პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თავისი საქმიანობის სამომავლო პრიორიტეტები გამოაქვეყნა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თავისი საქმიანობის სამომავლო პრიორიტეტები გამოაქვეყნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს განვითარების პროგრამიდან აცნობეს, კომიტეტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკანონმდებლო ნაბიჯებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ასევე გააძლიერებს თავის საზედამხედველო ფუნქციას მთავრობის საქმიანობაზე და გააღრმავებს თანამშრომლობას ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრიორიტეტები აღწერილია მის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რომელიც ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ხელშეწყობით გამოიცა.

მათივე ინფორმაციით, 26 ნოემბერს გაიმართა ამ სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო წარდგენა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე ისაუბრა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში პარლამენტი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიზანია ეფექტიანად გამოიყენოს ჩვენს ხელთ არსებული საკანონმდებლო ბერკეტები და ხელი შეუწყოს საქართველოს საგარეო პრიორიტეტების განხორციელებას. გარდა ამისა, გაძლიერდება კომიტეტის საზედამხედველო ფუნქცია და გაიზრდება ინსტიტუციური შესაძლებლობები, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის შექმნისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში“, - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს-რუისმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა საკვანძო მნიშვნელობას იძენს საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების პირობებში.

„ევროკავშირი საქართველოს პარლამენტის დიდი ხნის და აქტიური მხარდამჭერია საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების საქმეში. ამ ხელშეწყობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა სანჩეს-რუისმა.

გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა საპარლამენტო ღიაობის მნიშვნელობას.

„მისასალმებელია, რომ საპარლამენტო კომიტეტები საკანონმდებლო ღიაობის პრინციპების შესაბამისად მოქმედებენ და მზად არიან საზოგადოებასთან ღია დიალოგისათვის სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ“, - განაცხადა გიგი ბრეგაძემ.

საპარლამენტო კომიტეტების სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და გამოქვეყნების პრაქტიკა 2014 წელს ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით დაინერგა. მას შემდეგ ამ დოკუმენტების გამოქვეყნება 15 საპარლამენტო კომიტეტიდან რვამ დაიწყო. ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, ეს ვალდებულება ყველა საპარლამენტო კომიტეტს დაეკისრა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის