რამაზ საყვარელიძე - პრეზიდენტის ფონდის დატვირთვა სერიოზული იყო და მისი გაუქმება მცდარი ნაბიჯია - პრეზიდენტის მეტისმეტად შევიწროება გამოდის

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, პრეზიდენტისთვის სარეზერვო ფონდის გაუქმება და დაფინანსების შემცირება მისი თანამდებობის მეტისმეტად შემცირებას ნიშნავს, მაშინ, როცა აღნიშნული ფონდის მეშვეობით „ბევრი სიკეთე კეთდებოდა“.

როგორც პოლიტოლოგმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაძლოა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი სხვა რამით ჩანაცვლდეს, რადგან მისი დატვირთვა ძალიან სერიოზული იყო.

„არამგონია, რომ უქმდებოდეს რაიმე შემნაცვლებლის გარეშე სწორედ იმიტომ, რომ მისი დატვირთვა ძალიან სერიოზული იყო. მაშინ ძალიან მცდარ ნაბიჯად ჩაითვლება. მითუმეტეს, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის, რაღაც ნაბიჯების გადადგმისთვის მატერიალური საფუძველი უნდა. მართლა, მეტისმეტად შევიწროება და ამ თანამდებობის ანულირება გამოდის, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია და აკეთებდა კიდეც ამ ფონდის საშუალებით.

ეს პოლიტიკურად წამგებიანი იქნება თვითონ მათ მიერ შეთავაზებული და მათ მიერ გაყვანილი პრეზიდენტის იმიჯისათვის. ეს მეორე მიზეზი, რატომაც მეჩვენება, რომ ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვაქვს ინფორმაცია, რა ხდება ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება. პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით, მაშინ როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.

ასევე, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო