თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ორგანიზებით, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს, „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფორუმის დაწყებამდე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია ესწრებოდნენ.
როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები სტუმრობენ. ღონისძიებას ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.
„ღონისძიების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს - ღამის ეკონომიკის მერებს და მენეჯერებს. რამდენიმე თვეა სტრატეგიულ დოკუმენტზე ვმუშაობთ და პროცესში მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკვე გავლილი აქვთ ყველა ის ეტაპი, რომელსაც დღეს ჩვენ გავდივართ. ღამის ეკონომიკა ყველაზე ხელშესახები უნდა იყოს თბილისის მცხოვრებლებისთვის. უკვე დავნიშნეთ „ღამის ავტობუსი“, რომლითაც დედაქალაქში დასაქმებული მოქალაქეები სარგებლობენ. თბილისს ღამის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების ხელშეწყობა, ასევე, კრეატიული ინდუსტრიის ჩართულობა საკლუბო ცხოვრების განვითარების პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული უბნის შინაარსობრივი კომპონენტიც გამოვიკვლიოთ, რისთვისაც მასშტაბური შიდა კვლევის ჩატარება იგეგმება“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
მისივე თქმით, ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ასევე, პირველად ტარდება ფესტივალი - Newon, რომელიც ქართველი არისტებისა და მათი ნამუშევრების წარმოჩენაზე იქნება ორიენტირებული. ფესტივალის ადგილმდებარეობა ახლადაღდგენილი ინდუსტრიული არტ ჰაბი ELEKTROWERK-ია.
იხილეთ ვიდეო: თბილისში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი და ფესტივალი Newon იმართება