მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოსკოვთან დიალოგის დაწყება უნდა სცადოს

მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილთან დიალოგი, მისი დაწყების წუთიდანვე, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე იქნება, მიუხედავად ამისა, კოსაჩოვი ამ განცხადებას მაინც აკეთებს, - ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც არეშიძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი აღდგება, რეალურია.

„რამდენად გამოიყენებს ქართული მხარე ამ შესაძლებლობას, არ ვიცი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი საზოგადოების ერთმა ნაწილმა იმიტომ დაუჭირა, რომ მას აქვს რესურსი იმისთვის, რომ აქტიური იყოს საგარეო ურთიერთობების სივრცეში. რადგან საგარეო საქმეთა მინისტრს არ აქვს შესაძლობლობა აქტიური იყოს, მას შეზღუდული აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, საჭიროა ადამიანი, რომელსაც აქვს სახელმწიფო მდგომარეობა. ამავდროულად, აქვს თავისი ფორმატით საშუალებები, რომ აწარმოოს დიალოგი; შექმნას დამატებითი ფორმატები, რომ მოხდეს დეოკუპაცია, თან ეს ყველაფერი მოხდეს მშვიდობიანად.

ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლელი პარტნიორების ძალისხმევის მიუხედავად, სიტუაცია არ იცვლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება საკუთარი ინიციატივები, რომელიც ჩვენი პარტნიორების ძალისხმევასაც ხელს შეუწყობს და დეოკუპაციის პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლის. ახლა ეს შეიძლება ილუზიად მოგვეჩვენოს, მაგრამ ბორდერიზაციის პროცესის გაჩერება, გარკვეულწილად ადამიანის უფლებების დაცვა და ზოგიერთი სხვა საკითხი, ახლავე რომ დღის წესრიგში დგას, ეს ფაქტია; ამას მოვლა სჭირდება. მცდელობას წინ რა უდგას?! სალომე ზურაბიშვილის გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები გარკვეულ იმედს გვაძლევს და ამის გაკეთება შესაძლებელია. რა გამოვა, ვნახოთ, არ გამოვა და ამ ფორმატების შეჩერება ყოველთვის შესაძლებელია. ურთიერთიობის იმ ფორმატს, რომელიც ახლა გვაქვს, ჟენევის ფორმატს ვგულისხმობ, შედეგი არ მოაქვს. კარასინი-აბაშიძემაც როგორც ჩანს, თავისი თავი ამოწურა. იქაც გარკვეული ძვრების მერე სტაგნაციის მომენტია ახლა. ამიტომ ვთვლი, რომ ურთიერთობების დონე შეიძლება აიწიოს, ასეთი ტიპის პრეზიდენტის პირობებში, ამასთანავე, არსებობს რესურსიც იმისა, რომ რაღაცით დავიწყოთ“, - განაცხადა არეშიძემ.

კითხვაზე: არის თუ არა კოსაჩოვის განცხადება რუსეთის მზაობის გამომხატველი? არეშიძე პასუხობს: „კოსაჩოვის განცხადება არის ზონდაჟი“.

„დასკვნებს ვერ გავაკეთებ, რომ მზაობა არის. ზონდაჟი ნამდვილად არის. დიპლომატიური ურთიერთობების ფორმატის შეცვლა ზონდაჟით იწყება და არა პირდაპირ ურთიერთობის გარღვევებით. თან კარგი ის არის, რომ დიპლომატიური კორპუსი ამაში პირდაპირ არ ჩაერთვება. სწორედ ამისთვის იყო ზურაბ აბაშიძის პოსტი შემოღებული, რომ ამ უხერხულობას ავრიდებოდით. საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი უფლება-მოვალეობის თვალსაზრისით, მომგებიანი იქნება, ეს პროცესი დავიწყოთ.

რაც შეეხება პირველი პირების შეხვედრას, ეს შორეული პერსპექტივის თემაა და ამის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ. აქ საინტერესოა ერთი ნიუანსი, მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილთან დიალოგი, მისი დაწყების წუთიდანვე, დეოკუპაციაზე იქნება, მისი ბუნებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, კოსაჩოვი ამას მაინც ამბობს და კრემლთან შეთანხმების გარეშე, კოსაჩოვი ამ განცხადებას ვერ გააკეთებდა. მართალია, დეოკუპაცია ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ პროცესი უნდა დავიწყოთ. ეს არის ჩვენი პარტნიორების რჩევაც. ჩვენს ხელშია ამ საკითხის გააქტიურებაც“, - განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კოსაჩოვი იმედოვნებს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგი აღდგება.

მისი თქმით, არჩევნების შედეგი ზომიერად დადებითია, თუმცა არ გამორიცხავს საქართველოში დაპირისპირებას, უკვე ქუჩის ფორმატში.

„რუსეთის მიმართულებით არ მოველი მკვეთრ ცვლილებებს. თუმცა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოცდილი და პრაგმატული პოლიტიკოსია, მინდა იმედი მქონდეს, რომ დიალოგის სივრცე სულ მცირე არ შემცირდება, უკეთესი იქნება თუ გაიზრდება. დიალოგი ახლა ორივე ქვეყნის ინტერესებშია“, - განაცხადა კოსაჩოვმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა