ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2018

"გიორგი მარგველაშვილი უნიკალური პრეზიდენტი იყო ... ასეთი ჯერ არავინ ყოფილა“, - რამაზ საყვარელიძე

"მეორე ტურამდე რომ მივედით, ეს პოლიტიკური კულტურის ზრდის დადასტურებაა" - ლაგაზიძე

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და ორი მთავარი კითხვა

"გიორგი მარგველაშვილი უნიკალური პრეზიდენტი იყო ... ასეთი ჯერ არავინ ყოფილა“, - რამაზ საყვარელიძე

"მარგველაშვილი, როგორც პრეზიდენტი, ისტორიაში როგორ შევა, დამოკიდებული იქნება პრეზიდენტების იმ წყებაზე, რომლებიც ამ პოსტს დაიკავებენ. იგი ბევრთან შედარებით შეიძლება ძალიან კარგი აღმოჩნდეს, ბევრთან შედარებით კი - ხარვეზიანი. შეფასება შედარებითია,“ - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან“ საუბრისას“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "გიორგი მარგველაშვილი უნიკალური პრეზიდენტი იყო ... ასეთი ჯერ არავინ ყოფილა“, - რამაზ საყვარელიძე

"საქართველო 28 ნოემბერს ახალ პრეზიდენტს აირჩევს. როგორ შევა ისტორიაში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რითი დაამახსოვრა მან თავი საქართველოს მოქალაქეებს - ამის შესახებ "რეზონანსი“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა. საყვარელიძემ მარგველაშვილს უნიკალური პრეზიდენტი უწოდა და აღნიშნა, რომ მას ისეთ ვითარებაში მოუწია პრეზიდენტობა, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მარგველაშვილს მოუწია სრულიად ცარიელ ადგილას, ისეთ სახელმწიფოში პრეზიდენტად ყოფნა, სადაც იქამდე ასეთი პრეზიდენტის სტატუსი არავის ჰქონია. ფაქტობრივად, ამ ოთხ წელიწადში ცდილობდა თან მყარი ყოფილიყო პრეზიდენტის ინსტიტუტი, თან კონსტიტუციის ფარგლებს არ გასცდენოდა. ამ მიზნების თვალსაზრისით, მარგველაშვილი უნიკალური პრეზიდენტი იყო. უნიკალური იმ მხრივ, რომ ნამდვილად არავინ ყოფილა ჯერ ასეთი. ბევრის შეფასებით, მან ხშირად მმართველ პარტიასთან უფრო მეტი სიჯიუტე გამოიჩინა, ვიდრე ეს საჭირო იყო, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტის გამყარების მოტივი მის ამ საქციელს მეტ-ნაკლებად ხსნის. მას ძალიან ბევრი პოზიტივი აქვს - ზოგადი პოლიტიკური ორიენტაცია, ძალიან კარგი რიტორიკა... ამ პოზიტივის ფონზე, უმნიშვნველო შეცდომები ისტორიაში დაიკარგება. ამ პოზიტივის ფონზე მისი ისტორიული შეფასებაც პოზიტიური იქნება,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

"მეორე ტურამდე რომ მივედით, ეს პოლიტიკური კულტურის ზრდის დადასტურებაა" - ლაგაზიძე

"თუ ვაშაძე დამარცხდება, გაუყალბებენ თუ არ გაუყალბებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, გაერთიანებული ოპოზიცია იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. რაც შეხება "ოცნებას", თუკი დაინახეს, რომ შედეგი მათთვის სასარგებლო არ დგება, უპირველესად ეცდებიან, შედეგების გამოცხადების დრო მაქსიმალურად გაიყვანონ. აქ მთავარია, რამდენად არიან მზად, რომ დამარცხება აღიარონ და ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ივანიშვილის რაციონალურობა იქნება საიმედო დასაყრდენი და მთავარია, რა იქნება მისი მოტივატორი", - აცხადებს ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "მეორე ტურამდე რომ მივედით, ეს პოლიტიკური კულტურის ზრდის დადასტურებაა" - ლაგაზიძე

"ისტორიული ფაქტის შემსწრენი ვართ. როგორი სიბინძურითაც არ უნდა მიდიოდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი და ქართული საზოგადოება მივიდნენ მეორე ტურამდე, ეს პოლიტიკური კულტურის ზრდის დადასტურებაა და ეს პოზიტივია. რამ გამოიწვია ეს, ხელისუფლება გახდა იძულებული, მეორე ტურს დათანხმებოდა - ეს სხვა თემაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება, როგორ მიდიოდა საინფორმაციო კამპანია, არც პირველ ტურს აკლდა სიბინძურე, თუმცა მეორე ტურში იყო ამ სიბინძურის ვულკანისებრი ამოფრქვევა არჩევნებში მონაწილე ორივე პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან. არც ერთ სუბიექტს არ დაუკლია ხელი ერთმანეთისათვის“, - აღნიშნავს გამოცემა.

"როგორც ჩანს, ხელისუფლება სამოქალაქო სექტორთან მიმართებაში ტაქტიკის შეცვლას მეორე ტურის შემდეგაც არ აპირებს. ხომ გამოვიდნენ და გულზე ხელი იბრახუნეს, ჩვენ შევიცვლებით და ერთ წელში ნახეთ, რა იქნებაო. ამ ცვლილებაში სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგი, როგორც ჩანს, არ უგულისხმიათ და ისედაც ხომ მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ახლა უფრო დაძაბეს. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდნენ, სამი ძირითადი მტრის ხატი შექმნეს, მათი არარუპორი მედიის, არასამთავრობოებისა და კრიტიკოსი ექსპერტებისაგან მაშინ, როდესაც ექსპერტებსაც და მედიასაც მცირე წვლილი არ მიუძღოდათ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოყვანაში. მათ მიერ დაანონსებულ ცვლილებებში კი, როგორც ჩანს, ამ მტრის ხატის ნგრევა არც იგულისხმება“, - დასძენს გამოცემა.

"დესტაბილიზაციის სცენარის ალბათობას ვერ ვხედავ. გაცილებით დაძაბული იქნება, ვიდრე პირველი ტური. გაერთიანებული ოპოზიცია არის უპრეცედენტოდ მომზადებული ყოველგვარი გაყალბების შესაძლო მცდელობის აღსაკვეთად და, ალბათ, ხელისუფლება ამაში დარწმუნებულია. ხელისუფლებამ ძალიან მძაფრად განიცადა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების კრიტიკა იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები რამდენჯერმე შეხვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა. როგორც ჩანს, "ოცნებისათვის", ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ არჩევნების ლეგიტიმურობა დასავლეთმა აღიაროს. ამიტომ არ ველი, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს გაყალბებების იმგვარი რაოდენობა იყოს, რომელმაც შეიძლება, არჩევნების შედეგზე მოახდინოს გავლენა. კორესპონდენტის კითხვაზე, თუ რას ელოდება ის 8 საათის შემდეგ, ლაგაზიძე პასუხობს, რომ თუ ვაშაძე დამარცხდება, გაუყალბებენ თუ არ გაუყალბებენ, ნებისმიერ შემთხვევაში, "გაერთიანებული ოპოზიცია" იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. რაც შეხება "ოცნებას", თუკი დაინახეს, რომ შედეგი მათთვის სასარგებლო არ დგება, უპირველესად ეცდებიან, შედეგების გამოცხადების დრო მაქსიმალურად გაიყვანონ. აქ მთავარია, რამდენად არიან მზად, რომ დამარცხება აღიარონ და ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ივანიშვილის რაციონალურობა იქნება საიმედო დასაყრდენი და მთავარია, რა იქნება მისი მოტივატორი“, - წერს სტატიის ავტორი.

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და ორი მთავარი კითხვა

"დღეს ხალხი ბოლოჯერ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს და როგორი ჩავლის ეს დღე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი აჩვენებს - მიდის თუ არა საქართველო დემოკრატიისაკენ და იმსახურებს თუ არა ევროპულ ოჯახში ადგილს, თუ უკან, პოსტსაბჭოთა ჭაობში ბრუნდება. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ამ არჩევნებს არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მთელი აღმოსავლეთ ევროპისათვის აქვს მნიშვნელობა და არის თუ არა საქართველო მზად, ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, გადამწყვეტი იქნება ორი ფაქტორი: ერთი - არჩევნების დღე ჩაივლის თუ არა მშვიდად, თავისუფლად, სერიოზული გართულებებისა და ინციდენტების გარეშე და მეორე - პროცესში მონაწილე ნებისმიერი მხარე, დამარცხების მიუხედავად, აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგს.არიან თუ არა მზად, ერთი მხრივ, "ოცნება" და, მეორე მხრივ, "ნაციონალები" და მათთან გაერთიანებული ოპოზიცია, რომ არჩევნებმა დაპირისპირებისა და შეხლა-შემოხლის გარეშე ჩაიაროს და რა შემთხვევაში არ აღიარებენ შედეგს?“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და ორი მთავარი კითხვა / როგორ ჩაივლის არჩევნების დღე და აღიარებს თუ არა დამარცხებული არჩევნების შედეგებს?

"ქართული ოცნების" წევრი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველა წესი დაცული იქნება, თუმცა ელის, რომ ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები იქნება და ოპონენტები კანონის ზღვარზე გაივლიან. მისივე თქმით, ოპოზიცია წინასწარ შეეცდება, ბევრი იყვიროს, იჩხუბოს, გაყალბებაზე ილაპარაკოს და ამით ქუჩაში გამოსვლისა და არეულობის მიზეზი შექმნას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკოლოზ ვაშაკიძის თქმით, ხელისუფლება გადასულია დაშინებაზე, ცემაზე, კარტოფილების დარიგებაზე, ყალბი პირადობების დაბეჭდვაზე და ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ "ოცნება" უკვე ემზადება არჩევნების გასაყალბებლად. ამას ოპოზიცია ყველანაირად შეეწინააღმდეგება, ხოლო თუკი არჩევნების პროცესში ბევრი დარღვევა და გაყალბება გამოჩნდება, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან შედეგის აღიარება არ მოხდება. ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ, მისი მოლოდინით, არჩევნების დღე მშვიდობიანი, გამჭვირვალე იქნება, თუმცა ინციდენტებს არ გამორიცხავს და თვლის, რომ ოპოზიცია პროვოკაციებს აუცილებლად მოაწყობს. "პატარ-პატარა ხარვეზები, როგორც ყოველთვის, ახლაც შეიძლება, იყოს, მაგრამ არ იქნება ისეთი, რომ დიდ მასშტაბში გადავიდეს... მეორე ტურის კამპანია საკმაოდ ჭუჭყიანი იყო, მაგრამ ამის ინიციატორი და ავტორები იყვნენ გვარამია, "რუსთავი 2", ვაშაძე, მეორე ვაშაძე და საერთოდ, "ნაციონალური მოძრაობა"."ველოდები, რომ შეიძლება, კანონის ზღვარზე გაიარონ, მაგრამ მათაც კარგად იციან, რომ კანონის ზღვარს თუ გადააბიჯებენ, ისინი აუცილებლად მიიღებენ იმას, რაც კანონით ეკუთვნით. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხაზს არ გადალახავენ. ყოველ შემთხვევაში, არჩევნების დღეს ამას შეეცდებიან, სანამ შედეგს გაიგებენ", - ამბობს ქანთარია“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, "ნაციონალების" მუდმივი განცხადებები, რომ თითქოს ხელისუფლება გაყალბებას გეგმავს, მათი გეგმის ნაწილია."გაყალბების ავტორები თვითონ იყვნენ და ახლა ესეც მათი ერთ-ერთი სტრატეგიაა - შექმნან გარკვეული ილუზია და ფონი იმისა, რომ თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, ე.ი. არჩევნები გაყალბებულია."თუმცა ეს სქემა ჩავარდნილია. გაყალბებაზე, რასაკვირველია, საუბარი ექნებათ, მაგრამ საზოგადოებაში რომ გაყალბების ეჭვი შექმნან, ეს ამოცანა მათ ვერ შეუსრულდებათ", - აღნიშნავს ქანთარია."ნაცმოძრაობის" წევრი ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, რომ "საყოველთაო შეფასებით, უპრეცედენტოა დარღვევებისა და უხეში კანონსაწინააღმდეგო ქმედებების რაოდენობა, რასაც ხელისუფლება სჩადის არჩევნების გაყალბების მიზნით" და ამაზე არა მარტო ოპოზიცია, არამედ ავტორიტეტული არასამთავრობოებიც საუბრობენ. "თქვენ ნახეთ, როგორ სასტიკად სცემეს გაერთიანებული ოპოზციის შტაბის წარმომადგენლებს ნინოწმინდაში, ახალქალაქში, როგორ მხეცურად აჩეხეს ჩვენი წარმომადგენელი ინში. ის ახლაც რეანიმაციაში წევს. ეს საშინელებები უკვე ხდება და ამისაგან დაზღვეულები არც არჩევნების დღეს არ ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები. "გაყალბებას ველოდებით და ამისათვის მაქსიმალურად მომზადებული ვართ. ჩვენ რამდენიმე პრეზენტაცია ტელევიზიითაც ჩავატარეთ, თუ როგორ არის ჩართული ჩვენი შტაბი და ჩვენი მხრიდან ჩართული ხალხი ამ პროცესში და როგორ უნდა აღვუდგეთ ამას წინ. რიგით მოქალაქეებსაც სერიოზული განმარტება ჩავუტარეთ, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი ხმები. ერთი რამ ფაქტია - რეალური გამოკითხვის შედეგები ჩვენთვის ცნობილია, ჩვენი კანდიდატი დიდი უპირატესობით იგებს", - ამბობს ვაშაკიძე“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგის აღიარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება საარჩევნო დღეს, რას იტყვის მიუკერძოებელი ეგზიტპოლები, რას იტყვიან ავტორიტეტული არასამთავრობოები. "კენჭისყრის დასრულების შემდეგ ოქმების შემოსვლის პროცესი დაიწყება თვითონ ჩვენს შტაბშიც, რასაც დავთვლით ცესკო-ს პარალელურად. ასევე სრული ინფორმაცია შემოვა იმ უკანონო ქმედებებსა და გაყალბებებზეც, რომლებსაც, ალბათ, ექნება ადგილი. "მთელ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენ გავაკეთებთ ისეთ რეაგირებას, რომელიც ამ სიტუაციაში რელევანტური იქნება", - აღნიშნავს ვაშაკიძე და დასძენს: "გაყალბება თუ იქნება, ამაზე თვალს არავინ დახუჭავს... ჩვენ ახლა კონცენტრირებულნი ვართ ხმების მაქსიმალურ დათვლაზე, ამის კონტროლზე, სხვა არაფერს, არანაირ აქციას არ ვგეგმავთ, მაგრამ როგორ იმოქმედებს საქართველოს მოქალაქე, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის", - აღნიშნავს ვაშაკიძე“, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს