მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა ჯგუფმა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, უფასო კონსულტაციები ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს, 7 დეკემბერს იმერეთში ვიზიტი იგეგმება, რომლის ფარგლებში ექიმი-ნევროლოგები პროფ. ნანა ტატიშვილი, პროფ. თეონა შათირიშვილი, ნევროლოგი-ეეგ სპეციალისტი თამარ ყიფიანი, მოზრდილთა ნევროლოგი ეკა გამცემლიძე კონსულტაციებს ჩაუტარებენ ეპილეფსიაზე საეჭვო, როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილ პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში გადაიღებენ ელექტროენცეფალოგრამას.
„ნევროლოგების გარდა, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ: პედიატრი/პულმონოლოგი პროფ. ივანე ჩხაიძე, ალერგოლოგი ლალი საგინაძე, ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე, ორთოპედ/ტრავმატოლოგი მერაბ ვარძუკაშვილი, ნეფროლოგი/ტოქსიკოლოგი პროფ. ოთარ რუსაძე, გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე, ფსიქოლოგი ლანა აკოფაშვილი, პროგრამის კოორდინატორი შორენა ქართველიშვილი. ვიზიტის ფარგლებში ამბულატორიულ პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო კონსულტაციები, შერჩეულ პაციენტებთან ეეგ-ს გადაიღებენ, ასევე რეგიონის ნევროლოგებთან და ოჯახის ექიმებთან ჩატარდება სამუშაო შეხვედრა ეპილეფსიის დიაგნოსტიკისა და ზედამხედველობის პროგრამასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონსულტაციები დაიწყება 10:00 საათზე, ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, მისამართზე- ჯავახიშვილის ქ. 83.