ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2018

"ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და "რესპუბლიკელები" ჭოჭმანობენ

"ოცნება“ ზურაბიშვილს ჯერ კარგად ვერც იცნობს და როცა გაიცნობს, უკვე გვიანი იქნება

"ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და რესპუბლიკელები ჭოჭმანობენ

"ბრძოლა იქნება ბოლომდე", "ქურდულ ოცნებას" და მის "ალ კაპონეს" კლანჭებიდან გამოვგლიჯავთ ქვეყანას," - გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. პირველ გამაფრთხილებელ აქციას კი კვირას, 15 საათზე, რუსთაველზე ჩაატარებს“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ნაცმოძრაობა" რევოლუციისთვის ნიადაგს სინჯავს, "ევროპული საქართველო" და რესპუბლიკელები ჭოჭმანობენ

"კვირას საქართველო ფეხზე დადგება და ეტყვის უარს ივანიშვილს" - მიხეილ სააკაშვილმა ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებს სკაიპით მოუწოდა და მის გამოსვლას შეკრებილი ადამიანების ოვაციებიც მოჰყვა - "მიშა, ჩამოდი". მაშინ, როდესაც "ოცნება" სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ზეიმობს და ათონელის რეზიდენციას სასწრაფო წესით არემონტებს, "ნაციონალური მოძრაობა" აქციებისთვის ემზადება. ვინ დაუჭერს მხარს "ნაცმოძრაობას" აქციებსა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაში, ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის. გაერთიანებული ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც გრიგოლ ვაშაძეს პირველ ტურშიც ედგა გვერდით, ამჯერადაც ვაშაძისა და "ნაცმოძრაობის" გვერდითაა, თუმცა მეორე ტურის წინ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდნენ "ევროპული საქართველო" და რესპუბლიკელები და ეს ორი პარტია აპირებს თუ არა "ნაციონალების" პროტესტთან შეერთებას, ჯერ გადაწყვეტილი არა აქვთ. "რეზონანსის" მიერ დასმულ ამ შეკითხვაზე "ევროპული საქართველოს" წევრებმა თქვეს, რომ "შეხვედრა აქვთ და მოგვიანებით გააკეთებენ განცხადებას", რესპუბლიკელებმა კი სატელეფონო ზარებს და სმს გზავნილებს საერთოდ არ უპასუხეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

"საგულისხმოა, რომ არჩევნების მეორე ტურში ეგზიტპოლების გამოცხადებიდან მალევე მიხეილ სააკაშვილი იყო პირველი, ვინც თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და მომხრეებს მოუწოდა, არ ეღიარებინათ შედეგები, მასობრივ დაუმორჩილებლობაზე გადასულიყვნენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოეთხოვათ. მისი ამ მოწოდებიდან რამდენიმე საათში გრიგილ ვაშაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე დღეს მომხრეებთან ერთად ფილარმონიაში შეიკრიბებოდნენ და იქ ერთად გადაწყვეტდნენ სამომავლო სტრატეგიას. "დღეიდან ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს. მომავალი ჩვენია," - ასე მიმართა გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ფილარმონიაში შეკრებილ ადამიანებს. შემდეგ გამოვიდა დამარცხებული პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც თქვა, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და "ქურდულ ოცნებას" და მის "ალ კაპონეს" კლანჭებიდან გამოჰგლეჯენ ქვეყანას. "ესენი, ეტყობა, ბოლომდე არ გვიცნობენ," - თქვა ვაშაძემ და მხარდამჭერებს აუწყა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და არ აღიარებს“, - განაგრძობს გამოცემა.

"მისი თქმით, "საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, პრეზიდენტი ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, რა უსულო საგანიც უნდა შეიტანოს პრეზიდენტის სასახლეში, ის მათი პრეზიდენტი არ იქნება." ვაშაძემ, ასევე, თქვა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს: "გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მოვითხოვთ, რომ არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით. მოვითხოვთ, რომ საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთელი ექსპერტების მიერ. მოვითხოვთ, რომ ქურდული ოცნების მიერ გაგონებული იქნეს ხალხის ხმა." ვაშაძემ განაცხადა, რომ 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მანიფესტაცია გაიმართება. "იმისათვის, რომ ქურდულ ოცნებას კარგად გავაგონოთ ხალხის ხმა, კვირას ჩვენ გვექნება რუსთაველის პროსპექტზე უზარმაზარი მშვიდობიანი მანიფესტაცია. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელიც აჩვენებს ამ ე.წ ხელისუფლებას, რა არის ნამდვილი ევროპელი, ნამდვილი ქართველი," - განაცხადა ვაშაძემ, რასაც ტაში და შეძახილები მოჰყვა - "ბრძოლა, ბრძოლა!", - დასძენს გამოცემა.

"ყველაზე დიდი ოვაცია კი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სკაიპით ჩართვას მოჰყვა. მან განაცხადა, რომ ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად გია ვაშაძე აირჩია და სხვა შედეგში მას ვერავინ დაარწმუნებს. არჩევნების შედეგებში კი დამნაშავე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ხალხი არ დაადანაშაულონ. "ივანიშვილი ცდილობს, რომ ჩვენ დავადანაშაულოთ ჩვენი ხალხი, ეს უკვე დავინახე ზოგიერთ გამონათქვამში, ხალხი კარტოფილზე გაიყიდა, ხალხმა ფული აიღო. რა შუაშია ხალხი, ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა, ნუ ადანაშაულებთ ხალხს, ივანიშვილს ეს უნდა. დამნაშავე მხოლოდ ბინძური ბიძინა ივანიშვილია, საქართველოს დაუძინებელი მტერი. ახლა არის მცდელობა, რომ დავიწყოთ ძებნა ჩვენს რიგებში დამნაშავეების, ეს ივანიშვილის თამაშია, ნურავინ შეჰყვებით თამაშში. დამნაშავე არის მხოლოდ ერთი - საქართველოს მტერი ივანიშვილი. ნახეთ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, ასეთი ცუდი დასკვნები საქართველოს არჩევნებში არ გაკეთებულა 2003 წელსაც კი. ამ დასკვნების თანახმად, არჩევნებზე იყო მასობრივი ძალადობა, გაყალბება," - თქვა სააკაშვილმა. მისი თქმით, "მსოფლიომ ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების ლეგიტიმურობა", კვირას კი საქართველო ფეხზე დადგება და ეტყვის უარს ივანიშვილს. "ჩვენ არ ვაღიარებთ არასდროს გაყალბებული არჩევნების შედეგებს, მსოფლიომ ეჭვქვეშ დააყენა მათი ლეგიტიმურობა და ჩვენ ვინ ვართ, რომ ვაღიაროთ. კვირას ყველანი თავისუფლების მოედანზე, თბილისის ცენტრში, კვირას საქართველო ფეხზე დადგება და ეტყვის უარს ივანიშვილს," - განაცხადა სააკაშვილმა, რასაც მოჰყვა დარბაზში მყოფთა შეძახილები: "ჩამოდი, ჩამოდი!", - წერს სტატიის ავტორი.

"ოცნება“ ზურაბიშვილს ჯერ კარგად ვერც იცნობს და როცა გაიცნობს, უკვე გვიანი იქნება“

"28 ნოემბრის მეორე ტურის წაინასწარი მონაცემები ცნობილია და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალია. ზურაბიშვლმა მილოცვები ლიტვის და საფრანგეთის პრეზიდენტებისგან უკვე მიიღო. როგორი იქნება საქართველოს ქალი პრეზიდენტი და რას უნდა ველოდოთ მისი პრეზიდენტობის დროს. წინასაარჩევნოდ მის დამოუკიდებელ და ჯიუტ ხასიათზე საუბარი არა ერთხელ ყოფილა. თუმცა ანალიტიკოსების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი უფლებები არა აქვს, მისგან დიდ სიურპიზებს მაინც არ უნდა ველოდოთ, თუმცა სანახაობრივად საკმაოდ კარგი საპრეზიდენტო წლები გველის“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოცნება“ ზურაბიშვილს ჯერ კარგად ვერც იცნობს და როცა გაიცნობს, უკვე გვიანი იქნება“

"ანლიტიკოსების შეფასებით, ეს ძალიან სუსტი გამარჯვებაა და ახალ პრეზიდენტს საზოგადოებისგან დიდი ლეგიტიმაცია ვერ ექნება. ასევე ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი თავისი ხასიათიდან გამომდინარე ვერ იქნება გამაერთიანებელი და დამაბალანსებელი პრეზიდენტი. თუმცა, მიუხედავად შეზღუდული უფლებებისა საპრეზიდენტო არჩევნები ივანიშვილისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა და ამისთვის ყველაფერზე წავიდა. „რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი იმასაც კი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ზურაბიშვილის პრეზიდენტობის დროს, საგარეო კურსის ცვლილებაც კი მოხდეს. თუმცა, მისი აზრით, ზუსტად საგარეო კურსის შეცვლის მცდელობისას „ქართული ოცნება" საბოლოოდ დამარცხდება და ეს 2020 წელს მოხდება. ისეთი ხელძღვანლობა გვყავს, რომ ასეთი აკვიატება შემთხვევითი არ იქნება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მცდელობა შეიცვალოს საქართველოს საგარეო კურსი. ოღონდ აი, მაგ ნაწილში მე ჩემი ხალხის მჯერა და ვიცი, რომ არც ივანიშვილს, არც ზურაბიშვილს ამის საშუალებას არ მივცემთ. ეს ხელისუფლების დამარცხების საბოლოო მიზეზი გახდება. იგი ვერ იქნება მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და ამის შესახებ საზოგადოება უკვე გააფრთხილა. ანუ უკვე ნახევარი საქართველო მისთვის მტერია. იმის მაგივრად რომ ხალხისთვის მადლობა გადაეხადა, წავიდა კაბა უნდა გამოვიცვალოო და ეს ადამიანი იზრუნებს ჩვენზე?! სანამ არ უთხრეს, რომ ასეთ დროს ხალხისთვის უნდა მიემართა, ამასც ვერ მიხვდა. სწაორედ ეს ქალი გახდება კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი 2020 წლის არჩევნებს წააგებენ. ივანიშვილი კი თავისი მილიარდებით საერთოდ გაქრება ამ ქვეყნიდან", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. მისი აზრით, ეს საპრეზიდენტო ვადა, ხალხისთვის ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა იქნება. ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი ვერ იქნება იგივე ტიპის დაპირისპირებაში ჩართული მმართველ გუნდთან, როგორც გიორგი მარგველაშვილი, თუმცა გარკვეული კინკლაობა მათ შორის მაინც მოხდება. ზურაბიშვილი საკმაოდ თამამი ადამიანია, ამიტო მისგან ვადის ამოწურვამდე გარკვეულ სიუპრიზებს უნდა ველოდოთ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის სახელისუფლებო ცენტრების ნაწილი, მას ბევრი არც არაფრის გაკეთება ან გაფუჭება არ შეუძლია. უბრალოდ ეს ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა იქნება და ყველა კარგად გავერთობით. მარგველაშვილისგან განსხვავებით მისგან უფრო ბევ აგრესიას უნდა ველოდოთ. სისტემურად ბევრს ვერაფერს დააზიანებს, მაგრამ გასართობი გვექნება", - განაცხადა ხუხაშვილმა“, - დასძენს გამოცემა.

"ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე კი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას გაცილებით მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე მოუტანდა ვაშაძე. მისი აზრით, ის მარგველაშვილზე უფრო მეტად გაჯიუტდება, რადგან საკმაოდ რთული ხასიათის ქალბატონია. შარაშენიძე ამბობს, რომ მას რეალურად „ოცნებაში" ვერ იცნობენ, ხოლო როცა გაიცნობენ, მიხვდებიან, რომ რთულ სიტუაციაში არიან და უკვე გვიანი იქნება. ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილი მარგველაშვილზე მეტად გაჯიუტდება. მას საკმაოდ რთული ხასიათი აქვს და ეს ყველა იმ ადამიანმა იცის, ვინც მასთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. „ოცნება" მას ჯერ ასე კარგად ვერ იცნობს და როცა გაიცნობს, მერე უკვე გვიანი იქნება. ვფიქრობ, რომ ის ხელისუფლებას იმაზე უფრო მეტ პრობლემებს მოუტანს, ვიდრე ეს ვაშაძეს შეეძლო. ასევე მარგველაშვილზე მეტად გაჯიუტდება და მასთან ურთიერთობა ხელისუფლებისთვის მარტივი არ იქნება", - აცხადებს შარაშენიძე“, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა