ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2018

პირველი ქალი პრეზიდენტი

გია ხუხაშვილი - “ეს “ოცნების” გამარჯვება არ არის, ხალხმა ხმა ისევ “ნაციონალების” წინააღმდეგ მისცა”

„თუ ტრამპი პუტინთან შეხვედრას ჩაშლის, ეს მკაფიო სიგნალია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში მიუღებელია“ - მენაღარიშვილი

* * *

პირველი ქალი პრეზიდენტი

“მე-5 პრეზიდენტის ვინაობა უკვე ცნობილია - საყოველთაო მობილიზაციის და ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო ომად გამოცხადებული მეორე ტურის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი გახდა პირველი ქალი და ხალხის მიერ ბოლოჯერ არჩეული პრეზიდენტი. ღამის 8 საათის შემდეგ “ოცნების” მომხრეები გათენებამდე მანქანების სიგნალითა და შეძახილებით აღნიშნავდნენ დამოუკიდებელი კანდიდატის გამარჯვებას, ხოლო “ნაციონალებს” სახე ჩამოსტიროდათ, საუბრობდნენ, რომ არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა და ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი. მიხეილ სააკაშვილმა კი ჰოლანდიიდან განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და მომხრეებს დაუმორჩილებლობისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ მოუწოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პირველი ქალი პრეზიდენტი / სააკაშვილი მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს - ოპოზიცია კი გადაწყვეტილებას არ ჩქარობს.

“იყო ერთი უცნაური დეტალიც, 8 საათისთვის, როდესაც პირველი ეგზიტპოლები გამოცხადდა და ზეიმი მმართველმა პარტიამ დაიწყო, პარტიის თითქმის ყველა ლიდერმაც გააკეთა განცხადება, თავად დამოუკიდებელი კანდიდატი და მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რატომღაც მხოლოდ 1 საათის შემდეგ გამოჩნდა ჟურნალისტებთან ვარდების მოედანზე საკუთარ საარჩევნო შტაბში, სადაც “ოცნების” ლიდერების გარეშე გამოვიდა და განაცხადა, რომ “დღეს გაკეთდა პრინციპული არჩევანი”, შემდეგ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, ოჯახს, მმართველ პარტიას და ჟურნალისტებსაც კი და პირობა დადო, რომ მართალია საარჩევნო პერიოდში ჟურნალისტებს ხშირად არ პასუხობდა, მაგრამ პრეზიდენტობის დროს ის მეგობრული იქნება. ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 43%. ცესკოს პირველადი მონაცემები ღამის 12 საათის შემდეგ გამოცხადდა, თუმცა ოფიციალურ შედეგამდე ჯერ ორი სხვადასხვა ეგზიტპოლით გამოცხადდა ზურაბიშვილის გამარჯვება, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ მოთმინა და 9:30 საათზე გამოაცხადა, რომ საარჩევნო უბნებიდან შესული მონაცემებით სალომე ზურაბიშვილმა 65% მიიღო. მეორე ტურის მთავარი პოლიტიკური ციებ-ცხელება ზუსტად 20 საათიდან დაიწყო, როცა საქართველოში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ორმა ტელევიზიამ ეგზიტპოლები გამოაქვეყნა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსთავი 2”-ს დაკვეთით “ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლით სალომე ზურაბიშვილს 55%-მა დაუჭირა მხარი, გრიგოლ ვაშაძეს - 45%-მა. “იმედის” დაკვეთით “გელაპის” ეგზიტპოლით ზურაბიშვილმა მიიღო - 58%, ვაშაძემ - 42%. როგორც კი ორივე ეგზიტპოლის შედეგი გამოცხადდა, “ოცნების” ოფისის ეზოში, სადაც ბიძინა ივანიშვილი, “ოცნების” სხვა ლიდერები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, დიდი მილოცვები დაიწყო, შემდეგ ტრიბუნაზე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს ნდობისთვის, გუნდს - კარგი მუშაობისთვის და განაცხადა, რომ “ოცნება” მაქსიმუმს გააკეთებს, რომ საზოგადოებას რასაც დაჰპირდა, ყველაფერი გააკეთოს. ივანიშვილის შემდეგ “ოცნებიდან” განცხადებები ბევრმა გააკეთა და ძირითადად აცხადებდნენ იმას, რომ არჩევნების მეორე ტური წარსულზე უარის თქმა იყო. გარდა ამისა, სააკაშვილის მიერ “დაუმორჩილებლობაზეც” გაკეთდა კომენტარები. “როდესაც ჩვენ მოსალოდნელ არეულობაზე ვსაუბრობდით, ამას მისი ტელევიზიიდან აქილიკებდნენ. სააკაშვილის მიზანია, ქაოსი და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, მაგრამ მისი დასაჭერი თევზები აღარ არსებობს. ის არის წარსული”, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ. 1 საათის შემდეგ გამოჩნდა საჯაროდ სალომე ზურაბიშვილი, თუმცა “ოცნების” ლიდერების გარეშე ჯერ ვარდების მოედანზე მდებარე საკუთარ შტაბში, შემდეგ შვილებთან ერთად გარეთ, მოედანზე გავიდა ცოტა ხნით მხარდამჭერებთან, სადაც მას დიდი ყიჟინით შეხვდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ოცნებაში” ზეიმის პარალელურად დიდი იმედგაცრუება იყო გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში, სადაც ეგზიტპოლების შედეგების მოსმენის შემდეგ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ როგორი შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, შედეგი მიღწეულია - გაერთიანებული ოპოზიცია შედგა და “ყველაფერი ახლა იწყება”. მისი თქმით, ე.წ. ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ლეგიტიმაციის ბოლო ნიშანი. “ასეთი არჩევნები საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ვისი მობილიზაციაც ხელისუფლებას შეეძლო, ყველას მობილიზაცია მოხდა. მოხდა ყველას მოსყიდვა. ყველა კრიმინალი, კორუფციონერი, ნარკომანი - ყველა საქმეში იყო ჩართული”, - თქვა ვაშაძემ. შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ არჩევნები ლეგიტიმური არ არის და რომ ტოტალური დაშინებისა და ზეწოლის ფაქტების მიუხედავად, კონკრეტულ უბნებში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს. მისი თქმით, “თითოეულ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა” და მხარდამჭერებს მოუწოდა, საარჩევნო უბნების მაქსიმალურად გამაგრება და ოქმების დაცვა... ვაშაძის მსგავსად “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც მოუწოდა საარჩევნო უბნებზე მყოფ პარტიების წარმომადგენლებს, რომ სანამ ყველა ხმა არ დაითვლება, ბოლომდე იმუშაონ”, - დასძენს გამოცემა.

“შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ რაც ჩატარდა, ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები და “ბინძურმა ოლიგარქმა” ხალხს თავზე გადაახია კონსტიტუცია. “დღეიდან ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლეგიტიმური მმართველი. მე არ ვაღიარებ და ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, არ აღიაროს ამ არჩევნების შედეგი”, - განაცხადა სააკაშვილმა და საზოგადოებას მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. “ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას. მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ხელჩაკიდებული და ვიფიქროთ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს ბედი წყდება”, - განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილის ამ მოწოდებას ვაშაძის შტაბში მაინცდამაინც დიდი მოწონებით არ შეხვედრილან არც თავად “ნაციონალი” ლიდერების დიდი უმეტესობა და გაკეთდა განცხადებები, რომ ყველაფერს გადაწყვეტს გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივად, კონსენსუსის საფუძველზე”, - წერს სტატიის ავტორი.

“გაერთიანებულ ოპოზიციას ყავს თავისი საბჭო, საბჭო დაჯდება და მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. მე მეტი კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო, ახლა ჩვენ გადართულები ვართ იმაზე, რომ თითოეული ოქმი მოვიტანოთ ჩვენს შტაბში, დავიცვათ თითოეული ხმა, დავითვალოთ თავიდან ბოლომდე შედეგები და შესაბამის სამოქმედო გეგმას აუცილებლად გაცნობებთ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. “რესპუბლიკელების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა კი განაცხადა, რომ “რევოლუცია იწვევს ზიზღს, ეს თავად გრიგოლ ვაშაძის სიტყვებია და ამიტომ ახლა გადამწყვეტი სწორედ ვაშაძის პოზიცია იქნება”. ცესკოს პირველადი მონაცემები გამოქვეყნდა 12 საათზე, დათვლილი იყო მხოლოდ 1181 უბანი, ზურაბიშვილმა მიიღო 57%, ვაშაძემ - 43%. ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 56,2%, რაც რაოდენობრივად 1 975 845 ადამიანია. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 46,7%, 1 637 956 ამომრჩეველი და მეორე ტურში 17%-ით მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

გია ხუხაშვილი - “ეს “ოცნების” გამარჯვება არ არის, ხალხმა ხმა ისევ “ნაციონალების” წინააღმდეგ მისცა”

“ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება დამატებით მისულმა ამომრჩეველმა მოიტანა, რომლებსაც “ქართული ოცნების” ამომრჩეველი პირობითად ჰქვია. ეს ხალხი სამი სეგმენტისგან შედგება: ერთი სეგმენტი, ე.წ. შავ სიაში მყოფი ადამიანები არიან, რომელთა გულის მოგებაც ივანიშვილის ინიციატივით მოხდა. მეორე, ეს ლატენტური ანტიმიშა გახლავთ, რომელთაც “ოცნებამ” არმაგედონი დაუხატა, რომ თუ ვაშაძე მოიგებდა, ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა. მესამე კატეგორია კი ე.წ. ულტრაკონსერვატორი ძალები, ანუ “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩევლები არიან. გასაგებია, რომ არჩევნები უგვანო იყო, მაგრამ ეს ვის უკვირს? ყოველთვის ასეთი არ იყო? პრინციპში ისეთი კატასტროფული დარღვევები არ ყოფილა. ერთი და იგივე სახეები და ქალები, რომლებიც ჯერ “ნაციონალებისთვის” იბრძოდნენ და ახლა “ოცნებისთვის” იბრძვიან... ფაქტობრივად არჩევნების შედეგი არა “ოცნების” ამომრჩეველმა, არამედ სხვისმა ამომრჩეველმა განაპირობა, რომელთა შეხედულება “ნაციონალების” ძლიერმა სიძულვილმა შეცვალა”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ „რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს “ოცნების” გამარჯვება არ არის, ხალხმა ხმა ისევ “ნაციონალების” წინააღმდეგ მისცა” - ხუხაშვილი.

“ამომრჩევლის მობილიზება ტექნოლოგიური საკითხია - ეს არ არის “ოცნების” ამომრჩეველი, ეს წმინდა ტექნოლოგიური ნამუშევარია, რომელიც ერთჯერადი კონტრაქტით არის, რაც “ოცნების” დეგრადაციის პროცესს არ აჩერებს. ეს მისი ამომრჩეველი არ არის. უბრალოდ, ცუდსა და უარესს შორის ისევ „ოცნება“ ამჯობინეს. თუმცა მათი მხრიდან მმართველი გუნდის მიმართ აგრესია არსად არ წავა და ეს კუდს ისევ მოიქნევს. “ნაციონალებისგან” საქართველოს მოსახლეობას იმხელა სტრესია ქვს მიღებული, რომ ეს ფაქტორი ჯერ კიდევ მუშაობს, თუმცა, მგონია, რომ ეს უკვე ბოლო წვეთია. საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს ფაქტორი მათ ვეღარ უშველის. “ოცნების” ლეგიტიმაცია რომ დაბალია, აქ ორი აზრი არ არის. 2020 წლისთვის თუ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი არ გაჩნდა, რა თქმა უნდა, „ოცნებას“ დიდი პრობლემები ექნება. ეს არჩევნები ხელისუფლებისთვის წითელი ბარათი და გაფრთხილება იყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის იმ უფლებამოსილების, რომ ზურაბიშვილმა რამე ან გააფუჭოს ან გააკეთოს. აქედან გამომდინარე, ძალაუფლების ცენტრების გადანაწილების კუთხით არც არაფერი შეცვლილა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ან არმაგედონი დავინახო, ან ვიფიქრო, რომ ის რამე სასწაულს მოახდენს. პასუხისმგებლობას ხალხი მაინც ივანიშვილს დააკისრებს - ვნახეთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მან საკუთარ თავზე აიღო. ამიტომ, მასზე უფრო მეტი აგრესია წამოვა. ერთი პრეზიდენტი იყო, რომელზეც ივანიშვილს პასუხისმგებლობა არ ჰქონდა და ისიც საკუთარ თავზე აიღო. სამომავლოდ კი მის პრობლემებს უფრო გაზრდის”, - დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “გრიგოლ ვაშაძე რამდენად დარჩება ოპოზიციის ლიდერად და როგორ წარმოგიდგენიათ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელება?” - პასუხობს:

“ ვაშაძე რეალური ლიდერი არც ყოფილა და ის ნომინალური ლიდერი იყო. სამომავლოდ მას როგორც რაიმე ძალის გამაერთიანებელს ან რაღაც აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულს, ვერ ვხედავ”.

„თუ ტრამპი პუტინთან შეხვედრას ჩაშლის, ეს მკაფიო სიგნალია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში მიუღებელია“ - მენაღარიშვილი

“აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ “დიდი ოცეულის“ ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გაუქმება, საერთაშორისო თანამეგორობისთვის ერთგვარი გზავნილი იქნება იმისა, რომ რუსეთის ქმედება უკრაინასთან მიმართებით უკანონოა და რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს” - რა მოხდება, თუკი ტრამპი „დიდი ოცეულის" ფარგლებში რუსეთთან გასამართ შეხვედრას გააუქმებს, -მომავალში როგორ შეიძლება გაგრძელდეს რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა, აღნიშნულთან დაკავშირებით „რეზონანსი” საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილს გაესაუბრა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „თუ ტრამპი პუტინთან შეხვედრას ჩაშლის, ეს მკაფიო სიგნალია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში მიუღებელია“ - მენაღარიშვილი.

“ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის იმ აგრესიულ ქმედებას, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა აზოვის ზღვაში, უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. გაეროს უშიშროების საბჭოში ამერიკის წარმომადგენელმა ძალიან მკაცრი შეფასება მისცა რუსეთის უკანონო ქმედებას. „თუკი ამერიკის პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება საკმაოდ მკაფიო სიგნალი იმისა, რომ რუსეთის საქციელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია”, - აცხადებს ის. „დიდი ოცეულის" სამიტზე რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით არგენტინაში უნდა გაიმართოს, შესაძლოა ჩაიშალოს. შეხვედრის გაუქმება კი, გამოწვეული იქნება ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო, - ამის შესახებ თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს. მენაღარიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია რუსეთთან მიმართებაში სათანადო არ იქნება, რუსეთი კვლავ გააგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საერთაშორისო თანამეგობრობამ რაც შეიძლება მკაცრი შეფასება უნდა მისცეს რუსეთის აგრესიულ ქმედებას იმისთვის, რომ იგი აღკვეთილ იქნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთმა შეიძლება ეს ქმედება გააგრძელოს და ბევრად უფრო მძიმე შედეგი გამოიღოს. იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობა სათანადო შეფასებას არ მისცემს რუსეთის ამ ქმედებას, საუბარია რეგიონში უსაფრთხოებასა და ფართო მასშტაბიანი სამხედრო გართულების რისკებზე. ეს ყველაფერი აშშ-სა და რუსეთის მომავალ ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება. დაგეგმილი შეხვედრის გადადება და ჩაშლა, პოზიტიური მოვლენა ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ ეს რეაქცია აბსოლუტურად აუცილებელია. მას შემდგომი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს. თუკი ასეთ დარღვევებზე თვალს დახუჭავენ, სიტუაცია შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.

“მენაღარიშვილი იმედოვნებს, რომ დასავლეთის შეფასება მომავალში უფრო მწვავე იქნება და არა ისეთი, როგორიც პირველი შეფასება იყო. “აქამდე რეაქცია მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლა, მაგრამ სხვაგვარი, პირველადი რეაქცია არც იყო მოსალოდნელი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა რუსეთი, - გააგრძელებს თუ არა თავისი ამ ქმედების გაღრმავებას. მეზღვაურები დააპატიმრეს, მათ რამდენიმე წლით პატიმრობაც კი მიუსაჯეს. თუკი ეს ბოროტმოქმედება გაგრძელდა და რუსეთმა სიტუაციის დეესკალაციისთვის ნაბიჯი არ გადადგა, იმედი მაქვს დასავლეთს ბევრად უფრო მწვავე შეფასებები ექნება”, - ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი , რომელიც იმედოვნებს, რომ “უახლოეს მომავალში დასავლეთი პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო