ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2018

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ კალაძემ "პრაქტიკულად ბოროტმოქმედება გააპრავა“

რისთვის ემზადება ოპოზიცია - რა იქნება 16 დეკემბერს და 16-ის შემდეგ

"ოპოზიცია 16 დეკემბერს შეეცდება, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაშალოს“ - ანჯაფარიძე

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ კალაძემ "პრაქტიკულად ბოროტმოქმედება გააპრავა“

"რასაც დასთეს, იმას მოიმკი", - კახა კალაძის ამ განცხადების გამო გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თბილისის მერმა „ოცნების" მომხრეებს მისი ოჯახის შევიწროებისკენ მოუწოდა და ძალადობისკენ ამ მოწოდებას ის საერთაშორისო ორგანიზაციებს შეატყობინებს. პლუს, ჩარკვიანი კალაძის თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. საქმე იმაშია, რომ 1-ელ დეკემბერს თაკო ჩარკვიანსა დი მის ქმარს ქუთაისის აეროპორტში ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი საცემად დაესხნენ თავს და ამ ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსი დავით მაჭავარიანი აღმოჩნდა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ კალაძემ "პრაქტიკულად ბოროტმოქმედება გააპრავა“

"ამ ფაქტის კომენტირებისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ ძალადობა არავისთვის მისაღები არ არის, თუმცა წინასაარჩევნოდ „რუსთავი 2"-იდან იმდენი აგრესია მოდიოდა, რომ „რასაც დასთეს, იმას მოიმკი" და „ნაციონალებს" შეურაცხყოფა არ უნდა გაუკვირდეთ. კალაძემ ასევე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა დავით მაჭავარიანსაც, რომლის მონაწილეობას ამ თავდასხმაში შსს იძიებს. „რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ხომ იცით ეს გამონათქვამი?! კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, კატეგორიულად მიუღებელია ბულინგი, რასაც გვარამია, ყოფილი გენპროკურორი, აკეთებდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ - ემუქრებოდა ჩარეცხვით, იმუქრებოდა ყველას დაგთვლითო, ვინ უნდა დათვალოს გვარამიამ?!" - განაცხადა კალაძემ. საპასუხოდ თაკო ჩარკვიანმა თქვა, რომ „მერმა პრაქტიკულად მოახდინა შემდგომი ესკალაცია და მოუწოდა დაჯგუფებებს მომავალში ოჯახების შევიწროვებისკენ".„რა თქმა უნდა, ამას გაგრძელება ექნება და ჩვენ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებს შევატყობინებთ ამ ყველაფერს. ჩემი ოჯახი აღმოჩნდა დიდი მოსალოდნელი დარტყმის ქვეშ, რადგან პრაქტიკულად „გააპრავა" ბოროტმოქმედება დედაქალაქის მოქმედმა მერმა", - თქვა ჩარკვიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე“, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი განცხადებით, როგოც განხორციელებულ თავდასხმაზე, ასევე დედაქალაქის მერის განცხადებაზე ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს მიეწოდებათ. ის კალაძის გადადგომას მოითხოვს. თაკო ჩარკვიანი ასევე ამბობს, რომ მის მიმართ სიტყვიერ თავდასხმაში კალაძის მიერ ნაქები დავით მაჭავარიანი მონაწილეობდა და ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, რომელმაც მას უთხრა, რომ "ოჯახით საქართველო უნდა დატოვოს". თბილისის საკრებულო აცხადებს, რომ გავრცელებულ კადრებში, რაც თაკო ჩარკვიანზე თავდასხმის ეპიზოდს ასახავს, ჩანს, რომ მაჭავარიანი თავს არავის დასხმია და ჩხუბში მონაწილეებს აშველებდა. იმავეს ამტკიცებს მაჭავარიანიც. „თავდასხმაში არ ვმონაწილეობდი. თავის მართლებას არ ვაპირებ. თავი იქით მეორე მხარეს აქვს სამართლებელი. ჩემთვის არც 700-ლარიანი გირაო დაუკისრებიათ, დაჯარიმებულიც არ ვარ. ვაშველებდი. კონფლიქტი ჩემს მეგობრებსა და თაკო ჩარკვიანის თანმხლებ პირებს შორის იყო,"- თქვა მაჭავარიანმა“, - განაგრძობს გამოცემა.

"ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მოხდა მისი დაკავება, თუ კონფლიქტში არ მონაწილეობდა, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ედავებოდნენ ფაქტს, თითქოს იქ მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შსს-ს ცნობით, თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს 4 ადამიანი, აქედან ერთი ძალადობაზე, ხოლო სამი - წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით. გამოძიების პირველადი ინფორმაციით თავდასხმა სავარაუდოდ პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა. შსს-ს ცნობითვე, თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამ სამი ადამიანიდან კი ერთი დავით მაჭავარიანია. ამ სამიდან 2 მათგანი 700-700 ლარით დააჯარიმეს. დავით მაჭავარიანის მონაწილეობაზე კი მორიგი სასამართლო პროცესი 12 დეკემბერს გაიმართება“, - წერს სტატიის ავტორი.

რისთვის ემზადება ოპოზიცია - რა იქნება 16 დეკემბერს და 16-ის შემდეგ

"16 დეკემბერს "ოცნება" სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ზეიმს, ხოლო ოპოზიცია მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს. როგორი იქნება ეს დღე და რა სამოქმედო გეგმა აქვს ოპოზიციას 16 დეკემბერს და 16 დეკემბრის შემდეგ? ხელისუფლება ტრადიციისამებრ ისევ იმას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას" გადატრიალება და არეულობა სურს, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან ცოტანი არიან. "ოცნებაში" ასევე ამბობენ, რომ "ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო დასრულდა" და ოპოზიციასთან რაიმე დათმობაზე წასვლა და დიალოგი გამორიცხულია. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე კი "ოცნებას" პარიზის მაგალითით პასუხობს - "პარიზში კვირას მთელი ღამე მიდიოდა ხელჩართული, სტალინგრადის მაგვარი ბრძოლა პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმსა და ყვითელ ჟილეტებს შორის, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ხელისუფლებამ ყვითელ ჟილეტებს შესთავაზა მოლაპარაკება", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რისთვის ემზადება ოპოზიცია – რა იქნება 16 დეკემბერს და 16-ის შემდეგ

"კვირას რუსთაველის გამზირზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" აქცია გამართა და ხელისუფლებას მიმართა, რომ შექმნას სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს დიალოგი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზე. ოპოზიცია „ოცნებას" ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გაუქმებისთვის სარჩელი სასამართლოში შეაქვთ, იწყებენ საქართველოს რეგიონების ხელახლა შემოვლას, ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, არჩევნებამდე კი საარჩევნო სისტემის რეფორმას - არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ხელისუფლებას 16 დეკემბრამდე სთავაზობენ, რომ 5-კაციანი ჯგუფი შექმნას და ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად დიალოგი დაიწყონ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. „ქართულ ოცნებაში" უკვე განაცხადეს, რომ ისინი არც მოლაპარაკებას, არც არჩევნების შედეგების გაუქმებას და არც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას არ აპირებენ“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე ამ თემაზე საუბარსაც კი არასერიოზულად მიიჩნევს. რასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას 5-კაციანი ჯგუფი? ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, შემოიტანოს დაპირისპირება. მთელი არჩევნების განმავლობაში პირდაპირ საუბრობდნენ რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ ქართველი ხალხი არის ბრძენი და შესაბამისი პასუხი გაეცა მათ არჩევნებზე", - განაცხადა კალაძემ. ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ არც საჭიროება და არც სურვილი არ არსებობს, რომ ულტიმატუმი მიიღონ: „დამთავრდა ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო". პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ „შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია", - განაგრძობს გამოცემა.

"ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება თავიდანვე ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობას" წაგების შემდეგ ექნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა, თუმცა, კვირას მათ აქციაზე გამოჩნდა, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არ აქვთ, მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ყველაფერი, რაც გუშინ (კვირას) ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო. მათ შორის, ის ინიციატივები, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა... მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას,"- ამბობს კობახიძე. ხელისუფლების კატეგორიული უარის შემდეგ რა სამოქმედო გეგმა აქვს ოპოზიციას, რომ ხელისუფლება დიალოგზე დაითანხმოს და რა იქნება 16 დეკემბრის შემდეგ? გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველთან" თქვა, რომ ამას მხარდამჭერებს ეტყვიან 16 დეკემბერს და მერე გაიგებენ ჟურნალისტები. მისი თქმით, ინაუგურაცია სადაც უნდა იქ ჩაატარონ, ოპოზიციას სრულიად სხვა გეგმები აქვს და გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი და ყველა, ვინც რამენაირად ასოცირებულია მასთან, არ გავლენ კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებს გარეთ. „გაცილებით უფრო საინტერესო შეთავაზებები გვექნება, ვიდრე რევოლუცია, ქვების სროლა, ლანძღვა-გინება და ა.შ. მე ზუსტად მაქვს განსაზღვრული რა არის დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით და რა სცილდება ყველანაირ ზღვარს. მეზიზღება სიტყვა - რევოლუცია, მეზიზღება სიტყვა - დაპირისპირება, მეზიზღება სიტყვა - შუღლი. ამიტომ მოქალაქეს ბუნებრივად, ღმერთისგან აქვს მინიჭებული პროტესტის გამოხატვის უფლება და პროტესტი და რევოლუცია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ალბათ ბევრისთვის საყვარელი პარიზი, სადაც კვირას მთელი ღამე მიდიოდა ხელჩართული, სტალინგრადის მაგვარი ბრძოლა პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმსა და ყვითელ ჟილეტებს შორის, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ხელისუფლებამ ყვითელ ჟილეტებს შესთავაზა მოლაპარაკება," - დასძენს გამოცემა.

"პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აქციების განახლებას უფრო გაზაფხულიდან ელოდება. რახან ხელისუფლებამ თავისი პოზიცია უკვე განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ამ პოზიციას არ შეიცვლიან. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, რას იზამს და როგორ მიიღებს ამ ვითარებას. გამიჭირდება პროგნოზი, რას მოიფიქრებს ოპოზიცია, მაგრამ მგონი უნდა გაითვალისწინონ არსებული რეალობა და თუ ბრძოლის გაგრძელებაზეა საუბარი, სჯობს პოზიციური ბრძოლა დაიწყონ ხელისუფლებასთან და არა მომენტალური. არ მგონია, რომ დღეს პერმანენტული აქციების რესურსი ჰქონდეთ. გარდა ამისა, 16 დეკემბრიდან იანვრის შუა რიცხვებამდე არის საახალწლო ღონისძიებების დრო, რომელიც პოლიტიკისთვის აბსოლუტურად მკვდარი პერიოდია. ამიტომ, თუ გააქტიურებას გეგმავენ, სჯობს ეს გადადონ გაზაფხულისთვის. ოპოზიციას ძალიან მომგებიანი სიტუაცია აქვს. ყველა დაპირება, რაც ხელისუფლებამ გასცა, ჰკიდია ხელისუფლების კისერზე და თუ ოპოზიცია ძალიან იჩქარებს, შეიძლება უარესი გამოუვიდეთ. ამიტომ სჯობს ნელა და მეთოდურად შეუტიონ,"- ამბობს ძაბირაძე. მისივე თქმით, რამდენად დაიხევს უკან ხელისუფლება, ეს დამოკიდებული იქნება რა მასშტაბის აქციებს გამართავს ოპოზიცია გაზაფხულზე და მთელი ოპოზიციის გაერთიანება მოხერხდება თუ არა. დღეს "ნაცმოძრაობას" საპროტესტო ტალღაზე არც ერთი პარტია არ აჰყვება. კი, პარტიები ამბობენ, რომ საარჩევნო პროცესის ცვლილებას ეთანხმებიან, მაგრამ ერთია თანხმობა და მეორე მობილიზება. ეს პრობლემა აქვს ოპოზიციას, გაერთიანების გარეშე აქციები სარისკოა," - წერს სტატიის ავტორი.

"ოპოზიცია 16 დეკემბერს შეეცდება, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაშალოს“ - ანჯაფარიძე

"რაიმე პროვოკაციული და ძალისმიერი ქმედებები იქნება. ამას გამოიწვევს ის, რომ ოპოზიცია ყველანაირად შეეცდება ეს ინაუგურაციის პროცესი რაღაცნაირად დაჩრდილოს, ხელი შეუშალოს, ჩაშალოს. როგორც ჩანს, არის ერთი ჯგუფი, რომელიც მოტივირებული და წამსვლელია რადიკალურ ქმედებებზე. იქ პროცესებს ჯერ კიდევ სააკაშვილი მართავს და ოპოზიცია განცხადებებით რაღაცნაირად უხერხულად ცდილობს სააკაშვილს გაემიჯნოს, ეს მათი მხრიდან მთლად დამაჯერებელი არ არის," - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას“, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ოპოზიცია 16 დეკემბერს შეეცდება, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩაშალოს“ - ანჯაფარიძე

"ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ინაუგურაციის თარიღი გადატანილ იქნეს და არ ჩატარდეს თბილისში, პარლამენტის ეზოში. ეს გამომდინარე იქიდან, თუ როგორი იქნება სიტუაცია. ბუნებრივია, რომ 16 დეკემბრამდე დარჩენილ დღეებში ხელისუფლებაც ჩამოყალიბდება იმაზე, თუ რა ტაქტიკა აირჩიოს და მათ შორის, სად ჩაატაროს ინაუგურაცია. რამდენიმე ვარიანტი განიხილება ინაუგურაციის ადგილისთვის. ეს იმას ნიშნავს, ხელისუფლება ფიქრობს, რომ შესაძლოა მას მოუწიოს ტრადიციული ადგილის შეცვლა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"გააჩნია 16 დეკემბრამდე რა ტიპის მოვლენებს ექნება ადგილი. პირველი ეს არის, ოპოზიცია ნამდვილად მოახერხებს თუ არა კრიტიკული რაოდენობის მომხრეთა შეკრებასა და ორგანიზებას, რომ აქციაზე დამსწრეთა რაოდენობა გაიზარდოს. ამით კი აჩვენოს, რომ აქციას აქვს წარმომადგენლობითი ხასიათი, რითაც 2 დეკემბრის აქცია დიდად ვერ გამოირჩეოდა. მეორე ფაქტორი ის არის, გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეები თუ რამდენად იქნებიან მზად რადიკალური ქმედებებისკენ. ხალხი შესაძლოა მათ მხადასაჭერად მივიდეს, მაგრამ არის თუ არა მზად რადიკალურ ქმედებაზე, რევოლუციაზე, ეს ჩვენ არ ვიცით. ასეთი განწყობები და ასეთი შეკვეთები მათი მხარდამჭერებიდან არ უნდა მოდიოდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მათი ფაქტობრივი ლიდერი მაინც მიხეილ სააკაშვილია, დიდი ალბათობით ეს ყველაფერი მისი ფინანსებითა და რესურსებით ხორციელდება, ის შეეცდება ტემპერატურა ბოლომდე აწიოს და ხელისუფლებას გარკვეული დისკომფორტი შეუქმნას“, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო