ლადო პაპავა - თუ ივანიშვილი თავის დაპირებას ქვეყანაში ვითარების გამოსწორებაზე ვერ შეასრულებს, „ნაცმოძრაობას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  წარმატების  მიღწევის  შანსი  ექნება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებსა და მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პროფესორს, ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, საბოლოოდ როგორც არ უნდა დაჯამდეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, უკვე ცხადია, რომ არჩევნები მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიგო და ქვეყანას მეხუთე პრეზიდენტად ქალბატონი ზურაბიშვილი ეყოლება.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურში გამარჯვებულის ვინაობაზე ბოლო წუთამდე ნარჩუნდებოდა ინტრიგა, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები მიუთითებდა, რომ მეორე ტურს ზურაბიშვილი „ოცნების“ სრული მობილიზაციისა და გააქტიურების გამო მოიგებდა.

თუ თქვენთვისაც მოულოდნელი არ იყო არჩევნების შედეგები, იმის გათვალისწინებით, რომ ამ არჩევნების შედეგებს მრავალგვარი განზომილება ჰქონდა, თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და იმას, რომ ამჯერადაც ხალხმა „ნაციონალებს“ „ოცნება“ ამჯობინა?

- პირველ რიგში მინდა ყველას მივულოცო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიანი დასრულება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ახლა ვსწავლობთ არჩევნების დემოკრატიას, მშვიდობიანად გადაწყვეტილების მიღებას.

ის, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდობიანად წარიმართა და „ნაციონალები“ ვერ შეძლებენ ქვეყანაში არეულობის ორგანიზებას, ეს „პატრიოტთა ალიანსის“ დამსახურებაა

ასევე მინდა მივულოცო ქალბატონ სალომეს, რომელიც უკვე პრაქტიკულად გამარჯვებულია. ეს სერიოზული მიღწევაა ნებისმიერი ადამიანისთვის და რა თქმა უნდა, ქალბატონი სალომესთვისაც. ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ ვუსურვებ მას იგი ყოფილიყოს საქართველოს წარმატებული პრეზიდენტი.

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელი იყო თუ არა არჩევნების შედეგები - ჩემთვის მოსალოდნელი იყო. განცდა იმისა, რომ „ნაციონალები“ შეეცდებოდნენ ვითარების ესკალაციაზე წასვლას, ნამდვილად იყო. შექმნილ ვითარებაში ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ დაეხმარა „პატრიოტთა ალიანსი“.

„ნაციონალებმა“ მიიღეს იმათი ხმები, ვინც განაწყენებულია „ოცნებაზე“ და უიმედოდ აფასებს „ქართული ოცნების“ მმართველობის 6 წელს

მხედველობაში მაქვს ის, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში გამართულ აქციაზე დიდი რაოდენობით მხარდამჭერები ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამოიყვანა. ხალხმა მათ მხარი დაუჭირა იმაში, რომ ხელისუფლებაში ბოროტება არ დაბრუნებულიყო.

ის, რომ არჩევნების მეორე ტური მშვიდობიანად წარიმართა და „ნაციონალები" ვერ შეძლებენ ქვეყანაში არეულობის ორგანიზებას, ეს „პატრიოტთა ალიანსის“ დამსახურებაა.

- “ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ შანსი გაერთიანებული ოპოზიცია დაამარცხონ 300 ათასი ხმით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც „ნაციონალები“ ქართულ პოლიტიკურ ველზე მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ინარჩუნებენ.

თუ მეორე ტურამდე ბევრი ხუმრობდა იმის თაობაზე, რომ ამ არჩევნებს უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე - ვინ უფრო სძულს ამომრჩეველს - „ოცნება“ თუ „ნაციონალები" გაირკვა, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა თითქმის თანაწონადებიც კი არიან.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნები კი წააგო, მაგრამ ამ არჩევნების შედეგებმა მას 2020 წლის არჩევნების მოგების საკმაოდ დიდი შანსები გაუჩინა.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა გახლდათ იმის მიზეზი, რომ „ნაცმოძრაობას“ არ დაუკარგავს მხარდამჭერები, მეტიც, მას გაუჩნდა შანსი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებაზე იფიქროს?

- „ნაცმოძრაობამ“ მიიღო თავისი მაქსიმუმი. „ნაციონალებმა“ მიიღეს იმათი ხმები, ვინც განაწყენებულია „ოცნებაზე“ და უიმედოდ აფასებს „ქართული ოცნების“ მმართველობის 6 წელს.

რეალურად, ამ არჩევნებში დამარცხდა „ევროპული საქართველო“... მეორე ტურის შემდეგ „ნაციონალების“ მხარდაჭერით მათ საკუთარ თავს სერიოზული ზიანი მიაყენეს... მათთვის ყველაზე კარგი ვარიანტია შეუერთდნენ „ნაციონალებს“, რადგან მათ დამოუკიდებლად არსებობის რესურსი თავადვე გაფანტეს

რეალურად, ამ არჩევნებში დამარცხდა „ევროპული საქართველო“. მას შემდეგ, რაც ისინი გამოეყვნენ „ნაცმოძრაობას“, სულ იმას ამტკიცებდნენ, რომ არ იყვნენ „ნაცები“, უპირისპირდებოდნენ სააკაშვილს. მეორე ტურის შემდეგ „ნაციონალების“ მხარდაჭერით მათ საკუთარ თავს სერიოზული ზიანი მიაყენეს.

„ევრონაცების“ კვლავ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრება და მათ მიერ კვლავ იმის მტკიცება, რომ არ იზიარებენ სააკაშვილის ლიდერობას, საზოგადოებისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება. მათთვის ყველაზე კარგი ვარიანტია შეუერთდნენ „ნაციონალებს“. ასეა იმის გამო, რომ მათ დამოუკიდებლად არსებობის რესურსი თავადვე გაფანტეს.

ქვეყანა არის ორად გახლეჩილი, მაგრამ ქვეყანა ორად გახლეჩილია 30 წელიწადია. საკმარისია გავიხსენოთ ის გახლეჩილობა, რომელიც იყო გამსახურდიას მმართველობის დროს. გახლეჩილობა კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა ქვეყანაში მოხდა სამხედრო გადატრიალება. შევარდნაძის დროსაც იყო გახლეჩილობა.

თუ ივანიშვილმა ეკონომიკას ერთ წელიწადში არ მიხედა, პოზიტიური ტრენდი არ შექმნა და პოზიტიური ტენდენცია არ აჩვენა,“ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ნამდვილად გაუჭირდება

რაც შეეხება „ნაციონალების" შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თუ ივანიშვილი თავის დაპირებას ქვეყანაში ვითარების გამოსწორებაზე ვერ შეასრულებს, „ნაცმოძრაობას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარმატების მიღწევის შანსი ექნება.

ხელისუფლებას ყველაზე მეტად უჭირს ეკონომიკაში. თუ ივანიშვილმა ეკონომიკას ერთ წელიწადში არ მიხედა, პოზიტიური ტრენდი არ შექმნა და პოზიტიური ტენდენცია არ აჩვენა,“ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ნამდვილად გაუჭირდება.

- გაერთიანებული ოპოზიცია საუბრობს ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე, ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო მობილიზაციაზე, ასევე საარჩევნო პროცესში „ძველი ბიჭების“ ჩართულობაზე.

რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ხელისუფლებამ, რომ მას ადმინისტრაციული რესურსი ზედმეტად არ გამოუყენებია ფაქტია, რომ არჩევნების შემდეგ მოქალაქეები ერთმანეთსა და ქვეყანას „არჩევნებად წოდებული ვაკხანალიის მშვიდობიანად დასრულებას ულოცავდნენ“. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების მიმდინარეობას და ამ პროცესში ხელისუფლების ჩართულობას?

- ძალიან რთული არჩევნები იყო. აშკარად უფრო რთული, ვიდრე თუნდაც პირველი ტური ანდა საპარლამენტო არჩევნები. ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩააბარებს გამოცდას მთავრობა.

არჩევნების მსვლელობისას ყველა დამნაშავე და ყველა დამრღვევი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს. ვიმეორებ ამის გაკეთება მთავრობისთვის სერიოზული გამოცდააა

ვგულისხმობ იმას, რომ სადაც კი იყო დარღვეული კანონი არჩევნების მსვლელობისას, მასზე უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება. არჩევნების მსვლელობისას კანონის ყველა დამრღვევი და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს. ვიმეორებ, ამის გაკეთება მთავრობისთვის სერიოზული გამოცდააა.

- დარჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ისევე იქცეოდა, როგორც თავის დროზე არჩევნებზე „ნაციონალები“ მოქმედებდნენ, ვგულისხმობ კოორდინატორებისა და აგიტატორების მობილიზებას.

ახლა იგივე რიტორიკა ჰქონდათ „ნაციონალებს“, როგორი რიტორიკითაც ცდილობდა თავის დროზე ოპოზიცია „ნაციონალებთან" ბრძოლას. ორივე მხარე იყენებდა იგივე ტექნოლოგიებს, ოღონდ ამჯერად „ოცნების“ რეჟისურით, თუმცა ცუდი შესრულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით ბევრი არც არაფერი შეცვლილა...

- საქმე იმაში გახლავთ რომ “ქართულ ოცნებაში“ არის ბევრი პორტირებული „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი. სხვათა შორის, ხალხს ამის გამოც აქვს პრეტენზიები მმართველი ძალის მიმართ. ამ პორტირებულმა ხალხმა სხვანაირად არ იცის არჩევნების ჩატარება. ისინი ზუსტად იმას აკეთებდნენ, რასაც ავალებდნენ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს.

ახლა „ოცნებას“ უპირველესად „ნაციონალებიდან“ პორტირებულებისაგან გასათავისუფლებლად პირველი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს

მე ვთვლი, რომ „ოცნებისთვის“ ეკონომიკა ნომერ პირველი პრობლემაა, მაგრამ ახლა „ოცნებას“ უპირველესად „ნაციონალებიდან“ პორტირებულებისგან გასათავისუფლებლად პირველი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

- გამოდის, „ოცნებაში“ პირველი ვიოლინოს როლს პორტირებული „ნაციონალები“ ასრულებენ?

- სამწუხაროდ, ასეა. შესაძლოა, ყველა პირველი ვიოლინოს როლს ვერ თამაშობს, მაგრამ, ფაქტია, რომ პორტირებულთა ძალიან დიდი ნაწილი „ოცნებაში“ წამყვან პოზიციებზეა. ეს ის კატეგორიაა, რომლებიც „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ და არანაირი პროტესტის გრძნობა არ ჰქონიათ იმ რეჟიმის მიმართ, რომელსაც ემსახურებოდნენ.

არ გამოვრიცხავ, რომ მათ ბოროტება არ ჩაუდენიათ, მაგრამ ბოროტებაზე თვალს ხუჭავდნენ. „ოცნებისთვის“ მათი შენარჩუნება, ვინც „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ და ახლა მმართველ გუნდში ლიდერთა პოზიციაზე არიან, წამგებიანი იქნება.

- სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა არ აღიარონ არჩევნების ლეგიტიმურობა. წარმოუდგენელია მას არ ესმოდეს, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არაა, შესაბამისად, გაუგებარია მისი მოწოდებაც.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველი ტურის შემდეგ სააკაშვილის გაკეთებულმა განცხადებებმა საქართველოში დაბრუნებაზე „ძალა ერთობაშიას“ ავნო. მეტიც, ზურაბიშვილის გამარჯვებაში მას წვლილიც კი აქვს შეტანილი. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა რეაქცია ექნება ერთი მხრივ საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ გაერთიანებულ ოპოზიციას სააკაშვილის მოწოდებაზე?

- პირველ რიგში, მინდა ტერმინი გაერთიანებული ოპოზიცია დავივიწყოთ. ამ გაერთიანებაში პატარ-პატარა პარტიებია, რომლებსაც არანაირი რეიტინგი არ აქვთ. მასში ძირითადად არის „ნაცმოძრაობა“, რომლებსაც დაუბრუნდა „ევროპული საქართველო“.

სააკაშვილი აშკარად არაადეკვატურია. ქვეყანაში ნამდვილად არ არის რევოლუციური სიტუაცია

რაც შეეხება სააკაშვილს. სააკაშვილი აშკარად არაადეკვატურია. ქვეყანაში ნამდვილად არ არის რევოლუციური სიტუაცია. 2003 წელს ხალხი თვეობით და წლობით ვერ იღებდა პენსიას, ხელფასს, იყო ენერგეტიკული კრიზისი, რაც ქმნიდა რევოლუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ საფუძველს რევოლუციური განწყობებისთვის. ახლა ამის მსგავსი არაფერი ხდება.

სააკაშვილის ოცნებაა, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და საპროტესტო აქციები დაიწყონ. არადა, ამის საფუძველი აშკარად არ არის. „პატრიოტების“ აქციამ დაგვანახა, რომ არანაირი საფუძველი არაა, რომ ძველი, ანუ „ნაციონალების“ დრო დაბრუნდეს.

- ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც „ნაციონალები“ არჩევნების შედეგებს აღიარებენ, თავად „ნაციონალები“ დაიწყებენ სააკაშვილისგან დისტანცირებას...

- შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ რამდენად გამოუვათ, ძნელი სათქმელია. ამგვარი მცდელობა ჰქონდათ „ევროპულ საქართველოს“, მაგრამ მათ ეს პროცესი თავად ჩააფლავეს. „ნაცმოძრაობას“ ერთი მხრივ ძალიან გაუჭირდება სააკაშვილისგან დისტანცირება, ხოლო მეორე მხრივ გაუჭირდებათ სააკაშვილის ტვირთისგან გათავისუფლება და წარსულის ჩამორეცხვა.

ყოველთვის დარჩება პოლიტიკური ბირთვი, რომელიც იქნება სააკაშვილის ერთგული... მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ეს ბირთვი ქვეყნისთვის ვეღარ იქნება საშიში. გაიხსენეთ, სტალინი დიდი ხანია ცოცხალი აღარაა, მაგრამ მისი ერთგული ადამიანები არა მარტო საქართველოში, საქართველოს გარეთაც ბევრნი არიან. აღარ არის ცოცხალი გამსახურდია, მაგრამ მისი მხარდამჭერთა ბირთვი ქვეყანაში არსებობს.

ყოველთვის დარჩება პოლიტიკური ბირთვი, რომელიც იქნება სააკაშვილის ერთგული... მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ეს ბირთვი ქვეყნისთვის ვეღარ იქნება საშიში

მე სააკაშვილს არაფერს ცუდს არ ვუსურვებ, მაგრამ რატომ არ შეიძლება ცოცხალ სააკაშვილს ჰყავდეს თავისი მომხრეები და ამ მომხრეების ბირთვი? იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც ბრმად სწამთ და ბრმად უყვართ მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ, ფაქტია ისიც, რომ ეს ბირთვი ქვეყნისთვის ვეღარ იქნება.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე არჩევნების შედეგებს აღიარებს, მაგრამ ახლად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას არ მიულოცავს...

- თუ მიულოცავს, მისთვის უკეთესია, ხოლო თუ არ მიულოცავს, ამით ქალბატონ სალომეს ბევრი არც არაფერი დააკლდება.

- ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება, მაგრამ იქვე დასძინა - „უარი უნდა ვთქვათ წარსულზე.“ სავარაუდოდ, „ნაციონალების“ მმართველობა ჰქონდა მხედველობაში.

არჩევნებმა აჩვენა, რომ „ნაციონალების წარსულის“ დავიწყება საკმაოზე მეტ მოქალაქეს არც უფიქრია. თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს ახალი პრეზიდენტი „ნაციონალებთან“ თანამშრომლობას?

- ქალბატონმა სალომემ პირველი ტურის შემდეგ საკმაოდ სერიოზული გაკვეთილი მიიღო. მას ეგონა, რომ რადგან იგი საქართველოში საფრანგეთიდან ჩამოვიდა, პრეზიდენტობას ხონჩით მიართმევდნენ. გამოვიდა, რომ ეს ასე არაა.

მეორე ტურში კი მისი ფოტოც კი ხშირ შემთხვევაში ბილბორდებიდან გაქრა. მას მოიხსენიებდნენ 48 ნომრად. მისი სახელისა და გვარის გასწვრივ კი სხვა პოლიტიკოსების ფოტოები იყო.

ზურაბიშვილს ბევრ რამეზე მოუწევს დაფიქრება, რომ მართლაც იყოს დამოუკიდებელი პრეზიდენტი და ის შეცდომები, რომელიც მან, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა დაუშვა, ახლა პრეზიდენტის პოსტზე მას აღარ ეპატიება

ეს მისთვის სერიოზული გაფრთხილება გახლდათ ქართველი ამომრჩევლის მხრიდან. ახლა მას ამ თემებზე მოუწევს დაფიქრება, ვითარების გაანალიზება. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ასაკიც უწყობს ხელს, რომ უფრო დინჯად და ბრძნულად მიიღოს გადაწყვეტილებები. ზურაბიშვილს ბევრ რამეზე მოუწევს დაფიქრება, რომ მართლაც იყოს დამოუკიდებელი პრეზიდენტი და ის შეცდომები, რომელიც მან, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა დაუშვა, ახლა პრეზიდენტის პოსტზე მას აღარ ეპატიება.

- თქვენი აზრით, „ნაციონალებთან“ ურთიერთობის რა გზას აირჩევს ივანიშვილი?

- თუ ივანიშვილმა “ნაციონალებთან“ ურთიერთობის ის გზა აირჩია, რომელსაც კოჰაბიტაცია ერქვა, ეს გაუგებარი იქნება. კოჰაბიტაცია არსებობდა რეალურად მაშინ, როცა სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, ადგილობრივი ხელისუფლება „ნაციონალების“ იყო, ხოლო პარლამენტი და მთავრობა „ქართული ოცნების“.

თუ ივანიშვილმა “ნაციონალებთან“ ურთიერთობის ის გზა აირჩია, რომელსაც კოჰაბიტაცია ერქვა, ეს გაუგებარი იქნება

მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ პრეზიდენტის პოსტიც დაიკავა და ადგილობრივ ხელისუფლებაშიც მოვიდა, კოჰაბიტაცია გაუგებარი გახდა ხალხისთვის. რაც უფრო მალე დაასრულებს ივანიშვილი კოჰაბიტაციას „ნაციონალებთან“, მით უკეთესი იქნება.

- „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა - მინდა საზოგადოებას მადლობა გადავუხადო.. დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ“.

ფაქტია, ხალხმა ივანიშვილსა და „ოცნებას“ კიდევ ერთხელ მისცა დრო ვითარების გამოსასწორებლად. თქვენი აზრით, აქვს თუ არა ივანიშვილს ხალხის ნდობის დაბრუნებისა და ხალხისაგან უკანასკნელად მიცემული შანსის გამოყენების რესურსი?

- თუ დღეს ივანიშვილმა არ დაიწყო მმართველ გუნდში გარკვეული საკადრო წმენდა, არ დააბრუნა ის ხალხი, რომლებსაც თავადაც ენდობა და მათაც საზოგადოებაში ნდობა აქვთ, მას არაფერი გამოუვა.

ივანიშვილს ახლა თავისი დაპირებების შესასრულებლად სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს გადასაწყვეტი. მას ახლა კომპეტენტური ხალხი სჭირდება. თანაც პოლიტიკურად გამოცდილი და საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე ხალხი

მე, მაგალითად, ვისურვებდი რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნებულიყო აქტიურ პოლიტიკაში. ვისურვებდი, რომ ჩამოლაბორანტებული კახი კახიშვილი სამთავრობო პოზიციაზე ყოფილიყო დაწინაურებული. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს თავად დასჭირდეს პრემიერ-მინისტრად დაბრუნება. ასეა იმიტომ, რომ მან საზოგადოების წინაშე პრინციპული ვალდებულება აიღო.

ჩამოწერილი ვალების დაფარვა, ეს ყველაზე ადვილი საქმეა. თუ ასეთი ნაბიჯებით ფიქრობს ივანიშვილი ამ ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სიტუაციის შეცვლას, მას არაფერი არ გამოუვა.

გასაგებია, რომ ამ საახალწლოდ გაჭირვებულ ხალხს ვალებს ჩამოაწერენ და იგი ამ ვალდებულებას შეასრულებს. მაგრამ, ივანიშვილს ახლა თავისი დაპირებების შესასრულებლად სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს გადასაწყვეტი. მას ახლა კომპეტენტური ხალხი სჭირდება. თანაც პოლიტიკურად გამოცდილი და საზოგადოებაში ავტორიტეტის მქონე ხალხი.

„ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს