ირმა ინაშვილი პროკურატურისგან და შსს-გან ითხოვს, ჩატარდეს გამოძიება, მეორე ტურში „ნაცმოძრაობის“ მიერ მიღებული 780 ათასი ხმის რეალურობის დადგენის მიზნით

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი პროკურატურისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს, ჩატარდეს გამოძიება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული „თითქოსდა 780 ათასი ხმის რეალურობის დადგენის მიზნით“.

როგორც ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის კითხვები გააჩინა იმან, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 3 000 ადამიანზე მეტი ვერ შეკრიბა.

ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს „პოლიტიკურ აფერისტობას და ყალთაბანდობას, რომელშიც ჩართული არიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე სააკაშვილ-ბოკერიები“.

„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაახლოებით 3 000 ამომრჩეველი შეკრიბა. რეალურად, ამ აქციის ორგანიზება მოხდა 25 ნოემბრის ჩვენი აქციის საპირწონედ. 25 ნოემბრის აქციაში 100 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. აქციაში მონაწილეობდნენ ადამიანები, როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან. რაც არ უნდა გაბერონ მონაცემები, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში 3 000 ადამიანი მონაწილეობდა. მე ვსვამ კითხვებს, თუ პარტიას რეალურად ჰყავს 780 ათასი ამომრჩეველი, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე რატომ მოდის 3 000 ადამიანზე ნაკლები? შეუძლებელია რეალურად ამდენი ამომრჩეველი გყავდეს და შენს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე არ იდგეს მინიმუმ 30 ათასი ადამიანი. მე ვითხოვ, შს სამინისტრომ და პროკურატურამ, სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული 780 ათასი ხმის რეალურობის დადგენის მიზნით. ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ამ აფერისტობაში მონაწილეობენ როგორც სააკაშვილ-ბოკერია, ისე მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან რიგი თანამდებობის პირები. ვსვამ კიდევ კითხვას, როგორ ხდება, რომ არჩევნების პირველ ტურზე მოდის 1 600 ათასი ამომრჩეველი და სააკაშვილ-ბოკერიებს უწერენ 780 ათას ხმას, ხოლო არჩევნების მეორე ტურზე მოდის 2 მლნ ამომრჩეველი და მათ ისევ იგივე ხმა რჩებათ? ეს არის სასაცილო. კიდევ მაქვს კითხვა, როგორ ხდება, რომ მსოფლიოში ყველა პარტიას და პოლიტიკოსს და პარტიას ეცვლება რეიტინგი, მაგრამ არ იცვლება რატომღაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი. 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუწერეს 40%-იანი რეიტინგი, გადის 6 წელი და ეს რეიტინგი არ შეიცვალა? ასეთი რამ მსოფლიო პოლიტიკაში არ ხდება. ადგილი აქვს პოლიტიკურ აფერისტობას და ყალთაბანდობას და მასში მონაწილეობენ როგორც სააკაშვილ-ბოკერიები, ისე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დეპუტატი აღნიშნული შეკითხვებით მიმართვავს როგორც ხელისუფლებას, ისე ექსპერტებს და მათგან პასუხებს ითხოვს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო