ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი, ანდრე ჰუნკო მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ დააზარალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. ასე უპასუხა მან შესაბამის კითხვას. მისივე თქმით, არსებობდა პროგრესი, თუმცა რიგ შემთხვევაში იყო რეგრესიც.
"რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმირებას, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანის უფლებათა სასამართლოს სტრასბურგში, თუ თვლით, რომ თქვენი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება იყო დარღვეული. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ შესაძლოა ამან იმოქმედა რეზულტატზე, მაგრამ არა შედეგზე. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები დააზარალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. თუ შეადარებთ მანამდელ არჩევნებს და მეორე ტურს, უთანაბრო სურათი გამოვა, სადღაც პროგრესია და სადღაც რეგრესი", - განაცხადა ანდრეი ჰუნკომ.
მისივე თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მეორე ტურის წინ ვალების ჩამოწერაზე გაკეთებული განცხადება.
"საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა დაადასტურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეშფოთება, წინასაარჩევნო კამპანიისა და პარტიის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გასაოცრად გულუხვი სისტემა და კერძო შემოწირულებები. სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნის პოლიტიკაში ფულის როლის ამგვარმა ზრდამ და კონტროლის ეფექტური მექანიზმის არარსებობამ ხელი არ შეუწყო დემოკრატიული არჩევნების მიმართ მოქალაქეების ნდობის განმტკიცებას", - განაცხადა ჰუნკომ.