რაც თავად მიაკერა"

"რამდენჯერ უნდა დაგვემართოს, რომ მიხვდნენ, საქართველო არ არის ორპარტ­იული და მით უმეტეს, ერთპარტიული რეჟიმის შემგუებელი ქვეყანა. ძალიან სამარც­ხვინო და მდაბიო კამპანიაა ქვეყანაში, ორივე მხრიდან ძალიან არაკვალიფიციურად შესრულებული, ჩვენ ყველანი კი ამის მსხვერპლი ვართ და სამწუხაროდ, ის ტრავმა, რაც ამ არჩევნებზე საზოგადოებამ მიიღო, ძალიან დიდხანს გაჰყვება და დიდ პოლიტიკურ ნიჰილიზმსაც გამოიწვევს", - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მოვლენების როგორ განვითარებას ელოდება, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" თინა ხიდაშელს ესაუბრა: - თითქმის ყველა არჩევნების მონაწილე ვარ და ასეთი ქვეყნის დამანგრეველი კამპანია არ მახსენდება.

ეს არჩევნები ყველაზე მეტად, ალბათ, იმით დაგვამახსოვრდება, რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ყველაზე

უმესიჯო, უკონცეფციო კამპანია, მხოლოდ სიძულვილზე დაფუძნებული. 2012 წლის საარჩევნო კამპანიაც კი, რომელიც თავისი არსით იყო ყველა ერთის წინააღმდეგ, ყველა სააკაშვილის წინააღმდეგ შეიკრა, გზავნილებით დატვირთული იყო, ახლა კი კლიპებშიც იმას გვეუბნებიან, რატომ უნდა გვეზიზღებოდეს მეორე და ამ ზიზღის საფუძველზე გავაკეთოთ არჩევანი.

- მეორე ტურისთვის ორივეს სჭირდება­ მათი ხმები, ვინც პირველ ტურზე სხვა კანდ­ი­დატი აირჩია, ასეთი კამპანია მიიმხრობს მათ?

- მეორე ტურის შედეგი კარგად გამ­ოაჩენს, ამ კამპანიამ როგორ იმუშავა. ამ თვალსაზრისით მრავალმხრივ საინტერესოა­ 28 ნოემბერი: ჯერ ერთი, იმით, თუ როგ­ორი იქნება აქტივობა და როგორ განაწი­ლ­დება ხმები, არა მხოლოდ იმის გასაგებად,­ ვინ მოიგო და ვინ წააგო, არამედ იმის გასაგებადაც, ამ ურთიერთგანადგურების ფონზე ამომრჩეველმა რა ტიპის არჩევანი გააკეთა. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში იმ მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა მივა, ვინც პირველ ტურში სხვა არჩევანი გააკეთა და ამ ორიდან არც ერთისთვის არ მიუცია ხმა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ისინი რა არჩე­ვანს გააკეთებენ. შესაძლოა მათი არჩევანი სულაც საპროტესტო გადაწყვეტილება იყოს და არც ერთს არ მისცენ ხმა. ზუსტად ამით დავინახავთ, რამდენად იმუშავა სიძულვილის კამპანიამ.

- ამ კამპანიისთვის ახალი იყო ჯარის თემის გააქტიურება. ამას რა ახსნა აქვს და რა გავლენას იქონიებს პოლიტიკურ პროცესზე?

- რაც ვნახეთ, ისინი მოქმედი სამხედ­როები არ ყოფილან და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ...

- მეორე ტურისთვის ჰააგის სასამართლოს თემაც გააქტიურდა...

- თუკი სახელმწიფოზე ზრუნავ და პრეზიდენტობას აპირებ, წარმოუდგენელია, პირადი, ვიწროპარტიული ამოცანის შესრულებას ქვეყნის ინტერესი გადააყოლო. ამ შემთხვევაში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაზე მეტად გააკეთა ყველაფერი,­ რომ ეს ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი ყოფილიყო. რაც უნდა პარტიული ამოცანა გქონდეს,­ დაუშვებელია ჯარისკაცებისა და ასეთი თემების საარჩევნო პლატფო­რმად გამოყენება და ამას არც ერთი პასუხისმგებლიანი ძალა არ გააკეთებდა...

- არასამთავრობოთა ნაწილმა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდება, რასაც ხელისუფლების მკვეთრი რეაქცია მოჰყვა...

- ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი მხარე არ გამოიყურება­ დამაჯერებლად. არც იუსტიციის სამინისტროს ფეისბუკსერიალია დამაჯერებელი, რადგან ნორმალურ ქვეყანაში თანამდებობის პირები ასე არ იქცევიან. მით უმეტეს, ამ არჩევნების შემდეგ მაინც უნდა შეეგნოთ, რომ ასეთი თავდაჯერებული და ყველასთვის ზევიდან მაყურებელი ქცევის გამო დასაჯა ისინი ამომრჩეველმა.

მაგრამ არასაკმარისია ის ინფო­რმაცია, რომელიც არასამთავრობოებმა საზოგადოებას მოგ­ვაწოდეს. გასაგებია, რომ მათ­თან მივიდა ინფორმაცია და ვალდ­ებუ­ლი იყვნენ, მისთვის მსვლელ­ობა­ მიეცათ, თეორიულადაც თუ არსე­ბობს საფრთხე, ის უნდა გამო­ი­რიცხოს, მაგრამ იმ წყაროს ინფო­რ­მაცია, რასაც არასამთავრობოები ავრცელებენ ამჟამად­ დამაჯერებელი ნამდვილად არ არის.

- ხელისუფლება არასამთავრობოებს მიკერძოებულობას საყვედურობს. შეტევა პირველ ტურამდე დაიწყო და ახლა ლამის ოპოზიცი­ასთან ერთად შეთქმულების მოწყობაში­ დაადანაშაულეს. საფუძვლიანია ასეთი დამოკიდებულება, ისინი მიკერძოებული არიან?

- არასამთავრობო სექტორის მისია არის ხელისუფლების ვოჩდოგობა და არა ქუჩაში სიარული. მათ სახელმწიფოს უნდა გაუწიონ მონიტორინგი, თუ რამდენად ასრულებს ის თავის მოვალეობას, და თუ ვერ ასრულებს, ხარვეზებსა­ თუ დარღვევებზე უნდა მიუთითოს. ამიტომ საყვედური, ჩვენ რომ გვხედავ, იმათ რატომ ვერ ხედავო, არასწორია. დღეს "ქართული­ ოცნებაა" ხელისუფლებაში და ამიტომ აკრიტიკებს მას არასამთავრობო სექტორი. გუშინ, როდესაც­ "ნაცმოძრაობა" იყო ხელისუ­ფლებაში, მაშინ მათ აკრიტიკებდა... იმედია, ასეც იქნება, ვინც უნდა იყოს ხელისუფლებაში... იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც არჩევნებს მონიტორინგს უწევენ, ვერ ვიტყვი, რომ განსხვავებული მიდგომა აქვთ. ზუსტად ისეთივე­ სიმწვავით აკრიტიკებდნენ­ სააკაშვილის ქსენოფობიურ გამონათქვამებს, როგორც ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს. სახელმწ­იფო რესურსის გამოყენებაზე თუ ლაპარაკობენ­, ეს ხელისუფლების პასუხისმგებ­ლობაა და ამაზე ოპოზიციას ვერ გააკრიტიკებენ.

- რატომ არის ხელისუფლება არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ მომართული?

- ხელისუფლება ყველას ასე ექცევა,­ ყველა მტერია, ვინც მისი საარჩევნო ნომ­რით არ გამოდის და დილა-საღამოს­ ხოტბას არ ასხამს. ამათთვის, ისევე როგო­რც "ნაცმოძრაობისთვის",­ მთავარი ინსტრუმენტი იარლიყის­ მიკერებაა.­ თუ სააკაშვილის­ იარლიყი ის იყო, რომ "რუსის იყავი", თუკი მასთან ოპონირე­ბდი, დღეს "მიშასი ხარ", თუკი "ოცნე­ბა­სთან" ოპონირებ. თავად მიშაც ძალიან სასა­ცილოდ იქცევა - ყველას, ვისაც გუშინ "რუსის ხარო", ეძახდა, დღეს ბოდიშს უხდის, ეფერება და იმ იარლიყებს ხსნის, რაც თავად მიაკერა.

- პირველ ტურამდეც ჩანდა, მაგრამ მეორე ტურისთვის გამოიკვეთა,­ რომ პოლიტიკური­ სიტუაცია პოლარიზებული უნდა იყოს და მესამე ძალა არ უნდა გაჩნდეს,­ და თუ გამოჩნდა, ანადგურებენ. ოპოზიციის გაერთიანებამ ამას უფრო მეტად ხომ არ შეუწყო ხელი?

- ეს ცხადი იყო უკვე 2014 წლის შემდეგ და ჩვენ ამაზე საჯაროდ ვლაპარაკობდით.­ ჯერ იყო პატარა შეცდომები, მერე ამას მოჰყვა დიდი შეცდომები და ბოლოს მაკვალიფიცირებელ შეცდომებში გადაიზ­არდა.

ეს ყველაფერი განპირობებული­ იყო ამოცანით, რომ "ნაციონალური მოძრ­აობა" ყოფილიყო მათი ერთადერთი პოლიტიკური ოპონენტი იმ პოლიტიკურ ველზე, სადაც "ქართული ოცნება" არსებობს, იქნება ეს პარლამენტი თუ ადგილობრივი საკრებულოები, და ახლა საპრეზიდენტო არჩევნებიც დაემატა. ამას ერთადერთი პასუხი აქვს - მათ ეგონათ, "სისხლიანი ცხრა წლის" ძახილით შეძლებდნენ ნებისმიერი ოპოზიციური მოთხოვნის ანულირებას. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ საუკეთესო გარემო მოიწყო. 2016 წელს ეს კარგად რომ გამოუვიდა, ეგონა, ახლაც გამოუვიდოდა, მაგრამ ის ვერ გათვალა, რომ ერთ მდინარეში ორ-სამჯერ და მით უმეტეს, ცხრაჯერ ვერ შეხვალ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ მეორე ტურისთვის მხარდაჭერას, ჩემი აზრით, ეს უკვე სულ სხვა თამაშია.

ამ არჩევნებზე ივანიშვილისთვის იდეალური ვარიანტი მეორე ადგილზე გასული ბაქრაძე იქნებოდა, ან თუნდაც გამარჯვებული. როდესაც თქვა, პრეზიდენტის პოსტი ოპოზიციამ წაიღოსო, დარწმუნებული ვარ, დავით ბაქრაძეს გულისხმობდა. მე არ ვამბობ იმას, რასაც პოლიტიკურ წრეებში ლაპარაკობენ, რომ ივანიშვილი "ევროპულ საქართველოს" ფულს უხდის, არა, მე ვამბობ ივანიშვილისთვის მისი რაციონალური გათვლით იდეალური ვარიანტი რა იქნებოდა - რომ პირადად მიშას დაამარცხებდა, მაგრამ ოპონენტად ისევ "ნაციონალური მოძრაობა" ეყოლებოდა. ეს სქემა ახალი არ არის, ეს ჰქონდა შევარდნაძესაც, სააკაშვილსაც, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ არ მუშაობს. რამდენჯერ უნდა დაგვემართოს, რომ მიხვდნენ, საქართველო არ არის ორპარტიული და მით უმეტეს, ერთპარტიული რეჟიმის შემგუებელი ქვეყანა. როგორც კი ამას ამომრჩეველი ხედავს, აღარ მიჰყვება ხელისუფლებას. 28 ნოემბრის შემდეგ, იმის მიუხედავად, რა შედეგი დადგება და ვინ გახდება პრეზიდენტი, პოლიტიკური პროცესის სადავე ხელში ისევ "ქართულ ოცნებას" დარჩება, ამიტომ პოლიტიკურად აღარც არის საინტერესო, ვინ გახდება პრეზიდენტი.

- მაშინ რა არის საინტერესო?

- პოლიტიკურად ის არის საინტერესო, ივანიშვილი რამდენად გაიმეორებს იმავე შეცდომას, რაც თავის დროზე დაუშვა შევარდნაძემ და მერე სააკაშვილმა, როდესაც არც ერთი ნაბიჯი არ დათმო უკვე წაგებულ პოლიტიკურ პროცესში და ამის შედეგად ორივემ მიიღო ხელისუფლებიდან აბსოლუტური ჩამოშორება და ოპოზიციისთვის ხელისუფლების აბსოლუტური­ გადაბარება. თუ ივანიშვილი უფრო გონიერი აღმოჩნდება, ვიდრე სააკაშვილი, და მიხვდება, რომ პოლიტიკური დინამიკა შეიცვალა და პარლამენტს, რომელიც დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობით ჰყავს წარმოდგენილი, აღარ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის ლეგიტიმაცია (და რომ არა აქვს, ყველამ კარგად ვნახეთ, რადგან პრაქტიკულად ყველა მაჟორიტარული ოლქი წააგო, საერთო ჯამურ რიცხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), ამ პოლიტიკური პროცესის ბატონ-პატრონი დარჩებიან ისევ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" თუ დანიშნავენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. თუ არ დანიშნავენ, ივანიშვილს გარანტიას ვაძლევ, რომ რიგგარეშე არჩევნებს ხალხი დაანიშვნინებს. ამიტომ ახლა მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, დაიტოვებს პოლიტიკური მართვის სადავეს თუ გაუშვებს ხელიდან და იძულებული გახდება, სხვას გადასცეს. მას ახლა ეს გადაწყვეტილება აქვს მისაღები და როგორც გითხარით, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კანდიდატი მოიგებს. ახლა რომ არჩევნების მოგებაზე არიან გადართული, გასაგებია. ახლა ისინი მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს ელაპა­რაკებიან და 29 ნოემბერი რომ გათენდება,­ ამისთვის რა გეგმა აქვთ და რას ეტყვიან მთელი ქვეყნის მოსახლეობას და არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს, ეს არის მნიშვნელოვანი.

რუსა მაჩაიძე