ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2018

ხათუნა ლაგაზიძე - “ივანიშვილმა საკადრო რევოლუცია უნდა დაიწყოს...”

როგორი იქნება ივანიშვილის “კიდევ ერთი წელიწადი”

ალეკო ელისაშვილი - “ვნანობ და მრცხვენია, ამ არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “ივანიშვილმა საკადრო რევოლუცია უნდა დაიწყოს...”

“სააკაშვილმა როდესაც არჩევნების დასრულებისთანავე ჯარსა და სამართალდამცავებს მიმართა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, ამით მან გაამართლა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო რიტორიკა - სააკაშვილი არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის ემზადებაო. გამოდის, რომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაშიც სააკაშვილი აუცილებლად ეცდებოდა ჩამოსვლას და აქ რევოლუციური პროცესის დაწყებას... რაც შეეხება დღეს ვითარების გამწვავებას, მე ამას არ ველი რამდენიმე ფაქტორის გამო. ჯერ ერთი, დღეს ქვეყანაში არ არის რევოლუციური მუხტი, მათ შორის - არც იმ 800 000 ადამიანში, ვინც ვაშაძეს დაუჭირა მხარი. ეს გამოჩნდა 2 დეკემბრის აქციაზეც. სააკაშვილს არასოდეს დაავიწყდეს, რომ მილიონზე მეტი ადამიანი მასზე კვლავ გაბრაზებულია“, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილმა საკადრო რევოლუცია უნდა დაიწყოს...” / “სააკაშვილს არასოდეს დაავიწყდეს, რომ მილიონზე მეტი ადამიანი მასზე კვლავ გაბრაზებულია” / “ივანიშვილს საკადრო წმენდა დასჭირდება პარტიაშიც და პარლამენტშიც. ჩემი აზრით, პარლამენტში უფრო იოლი იქნება ე.წ. ტოქსიკური პოლიტიკოსების ჩანაცვლება”.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესი, რომელიც დღეს “ნაციონალური მოძრაობის” სერიოზული მოწინააღმდეგეა. როდესაც სააკაშვილმა ხაზარაძესა და რუხაძეს შეუტია, ეგონა, ხალხი მადლიერი დარჩებოდა, რადგან ბანკების წინააღმდეგ ბრძოლა წამოიწყო, მაგრამ ამ მესიჯმა ადრესატამდე ვერ მიაღწია, სამაგიეროდ, ყველა ბიზნესმენმა კარგად დაინახა, რომ ხაზარაძისა და რუხაძის შემდეგ მათი დრო მოვიდოდა და რევოლუციური სცენარის განვითარების შემთხვევაში ისევ ძალისმიერი მეთოდებით დაიწყებდნენ მათგან ფულის ამოღებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პროცესების რევოლუციური განვითარება ძნელად წარმოსადგენია. საყურადღებოა უცხოეთის ფაქტორიც - არც მსოფლიოშია ვინმე მზად აქ სახელმწიფო გადატრიალების სცენარის მხარდასაჭერად; ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პირდაპირ მოუწოდა ოპოზიციას არჩევნების შედეგის აღიარებისკენ... ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ პრაგმატული გათვლის გამო - მიღებული მხარდაჭერის მუხტის იმედი აქვთ და ვიდრე ეს ხმები მობილიზებულია, უნდათ, მეტ წარმატებას მიაღწიონ. ხვდებიან, თუ “ოცნება” მოახერხებს რეფორმების დაწყებას და თანაც პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ძალები გამოვლენ, 2020 წლისთვის ეს ხმები ისევ ნაწილ-ნაწილ დაეშლებათ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“პირველი ტურის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა შეძლო რეალობის სწორად შეფასება, ის გამრუდებული სარკე, რომელშიც ხედავდა დამახინჯებულ რეალობას, დაიმსხვრა და გადაიდგა შექმნილი ვითარების შესაბამისი ნაბიჯები. პირველი გახლავთ ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი წლის შემდეგ პირველად შეძლო და მთლიანად გადაფარა საინფორმაციო სივრცე, როგორც სატელევიზიო, ასევე - სოციალური ქსელების. მეორე ნაბიჯით კი აქამდე თავისუფლად მოცურავე საჯარო პირები გააკონტროლეს, ანუ ხელში აიღეს სახელისუფლებო სტრუქტურების კონტროლი, რაც უშუალოდ არჩევნების დღესაც გამოჩნდა. ამ ორი მიმართულების კონტროლი შედეგიანი აღმოჩნდა; წინააღმდეგ შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოშლილიყო - საქმე ის არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პირველ ტურამდეც და მის მერე განსაკუთრებით, ფიქრობდა, საით წასულიყო. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ძალის ცენტრის და არა პრინციპების მიხედვით. ისინი კარგა ხანს ფიქრობდნენ, საით გადაიხრებოდა არჩევნების სასწორი, რომ იქით წასულიყვნენ... როდესაც ვლაპარაკობთ საინფორმაციო სივრცის გადაფარვაზე, ვგულისხმობთ, რომ პიარკამპანია ააგეს მოსახლეობაში სააკაშვილის რევანშის შიშის გაღვივებაზე, რაც ეფექტიანი გამოდგა, ამაში მათ კარგად შეუწყო ხელი მიხეილ სააკაშვილმაც თავისი აგრესიული განცხადებებით. შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ოცნება” და მიხეილ სააკაშვილი ორ ხმაში მღეროდნენ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მაქვს რამდენიმესვლიანი ფორმულა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს “ქართულმა ოცნებამ”, უფრო სწორად კი, ბიძინა ივანიშვილმა. უპირველესად, ეს არის საკადრო რევოლუცია. ივანიშვილმა უკვე თქვა, რომ ამ მიმართულებით მიდგომების შეცვლას აპირებს და ერთგულების მიხედვით კი არა, პროფესიონალიზმის პრინციპით შეარჩევს კადრებს, მაგრამ ეს ერთ და ორ ადამიანს არ უნდა შეეხოს, ამაში უნდა მოხვდეს გადაწყვეტილების მიმღები პირების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს არ იქნება იოლი... ივანიშვილს საკადრო წმენდა დასჭირდება პარტიაშიც და პარლამენტშიც. ჩემი აზრით, პარლამენტში უფრო იოლი იქნება ე.წ. ტოქსიკური პოლიტიკოსების ჩანაცვლება იმიტომ, რომ ამ უმრავლესობის პირობებშიც კი მოიძებნებიან საინტერესო და საზოგადოებისთვის მისაღები სახეები, რომლებსაც ლიდერებად ჩამოყალიბების საშუალებას აქამდე არ აძლევდნენ, მაგალითად, ლევან კობერიძე, რომან კაკულია და ა.შ. უფრო რთული იქნება ცვლილებები პარტიაში, სადაც თუ უფრო მასობრივ წმენდას დაიწყებს, ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება. ის ადამიანები, ვისაც განზე გასწევენ, ოპოზიციის რიგებს შეემატებიან. ასე რომ, მას არ აქვს იოლი არჩევანის ფუფუნება, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაიწყოს საკადრო წმენდა და ამაში მას მოკავშირედ ეყოლება საზოგადოების დიდი ნაწილი”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“მეორე ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას, არის სახელმწიფოებრივი იდეის შეთავაზება საზოგადოებისთვის. მხოლოდ უფასო ლუკმის ჩადება არ არის საკმარისი. მთავარი კითხვა ასეთია: რატომ გაიზარდა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა რაოდენობა 800 000-მდე? ეს არის “ქართულ ოცნებაზე” გაბრაზებული საპროტესტო ელექტორატი, რომელსაც უნდა, იცოდეს, როგორ სახელმწიფოს აშენებს და სურს, ჰქონდეს ამ მშენებლობაში თანამონაწილეობის განცდა. ეს არის ხალხი, რომელსაც აქტიურობა სურს... მესამე ნაბიჯი უნდა იყოს აგრესიული ანტიკორუფციული კამპანია. ეს პრობლემა რეგიონებში განსაკუთრებულად თვალშისაცემია; რაიონული თუ რეგიონული მასშტაბის მოხელეები უკვე აშკარად სჩადიან კორუფციულ დანაშაულს. რეგიონებში არის განცდა, რომ კომპრომატებით ბრძოლა “ოცნების” ხელწერად იქცა, ანუ ადგილებზე იმიტომ ხუჭავენ კორუფციაზე თვალს, რომ ამგვარი კომპრომატები ამ ადამიანების მართვის კარგი საშუალებაა. კორუფციასთან ბრძოლაშიც საზოგადოების მხარდაჭერა ივანიშვილს გარანტირებული აქვს, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ფასადური... ეს არის, რაც, ჩემი აზრით, ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” უნდა გააკეთონ, თუმცა რას გააკეთებენ, ეს სხვა საკითხია. მას შემდეგ, რაც მან მიიღო, ფაქტობრივად, იგივე შედეგი, რაც 2012 წელს, ანუ მილიონ 200 ათას ამომრჩეველს მიაცემინა ხმა, აშკარად ჩნდება ცდუნება, იფიქრონ, 2020 წელსაც ამ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ და ასე მივაღწევთ წარმატებასო”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

“ივანიშვილს აქვს ორი შესაძლებელი გზიდან არჩევის საშუალება და ნებისმიერი გადაწყვეტილება მისი არჩევანი იქნება; თანაც ორივე შემთხვევაში ის დარჩება ძალისა და გავლენის ცენტრად, თუმცა ერთ შემთხვევაში მას მოუწევს საქმიანობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში მადლიერი საზოგადოების გვერდით, მეორე შემთხვევაში კი მის მიმართ უკმაყოფილება მუდმივად გაიზრდება. პირველი არის დათანხმდეს პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას 2020 წელსვე, პარალელურად კი ხელი შეუწყოს ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალების გამოსვლას. ეს იქნება ქვეყნისთვის ყველაზე კარგი სცენარი. ამ შემთხვევაში მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს, თუმცა ამგვარი პარლამენტის პირობებშიც ის იქნება ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და ძლიერი გავლენის ცენტრი ქვეყანაში. სწორედ მრავალპარტიული პარლამენტი იქნება მისთვის სიმშვიდისა და გავლენის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების გარანტი. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ივანიშვილმა მიზიდულობის ცენტრის ფუნქცია დაკარგა, ძალიან ცდება. ამ გზით ის გათავისუფლდება "ქართულ ოცნებაში" მუხრუჭად და ბალასტად ქცეული კადრებისგანაც. საფრთხე, რომ “ნაციონალები” მოვლენ უმრავლესობით, არარეალურია, რადგან ის 800 000 ამომრჩეველი, რომელმაც დღეს ხმა ვაშაძეს მისცა, საპარლამენტო არჩევნებისას შეიძლება განახევრდეს: განაწილდება სხვადასხვა პარტიაზე, მათ შორის - ახალ პოლიტიკურ ძალებზეც, თუ მათი ხელშეწყობა მოხდა”, - განმარტავს რესპონდენტი.

“მოგეხსენებათ, ამ არჩევნების შეფასება იყო უაღრესად კრიტიკული. მხოლოდ ევროკავშირის წარმომადგენლის შეფასებას გავიხსენებ, რომელმაც განაცხადა, ის, რაც მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების აღებულ ვალდებულებებსო. მას სიმკაცრით არც სხვების შეფასებები ჩამოუვარდებოდა. ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით “ოცნებას”, ფაქტობრივად, წითელი აუნთეს, რის გათვალისწინებაც აუცილებლად დასჭირდებათ. პროპორციულ წესზე გადასვლა დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯიც იქნება. რაც შეეხება ივანიშვილის შესაძლო გადაწყვეტილების მეორე ვარიანტს, ეს იქნება მცდარი ნაბიჯი. სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი გარემოცვა ყველაფერს გააკეთებს, რათა პროცესი სწორედ მეორე სცენარით განვითარდეს, ანუ 2020 წლისთვის ის არ დათმობს მაჟორიტარულ არჩევნებს, თუ ქვეყნის გარედან უპრეცედენტო მოთხოვნა არ გაჩნდა. ისინი, როგორც უკვე აღვნიშნე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის გამოყენებული ტექნოლოგიებით შეეცდებიან წარმატების მიღწევას, ანუ კარგად დაგეგმილი საინფორმაციო შტურმითა და სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლით. ნამდვილად არის საფრთხე, რომ ეს მეორე სცენარი - იოლი გზა ამჯობინონ - ამას გარემოცვა აუცილებლად ეცდება”, - ამბობს ლაგაზიძე.

“ვნახოთ, რას იზამს ივანიშვილი - თუ ის გადაწყვეტს 2020 წელსვე პროპორციული არჩევნების ჩატარებას, ვფიქრობ, ეს მას ისტორიულ პირად აქცევს და ქვეყანას მისცემს განვითარების ახალ რელსებზე გადასვლის საშუალებას... აქვე აღვნიშნავ, რომ “ქართულ ოცნებას” ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება სწორად დაგეგმილი პიარკამპანია. ქვეყანაში ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ჭაობში ცხოვრობენ, რადგან თუ რამ კეთდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, ამის თაობაზეც ვერაფერს ვიგებდით... არადა, სწორედ კარგად აგებული პიარია ხელისუფლების ვალდებულება, საკუთარ მოქალაქეებს ჩააბაროს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ავირჩიეთ პირველი ქალი პრეზიდენტი, რომლის მიმართ ჩვენში სკეპტიკური დამოკიდებულებაა...” - პასუხობს:

სალომე ზურაბიშვილი კონფრონტაციული ხასიათითა და ქედმაღლობით გამოირჩევა - მის მიმართ საზოგადოების აგრესიული დამოკიდებულების მიზეზი მეტწილად ესეც იყო, თუმცა ჩემთვის საგულისხმო იყო მეორე ტურის შემდეგ მისი პირველი განცხადება, როდესაც თქვა, რომ მზად არის, მოძებნოს იმ ადამიანებთან მისასვლელი გზები, ვინც მისი მხარდამჭერი არ არის. ეს სწორი გზავნილი იყო. რაც შეეხება ბი-ბი-სის რუსული სამსახურისა და ებრაული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუებს, მის საუბარში აქცენტები სწორად იყო დასმული. ყველაზე მეტად მომეწონა მისი განცხადება - ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთთან დასავლეთის დიალოგის პროცესში საქართველოს ინტერესები არ დაზიანდესო. დასავლეთის დღევანდელი პოლიტიკური ელიტისგან სწორედ რომ არ არის გამორიცხული, ვინმეს საქართველოს ფაქტორის სავაჭროდ გამოყენების სურვილი გაუჩნდეს. რას ველი ზურაბიშვილის პრეზიდენტობისგან? კონკრეტულად რამის თქმა გამიჭირდება, რადგან ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი: ერთი - 29 ნოემბრამდე, მეორე - 29 ნოემბრიდან მოყოლებული... რომელ გზას აირჩევს, ამას დრო გვიჩვენებს”.

როგორი იქნება ივანიშვილის “კიდევ ერთი წელიწადი”

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 1 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს და გააღრმავებს საზოგადოებასთან კომუნიკაციას. რა ცვლილებებს გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი და რა შეიძლება გაკეთდეს მომავალი ერთი წლის განმავლობაში ისეთი, რაც 6 წელიწადში ვერ მოხერხდა - პოლიტიკური ექსპერტები გია ხუხაშვილი და კორნელი კაკაჩია მიიჩნევენ, რომ რაიმე წინასწარი დასკვნის გამოტანა რთულია, თუმცა აღნიშნავენ, რომ რამდენიმე მინისტრის ცვლილებით საქმე არ გაკეთდება და ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმები სჭირდება. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს, დეპუტატები ნუკრი ქანთარია და ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება გარდაუვალია, თუმცა ქუცნაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით მმართველ გუნდს არ უსაუბრია სამომავლო გეგმებზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორი იქნება ივანიშვილის “კიდევ ერთი წელიწადი”.

გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ არავინ იცის, სინამდვილეში რას გულისხმობს და რის გაკეთებას აპირებს ბიძინა ივანიშვილი. “სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სიტყვებმა და სიტყვიერმა დაპირებებმა ფასი დაკარგა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვებსაც აღარ აქვს ის წონა. ჩვენ ბევრი დაპირება მოგვისმენია, დანარჩენს კი ვნახავთ. თუ რამეს გააკეთებს სისტემური ცვლილების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელი იქნება და მეც გამიხარდება. მაგრამ, სამწუხაროდ, მოვლენების განვითარება სკეპტიციზმის საფუძველს ქმნის, რადგან ძალიან ბევრი დაპირება არ შესრულებულა. თვითონ წინასაარჩევნო პროცესმაც გამოავლინა ძალიან ბევრი მანკიერება. რამდენად შეუძლია ბიძინა ივანიშვილს სისტემურად რაიმეს შეცვლა, არ ვიცი, ამ წუთში არ მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი. მე არ ვიცი, ივანიშვილი გულში რას ფიქრობს. ვიცი, ქვეყანას რა სჭირდება. შესაძლებელია, ივანიშვილი სხვა რამეს გულისხმობს”, - ამბობს ხუხაშვილი. კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილმა საკადრო ცვლილება იგულისხმა. “მგონია, რომ მან პირველი ტურის შემდეგ იგრძნო, რამდენად დაშორდნენ ის და მისი პარტია ამომრჩევლის ფუნდამენტურ ინტერესებს. მით უმეტეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა, მას, ფაქტობრივად, მოუწევს სამუშაო რეჟიმში ბევრი რაღაცის გაკეთება”, - თვლის კაკაჩია, რომლის თქმით, არ იცის ივანიშვილს ამისთვის “რამდენად ეყოფა ერთი წელიწადი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სავარაუდოდ, პირველ რიგში, საკადრო ცვლილებას გულისხმობს როგორც პარტიის შიგნით, ასევე მთავრობაში, რათა ამით აჩვენოს საკუთარ მომხრეებს, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. არ მგონია, რომ მათ რაიმე ახალი ხედვა გაახმოვანონ, რაც 6 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ ახალი პროგრამებიც დაანონსდეს, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს ეხება. რამდენად პოპულისტური და ხალხს მორგებული იქნება ეს ნაბიჯები, ცალკე საკითხია. უბრალოდ, მართლა იქნება ეს მორგებული მოსახლეობის საჭიროებებს, თუ როგორც წინა საარჩევნო პერიოდებში იყო, გაიცა დაპირებები, რომელიც ძირეულად ვერ ცვლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონიომიკურ მდგომარეობას?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მომავალი ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას უნდა ველოდოთ არა მხოლოდ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხში, არამედ თავად მმართველ გუნდშიც - “ერთი წლის განმავლობაში იწყება მკვეთრი ცვლილებები. ეს იქნება საზოგადოებასთან გაცილებით მეტი კომუნიკაცია; სოციალური მიმართულებითაც იქნება აქტიურობა; არ არის გამორიცხული საკადრო-სტრატეგიული ცვლილება გუნდსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეს შესაძლებელია, მაგრამ, ბუნებრივია, გვარებსა და სახელებს ვერ დავასახელებ”, - ამბობს ქანთარია. დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ ბევრი პოზიტიური ცვლილება გატარდება. “არ შევკრებილვართ და ჯერ არ გვისაუბრია იმაზე, თუ რას გავაკეთებთ ამ ერთ წელიწადში. ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება და, შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ დამატებით ეს ყველაფერი გაკეთდება”, - ამბობს ქუცნაშვილი. ექსპერტ ხუხაშვილის თქმით, პირველ რიგში, სისტემური ხასიათის ცვლილება სჭირდება ქვეყანას. მინისტრთა კაბინეტში მინიმალურ დონეზე გატარებული ცვლილება საკმარისი არ იქნება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ფაქტია, რომ სისტემური ცვლილებაა გასატარებელი. პერსონალიების კოსმეტიკური გამოცვლა, ორი და სამი მინისტრის ჩანაცვლება ამ ყველაფერს არ შველის. თვითონ მმართველობითი სისტემის კრიზისია ქვეყანაში, ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციებია კორუფციასთან დაკავშირებით და ა.შ. სხვადასხვა ჯგუფთან მიმართებით ამ არჩევნებს მოჰყვა ძალიან ბევრი ახალი პრობლემური ვალდებულების აღება ხელისუფლების მხრიდან. ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ვითარება კი არ გაუმჯობესდა, რეფორმების წინაპირობები კი არ გამარტივებულა, არამედ, პირიქით, საარჩევნო კამპანიის დროს კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები ოპტიმისტი, თუმცა მირჩევნია, რომ მეშლებოდეს და ყველაფერი კარგად იყოს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენთტან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“კორნელი კაკაჩიას აზრით, საზოგადოებასთან კომუნიკაცია, პირველ ყოვლისა, არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ პარტიის პრეროგატივაა. საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხში კი ბევრი პარტია და მათ შორის “ქართული ოცნებაც” მოსწყდა რეალობას. “მგონია, რომ ეს თვითონ ივანიშვილს იმდენად არ ეხება, რამდენადაც მის პარტიას, რომელიც ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა, როგორც პოლიტიკური პარტია. პარტიის მოვალეობაა, რომ ამომრჩეველთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევნები იმართება ან ახლოვდება. ამ კუთხით ბევრი ქართული პარტია და “ოცნებაც” მოსწყდა ამომრჩეველს. მათ ალბათ მოუწევთ ამის გადახედვა. მნიშვნელოვანია, რა უნდა ხალხს, ამომრჩეველს, ეს მოთხოვნები კი ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული”, - თქვა კორნელი კაკაჩიამ. ნუკრი ქანთარიას თქმით, საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად აქტიური შრომაა საჭირო და ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ”, - დასძენს გამოცემა.

“უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება მინისტრებს, პარლამენტს. მაქსიმალურად უნდა მოხერხდეს სრულყოფილი კომუნიკაციის დამყარება. უნდა შეიქმნას ერთი გამოკვეთილი მექანიზმი. ამავდროულად, დამატებითი სოციალური შემწეობის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის დახმარების საკითხი უნდა დარეგულირდეს. ხალხმა უნდა დაინახოს ტენდენციები, უნდა შენიშნოს ის, რომ ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება. რეფორმებს ველი პროკურატორისაგან და სასამართლოსგანაც. რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, ჩემი აზრით, უნდა მოხდეს. ამ ცვლილებებსაც ელოდება ხალხი და ითხოვს ამ ყველაფერს”, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ნუკრი ქანთარია.

ალეკო ელისაშვილი - “ვნანობ და მრცხვენია, ამ არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე”

“ივანიშვილმა დაგვიდასტურა, რომ ხელისუფლების სულ მცირე დათმობისაც პანიკურად ეშინია, მისთვის წაგება სისუსტის ნიშანია. ისეთი ვერტიკალი შექმნა, რომელიც პატარა სისუსტის ჩვენებისასაც კი ჩამოემხობა თავზე და ამიტომ ყველაფერზე წავა, კარტოფილისა და ფულის დარიგებით თუ ე.წ. ძველი ბიჭების დახმარებით დამთავრებული. ამ არჩევნებმა ისიც დაადასტურა, რომ პოლიტიკური ველი ორპოლუსიანია - მექრთამე ხელისუფლება და “ნაცმოძრაობა”, რომელსაც უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ის გააკეთოს, რაზეც სააკაშვილი ლაპარაკობს, რომ მეორე დღესვე ვიღაცას დაიჭერს, ვიღაცას ფულს მოატანინებს... ეს საშიში ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს. იმისთვის, რომ ქვეყანა უფსკრულში არ გადაიჩეხოს”, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ალეკო ელისაშვილი: “ვნანობ და მრცხვენია, ამ არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე” / “როდესაც პარლამენტში მილიონერი პარაზიტები არიან წამოსკუპებული, რა ხალხის პრობლემებზე შეიძლება ლაპარაკი?” / “ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია აქეთ შემოგვიერთდეს. ზემოდან ყურებას ყველა მოეშვას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სისტემაა შესაცვლელი და ნურავინ დაიჩემებს, რომ ეს მისი იდეაა”.

“ორივე ძირითადი მოთამაშე გუშინწინდელი დღეა, ორივე ფიქრობს, რომ ხალხის გაჭირვებას სათავისოდ გამოიყენებს, მისცემს 5 კილოგრამ კარტოფილს და მოისყიდის. მთელი საარჩევნო კამპანია ეს იყო და არანაირი იდეა, მომავლის ხედვა... თუნდაც შარშანდელი არჩევნები, რომელიც პირადად ჩემთვის ძალიან დაძაბული იყო, გაცილებით კორექტ­ული გახლდათ. იყო ლაპარაკი ხედვებზე, რაც ამ არჩევნებზე არ მოგვისმენია, სანაცვლოდ იყო ისეთი ჭუჭყი, რომ ყველას გული ერევა. დროდადრო ვნანობ და მრცხვენია, ამ არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე. ვფიქრობდი, რომ ჩემზე მეტი შანსი ჰქონდა მარგველაშვილს და ეს მოვუწოდე კიდეც. მე მასზე კი არ ვიწმენდ ხელებს, მაგრამ ახლაც ვფიქრობ, რომ მას მეტი შანსი ჰქონდა, ალტერნატივა გაეჩინა. შემდეგ ვიფიქრე, რომ მომავალი არჩევნებისთვის მოვმზადებულიყავი და ამას ხან ვნანობ, ხან კი ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. ძალიან დასანანია, რომ მთავარსარდლად გვეყოლება ისეთი ადამიანი, ვინც საკუთარ ჯარს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებასა და მძინარე მოქალაქეების დაბომბვაში ადანაშაულებს. ეს ძალიან სამარცხვინოა...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი.

“რამდენიმე თითოკაციანი პარტია რომ მიეტმასნა “ნაციონალებს”, ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია? ეს მხოლოდ წინასაარჩევნო ტრიუკი იყო, ვაშაძის ასოცირება რომ არ მომხდარიყო სააკაშვილთან. სააკაშვილი ევროპაში თბილად არის და სხვებს ეუბნება, აღმართეთ ბარიკადები და შეაკვდით ჩემი გულისთვისო. მან ვერ გააცნობიერა, რომ ვაშაძის ხმების უმეტესობა მისი მხარდამჭერების კი არა, იმ ხალხის იყო, რომელსაც ეს ხელისუფლება ყელში ამოუვიდა. ამიტომ არის საჭირო მრავალპარტიულობა და კოალიციური მთავრობა, რომ საზოგადოებას არჩევანი ჰქონდეს. სულ რომ ფრთიანი ანგელოზებით იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკომპლექტებული, როდესაც ჭარბი ძალაუფლება გაქვს, ცდუნება იმდენად დიდია, ძალაუფლება ცუდად გამოიყენო, ვერ უძლებ. გამოსავალი მრავალპარტიულობაა, რათა მთავრობის ფორმირება მარტივად არ მოხდეს და იყოს დიალოგი, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, კომპრომისი და ა.შ.” - განაგრძობს რესპონდენტი.

“ყველაზე პრინციპული საკითხია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რადგან მაჟორიტარული სისტემა ნებისმიერ პარტიას აძლევს საშუალებას, რომ 10%-ს მიიღებს თუ 30-ს, 90 გახადოს სწორედ მაჟორიტარული სისტემის მეშვეობით. როდესაც ვინმე მეკითხება, გვეშველება რამეო, ვეუბნები, რომ გვეშველება - თუკი სწორედ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება. მაჟორიტარები ამ ქვეყნის პარაზიტები არიან, ქვეყანა მხოლოდ იმიტომ ვერ ვითარდება, რომ ყველა სახელისუფლებო პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით მაჟორიტარების ხარჯზეა წარმოდგენილი. ისინი ადგილობრივი ფეოდალები არიან, იმდენი ხანია, მოკალათდნენ პარლამენტში, რომ თვითონაც აერიათ სათვალავი, თან ყოველთვის სახელისუფლებო პარტიაში. წინასაარჩევნოდ თავიანთ გაღატაკებულ რაიონში ჩადებენ ნახევარ მილიონს, იყიდიან ამომრჩეველს და მერე ტენდერებით ასმაგს იღებენ. თუ ეს სისტემა არ შეიცვალა, არჩევნების მოთხოვნას აზრი არა აქვს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ამოისუნთქავს და წინ წავა. როდესაც პარლამენტში მილიონერი პარაზიტები არიან წამოსკუპებული, რა ხალხის პრობლემებზე შეიძლება ლაპარაკი? ხალხში დაგროვებული უკმაყოფილების ორთქლი ერთ დღესაც გამოშვებას მოითხოვს. პროცესები რევოლუციური გზით მაშინ ვითარდება, როდესაც ხელისუფლება ჯიუტად არ თმობს არაფერს. თუ ივანიშვილი მაჟორიტარულ სისტემას ახლავე არ დათმობს, მაშინ დაქოქილი უნდა ჰყავდეს თვითმფრინავი, რადგან როდის დაამხობს გამწარებული ხალხი, არავინ იცის. გაზაფხულისთვის ვითარება ძალიან დაიძაბება და ამას უნდა ხვდებოდეს”, - დაასკვნის ელისაშვილი და შეკითხვაზე - “გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს ეს მოთხოვნა და შეუერთდებით?” - პასუხობს:

“ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია აქეთ შემოგვიერთდეს. ზემოდან ყურებას ყველა მოეშვას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სისტემაა შესაცვლელი და ნურავინ დაიჩემებს, რომ ეს მისი იდეაა".

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა