დიმიტრი ცქიტიშვილი - ყოვლად დაუშვებელია ის, რაც შავი ზღვის აკვატორიაში ხდება -  ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო იქნება

საქმე გვაქვს ერთი მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან, ხოლო მეორე მხრივ ეს არის შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ძალიან მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს.

„ყოვლად დაუშვებელია ის, რაც შავი ზღვის აკვატორიაში დღეს ხდება. ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმ აგრესიის, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და ყველანაირად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ცალსახაა, რომ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიო უნდა იყოს და იქნება კიდეც იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ერთი მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან, ხოლო მეორე მხრივ ეს არის შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები. ძალიან კომპლექსური საკითხია და ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობას კონკრეტული პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით,"- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

როგორც ცნობილია, უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების გემებს, ქერჩის სრუტის დატოვებისას რუსეთის სასაზღვრო ძალების გემმა ცეცხლი გაუხსნა.

არსებული ინფორმაციით, ორი მცირე ზომის საარტილერიო გემი “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი” ოდესის პორტიდან მარიუპოლში გეგმიურ გადასვლას ახორციელებდნენ. გარდა ამისა, ძალადობრივად იყო შეჩერებული ბუქსირი “იანი კაპუ”. უკრაინული მხარე ასევე იუწყება, რომ აღნიშნული გემები რუსული მხარის მიერ არის დაკავებული. სროლის შედეგად, დაჭრილია 6 უკრაინელი მეზღვაური.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები პირველად 25 ნოემბრის დილას განხორციელდა, როცა სამი უკრაინული გემი ოდესიდან მარიუპოლისკენ მიემართებოდა. თავდაცვის უწყების ცნობით, რუსული გემი უკრაინულს განგებ შეეჯახა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გემების გადაადგილება წინასწარ იყო დაგეგმილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო